გადაწყვეტილება №21699/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21699/2/2023
07 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21699/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-567 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30911 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 10 505 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 5 380
ჯარიმა - 2 691
საურავი - 2 434
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით თანხის გაცემა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის №16839 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ჯამურად უძრავი ქონების უკან დაბრუნებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 288 268 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 175 533 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, "------"-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №27980 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 320 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 5 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანება 10.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.06.2023 წლის №19658/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2023 წლის დასკვნა, 22.06.2023 წლის №14378 ბრძანება და №006-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 23 585 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 22 362 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14136 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას მომჩივანი ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14345 ბრძანება და №006-278 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 14 267 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ახლად გამოვლენილი გარემოებებით) და 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, შესაძლებლად მიიჩნია დავის დაწყება ახლად გამოვლენილი გარემოებებით და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანება 24.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.12.2023 წლის №21144/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2023 წლის დასკვნა, 14.11.2023 წლის №28034 ბრძანება და №006-567 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 9 742 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 10 505 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 დეკემბრის №30911 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების შესრულების შედეგებზე, გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, ვინაიდან 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა შესაბამისობაშია წარდგენილ დოკუმენტებთან, მისი კორექტირება არ მომხდარა, ხოლო 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა) საგამოძიებო სამსახურის მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე, გათვალისწინებულ იქნა იმ პირთა მიერ გადახდილი პროცენტები, რომლის შესახებ ინფორმაციაც ასახული იყო საგამოძიებო სამსახურის მასალებში.
წარდგენილ საჩივარში გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების შესაბამისად შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელწერილები და აღსანიშნავია, რომ პირების უმეტესობა გამოკითხულია საგამოძიებო სამსახურის მიერ. ხელწერილში და გამოკითხვის მასალებში არსებული ინფორმაცია თანხვედრაშია, 2023 წლის 13 ნოემბერს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში სრულად იქნა გათვალისწინებული აღნიშნული ინფორმაციები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო გარემოება/საკითხი, რაც პირვანდელი საჩივრით არ იყო გასაჩივრებული და შესაბამისად, გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და არ გაითვალისწინა ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლებიც მომჩივნის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი.
ამასთან, 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა აღასრულა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და ელექტრონულ პორტალზე არ არის ატვირთული აღნიშნული მოთხოვნის გაუქმების შედეგად გამოცემული ახალი საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანი ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან, ვინაიდან არასდროს ყოფილა მეწარმე და მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა სრულად თანხვედრაშია აღნიშნულ მასალებთან. შედეგად, ამ ნაწილში კორექტირება არ მომხდარა. 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდა მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე. კერძოდ, პირები, რომელთა გადახდილ პროცენტებზე ინფორმაცია ასახული იყო საგამოძიებო მასალებში, დაკორექტირდა მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები 9 742 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 6 495 ლარი და ჯარიმა - 3 247 ლარი.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №30990 ბრძანება და №006-624 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 26.12.2023 წლის №32972 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.სსკ-ის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.მომჩივანი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).