გადაწყვეტილება №18108/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 18108/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18108/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (პ/ნ-------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის 2.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18108/2/2022).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №EL178770 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №AL037440 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 12.09.2022 წლის №23441 ბრძანება.

 

შეფარდებული სანქცია:

ჯარიმა - 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

8.08.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ კონტროლის ზონაში --------ს მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა მომჩივანი. აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. მომჩივნის ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სხეულზე დამაგრებული ჰქონდა არადეკლარირებული/დამალული სიგარეტი – „ZUMERRET“ 580 ღერი (29 კოლოფი). საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №EL178770 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (№69601074706 საქონლის ჩამორთმევის ოქმი). ამასთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 ნაწილის საფუძველზე შედგა 8.08.2022 წლის №AL037440 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.09.2022 წლის №23441 ბრძანებით საჩივარი 8.08.2022 წლის №AL037440 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.09.2022 წლის №23441 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი საჩივარი 2022 წლის 8 აგვისტოს №AL037440 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით განსაზღვრულ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებს და სცილდება შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქმის მასალებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მომჩივნის მიერ არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტი, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია. საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი პირველად არ გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან, უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოქმედი საბაჟო პროცედურები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს №EL178770 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის გულის მანკით დაავადებული, ჰყავს მეუღლე ცეროზით და ფსიქიკურად დაავადებული. ითხოვს გათვალიწინებულ იქნას ოჯახური მდგომარება და ჩამოეწეროს თანხა. არის პენსიონერი და არსად არ მუშაობს. რადგან არ იცოდა, რომ ნაყიდი სიგარეტის საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანა არ შეიძლებოდა ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1552 მუხლით.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №AL037440 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, იგი განეკუთვნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხს, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 12.09.2022 წლის №23441 ბრძანება, 8.08.2022 წლის №AL037440 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „ საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 8.08.2022 წელს მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით, საბაჟო ორგანოსგან მალულად გადააადგილებდა არადეკლარირებულ სიგარეტს „ZUMERRET“ 580 ღერი (29 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.

საბაჟო დეპარტამენტის 7.11.2022 წლის №111649-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, მომჩივანი ხშირად (2022 წლის პირველი იანვრიდან 8 აგვისტომდე პერიოდში 43 გასვლა – შესვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ამასთან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ორი ფაქტი (06/05/2022; 30/06/2022) თამბაქოს ნაწარმზე.

საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.