გადაწყვეტილება №20219/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20219/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20219/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------- 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20219/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.11.2021 წლის №35444 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №007-68 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13760 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 542 790.64 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 278 451

დღგ - 147 645

მიწა- არასასოფლო 48

საშემოსავლო გადასახადი - 130 698

ქონების გადასახადი - 60

ჯარიმა - 138 559

საურავი - 125 780,64

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 18 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ადეკლარირებს შეძენილი სმფ-ის შემოსავლის შესაბამის ბრუნვას, არ აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია მათი დასაწყობების შესახებ, სალარო აპარატის მეშვეობით დაფიქსირებული ბრუნვები აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. ამასთან, მეწარმის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დაფიქსირებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთები თითქმის უტოლდება ან აჭარბებს წლის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების ოდენობას. მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარუდგენია ცნობები ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ და ამ ანგარიშებიდან ამონაწერები, დებიტორ-კრედიტორების ნაშთები. ამასთან, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ინფორმაცია საკუთარი სასაწყობე ფართის არსებობის შესახებ და/ან საწყობის იჯარის ხელშეკრულება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელი ახორციელებს საქონლის რეალიზაციას შეძენის საანგარიშო პერიოდებში და შესაბამისი პერიოდების მიხედვით მოხდა მათი რეალიზებულად მიჩნევა. მეწარმის დოკუმენტური რეალიზაციის (არ აღემატება 5%-ს) მიხედვით, არ ხერხდება საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება და მათი შეპირისპირება თვითღირებულებასთან, ამიტომ შემოწმებით გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების აუდირებული ფასნამატი (საქონლის სახეობების მიხედვით). განხორციელებული შეძენების მიხედვით მიღებული შემოსავლები განაწილდა შესაბამის პერიოდებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 161-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. მეწარმეს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საგადასახადო შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ მომჩივნის წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 40 000 ლარზე მეტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მეწარმეს უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით (ქონების გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ყიდვა-გაყიდვის საიტებზე არსებული მსგავსი ავტომობილების გაცხადებული საშუალო სარეალიზაციო ფასი). საგადასახადო კოდექსის მე-200; 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამის პერიოდზე მიუბმელობისათვის განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ივნისის №21404 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2021 წლის №35444 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების ნაწილში დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 3 071 ლარი, მათ შორის: გადასახადი 2 047 ლარი, ჯარიმა 1 024 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მარტის №007-68 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13760 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მეწარმემ გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილიც.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომმჩივნის არგუმენტაცია

1. არ აქვს საქონლის და საწყობებზე წარმოდგენილი ინფორმაცია, თუმცა საჩივრის მერე გადაწყვეტილებაში ირკვევა, რომ აქვს დაქირავებული სამაღაზიე ფართი და იჯარასაც იხდის, სადაც ინახავს სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს. აუდიტორის შეფასებით მეწარმის დოკუმენტური რეალიზაცია არ აღემატება 5%. 5% ფასნამატი რას ნიშნავს როცა 2018 წელს ფასნამატი აქვს 17%, 2019 -2020 წლებში 26-27%?

მთავარი სადავო საკითხი არაპირდაპირ მეთოდშია, წარმოდგენილ დეკლარაციებში 2018-2019-2020 წლებში საწყისი სასაქონლო მატერიალური მარაგები და საბოლოო მარაგები იგივეა, რაც შემოწმების მონაცემებია, მაგრამ 2020 ნაშთი საბოლოო დეკლარაციით 120 955 ლარია, შემოწმების შედეგით 40 405, გაუგებარია რატომ, საიდან დაადგინა აუდიტორმა საბოლოო მატერიალური მარაგები 2020 წლის? მარაგების თვითნებურად ამოყიდვა რატომ მოახდინა, მაშინ როცა მას რეალურად აქვს დღემდე ეს ძველი მარაგები. დანარჩენ საკითხში და ყველაზე მთავარში, აუდიტორებს 201-2019-2020 წლებში გავრცელებული აქვს ფასნამატი 100%, რის საფუძველზე გაუგებარია და არ აქვს პასუხი, მაშინ როცა დოკუმენტალურად გაყიდული აქვს საქონელი 5-10 %.

აუდიტორი მისი ხასიათით, თუ განწყობით 100% მარჟას უვრცელებს მთლიან ნავაჭრზე. რა ძევს საპირწონედ ამის მტკიცებულებად აუდიტორის მხრიდან?! მისი მხრიდან წარდგენილია გამართული ბუღალტრული ბაზა, საიდანაც იდენტიფიცირებადია შეძენილი საქონელი დასახელებებით, რაოდენობებით, თვითღირებულებით, ასევე გაყიდვის შემთხვევაში იდენტიფიცირებადია თითო საქონლის დასახელება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი. გამოდის რომ ბუღალტრული ბაზა და ზოგადად ბუღალტერია ტყუილად ჰქონია ნაწარმოები და აუდიტი მაინც განწყობების მიხედვით გაუვრცელებს 100 % ფასნამატს, მტკიცებულება სჭირდება რის საფუძველზე აქვს ეს მიდგომა აუდიტს, 100 % მომგებიანი ბიზნესი რამე თუ არსებობს ასწავლოს და ბიზნესის იმ სეგმენტზე გადანაწილდება ისიც.

ითხოვს ხელახლა შესასწავლად გადაეგზავნოს აუდიტს საქონლის ფასნამატის საკითხი და ერთად, მისი ჩართულობით დადგინდეს სიმართლე. ბუღალტრული ბაზა შეისწავლოს კარგად და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. საჩივრის შედეგების მიღების შემდგომ აუდიტორი ხარჯებში უღიარებს მაღაზიის იჯარას, მაგრამ არ უღიარებს საბოლოო-სასააქონლო მატერიალურ მარაგებს, რომელიც იმეორებს, რომ დღემდე გაუყიდავი აქვს და უდევს მაღაზიაში ნაშთად. პანდემიის პერიოდში საქონლის მთლიან ნაშთს რეალიზაციად რომ უღიარებს აუდიტორი და ყოველგვარი საკონტროლო შესყიდვების გარეშე ფასნამატს უვრცელებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რა არის ამის საფუძველი?! მაშინ როცა ბუღალტრული ბაზა გააჩნია და ბაზაში იდენტიფიცირებადია საქონლის დასახელებაც და ფასნამატიც.

ითხოვს გაუქმდეს მთლიანად არასწორად დარიცხული გადასახადები, მოხდეს მისი დოკუმენტაციის შესწავლა, შესაძლებლობა მიეცეს ნორმალურად ეთანამშრომლოს აუდიტს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მეწარმემ წარადგინა კომუნალური და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში. ასევე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გათვალისწინებულია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილიც. შედეგად გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დარიცხული შესაბამისი ჯარიმა.

საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ მითითებულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.11.2021 წლის №35444 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 15.11.2021 წლის №35444 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.11.2021 წლის №35444 ბრძანების აღსრულების შედეგები;

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ ადეკლარირებს შეძენილი სმფ-ის შემოსავლის შესაბამის ბრუნვას, არ აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია მათი დასაწყობების შესახებ, სალარო აპარატის მეშვეობით დაფიქსირებული ბრუნვები აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. ამასთან, მეწარმის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დაფიქსირებული სასაქონლო- მატერიალური 02 ოქტომბერი 2023 N 03/77328 2 ფასეულობების ნაშთები თითქმის უტოლდება ან აჭარბებს წლის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების ოდენობას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)