გადაწყვეტილება №27016/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27016/2/2026
16 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:--- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 27.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27016/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2026 წლის №024-14 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 78 317,96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 568
დღგ - 32 406
საშემოსავლო გადასახადი - 14 936
ქონების გადასახადი - 13 696,96
ჯარიმა - 16 053
საურავი - 13 969,96
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე, საქონელი შემოაქვს, როგორც იმპორტით ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 24.04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი.
შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022, 2023 წლების ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაკორექტირების გამო. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის ოჯახის წევრს საკუთრებაში უფიქსირდებათ, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №024-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2025 წლის დასკვნა. დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.04.2025 №24924/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა; - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 3.04.2025 №24924/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირებულა. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და აღნიშნული ცხრილით დაფიქსირებული ფასნამატები გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისა და ერთობლივი შემოსავლების შემცირება. შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა დღგ და წლიური საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმების ოდენობა. ამასთან მეწარმის ერთობლივი შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია დასაბეგრი შემოსავლის შემცირებაც, რამაც გავლენა იქონია ქონების გადასახადის განაკვეთზე. შემცირდა ქონების გადასახადის განაკვეთი და შესაბამისად ქონების გადასახადის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2026 წლის №024-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტით, ასევე საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე. დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი მთლიან ბრუნვაში დაახლოებით 15-20%-ია დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით. ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომლითაც იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა. მომჩივანი არ ეთანხმება ზემოაღნიშნული ფასნამატის გავრცელების მეთოდს, რომელიც აირჩია აუდიტის დეპარტამენტმა, კერძოდ: 20.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული იყო, რომ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ს ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. არსებობს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული პრაქტიკა, რომლითაც „საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში).
მომჩივნის მიერ არც შემოწმების ეტაპზე და არც გასაჩივრების ეტაპზე არ ყოფილა მოთხოვნილი წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში საბოლოო ნაშთების ცვლილების ხარჯზე საშემოსავლო გადასახადის კორექტირება, არამედ, ითხოვდა რომ ინვენტარიზაციის თარიღისთვის დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით მოხდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით. კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნეს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში, ხოლო წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში დაფიქსირებული ნაშთები დარჩეს უცვლელი. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მეწარმის მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და აღნიშნული ცხრილით დაფიქსირებული ფასნამატები იქნა გავრცელებული საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულმა გამოიწვია მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისა და ერთობლივი შემოსავლების შემცირება, შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ისა და წლიური საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხები და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმები.
ამასთან მეწარმის ერთობლივი შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია დასაბეგრი შემოსავლის შემცირებაც, რამაც გავლენა იქონია ქონების გადასახადის განაკვეთზე. შემცირდა ქონების გადასახადის განაკვეთი და შესაბამისად ქონების გადასახადის ძირითადი თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისა და საურავის პატიებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.09.2025 წლის №25597/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბჭოს №25597/2/2025 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და აღნიშნული ცხრილით დაფიქსირებული ფასნამატები გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისა და ერთობლივი შემოსავლების შემცირება. შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა დღგ და წლიური საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმების ოდენობა.
ამასთან მეწარმის ერთობლივი შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია დასაბეგრი შემოსავლის შემცირებაც, რამაც გავლენა იქონია ქონების გადასახადის განაკვეთზე. შემცირდა ქონების გადასახადის განაკვეთი და შესაბამისად ქონების გადასახადის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.