გადაწყვეტილება №25987/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 25987/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25987/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25987/2/2025).

 

დავის საგანი:

სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2025 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის №20594 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 57 689,74 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 35 617,49

დღგ - (-4 264,51)

საშემოსავლო გადასახადი - 39 882,00

ჯარიმა - 20 984,30

საურავი - 1 087,95

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნავთობ პროდუქტების კერძოდ: დიზელის საწვავის და ბენზინის საწვავის საცალო რეალიზაცია, რომელსაც ახორციელებს ქ. „-------“ -ში „-------“ -ის მეურნეობაში შპს „N1-დან “-დან (ს/ნ „-------“) იჯარით აღებული ავტოგასამართი სადგურიდან. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 28 იანვრიდან, იმავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 28.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (აღრიცხვის ჟურნალები, ხელშეკრულებები, შედარების აქტები, ახსნაგანმარტება), კომპანია ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას პროგრამა „ორისი“-ს საშუალებით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია-დოკუმენტაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თანხამ შეადგინა 172 688 ლარი.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით და დანართი 9-ით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო გონივრული ნაშთი, რამაც საკასო შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით შეადგინა 13 160 ლარი. ამავე მეთოდურის მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, არაგონივრული ნაშთი 159 528 ლარი დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2025 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის №20594 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოების შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, სალაროზე ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი 13 160 ლარი, ძალიან ცოტაა. მომჩივანი ითხოვს საზოგადოების შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, სალაროზე ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, გადაიხედოს და განისაზღვროს რეალური გონივრული ნაღდი ფულის ნაშთი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (აღრიცხვის ჟურნალები, ხელშეკრულებები, შედარების აქტები, ახსნა-განმარტება), კომპანია ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას პროგრამა „ორისი“-ს საშუალებით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თანხამ შეადგინა 172 688 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით და დანართი 9-ით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ), რომლის თანახმადაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო გონივრული ნაშთი, რამაც საკასო შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით შეადგინა 13 160 ლარი. ამავე მეთოდურის მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, არაგონივრული ნაშთი 159 528 ლარი დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საზოგადოების შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, სალაროზე ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, გადაიხედოს და განისაზღვროს რეალური გონივრული ნაღდი ფულის ნაშთი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს დიზელის საწვავის და ბენზინის საწვავის საცალო რეალიზაცია.მომჩივანი გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 28 იანვრიდან, იმავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.გადამხდელმა წარმოადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია-დოკუმენტაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი.არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.