გადაწყვეტილება №23962/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2024
№ დოკუმენტი 23962/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 23962/2/2024

06 ნოემბერი 202

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 18.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23962/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 16.08.2024 წლის ID--------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19630 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო დავალიანების, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩამოწერის მოთხოვნით 29.07.2024 წელს ID--------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს მომსახურების დეპარტამენტის 16.08.2024 წლის ID---------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19630 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანმა 2019 წელს განახორციელა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელთან დაკავშირებით 2020 წლის 31 მარტამდე წარადგინა 2019 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია დააზუსტა 2022 წლის პირველ მაისს. შესაბამისად, დავალიანება წარმოშობილია 2019 წელს. ამდენად, აღნიშნული ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის ჩამოწერას. ამბობს, რომ დეკლარაციის დაზუსტება არ ახდენს გავლენას დავალიანების წარმოშობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.

ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით მომჩივანს გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: საშემოსავლო გადასახადში 52395.96 ლარი, ქონების გადასახადში

68 ლარი და საურავი 1057 ლარი. 13.03.2021 წელს პირის მიერ წარდგენილი იქნა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც შემცირდა 2020 წლის დარიცხული მიმდინარე გადასახდელები 8733 ლარით, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ჩამოსაწერი დავალიანების დაანგარიშებისას. 01.01.2021 წლიდან 08.08.2024 წლამდე მომჩივნის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 47964.5 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 20.09.2024 წლის №91049-21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანმა 29.07.2024 წელს ID----------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 16.08.2024 წლის ID---------- გადაწყვეტილებით ჩამოწერას არ დაექვემდებარა 01.05.2022 წელს წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის 2019 წლის წლიური შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე 30.11.2020 წლის ვადით (გადამხდელმა ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილით განსაზღვრული გადასახადის გადახდისთვის გათვალისწინებული ვადის გაგრძელებით) დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 151 334,55 ლარის ოდენობით. ასევე, 29.01.2021 წლის ვადით საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 400 ლარი.

01.01.2021 წლის შემდეგ განხორციელებული ოპერაციების გაუთვალისწინებლად, გადასახადის გადამხდელის გპაბ-ზე 31.03.2021 წლის ვადით შემცირებული საშემოსავლო გადასახადით (8733 ლარი) და 20.04.2021 წელს და 23.04.2021 წელს გადახდილი 47 959.91 ლარით და 4 ლარით სრულად დაიფარა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება გადასახადის სახით. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ საურავი 3832.68 ლარი.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2019 წელს განახორციელა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელთან დაკავშირებით 2020 წლის 31 მარტამდე წარადგინა 2019 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია დააზუსტა 2022 წლის პირველ მაისს. შესაბამისად, დავალიანება მომდინარეობს 2019 წელს და დეკლარაციის დაზუსტება არ ახდენს გავლენას მის წარმოშობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით მომჩივანს - 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: საშემოსავლო გადასახადში და ქონების გადასახადში.

13.03.2021 წელს პირის მიერ წარდგენილი იქნა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც შემცირდა 2020 წლის დარიცხული მიმდინარე გადასახდელები, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ჩამოსაწერი დავალიანების დაანგარიშებისას. 01.01.2021 წლიდან 08.08.2024 წლამდე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;309(37დ);252;279;

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანება;