გადაწყვეტილება №20396/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20396/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20396/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20396/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №074-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14178 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 20 839,07 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 12 213

ჯარიმა - 6 107

საურავი - 2 519,07

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით საბითუმო ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №7732 ბრძანება და ამავე თარიღის №074-9 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14178 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. 2022 წლის 16 ივნისს გაუქმებული აქვს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს უფიქსირდება შავი და ფერადი ლითონების რეალიზაციის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტები (გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები), თუმცა საქონლის შეძენის სასაქონლო ზედნადებები მხოლოდ მცირე ოდენობით აქვს მიღებული. გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ არ გააჩნია დამატებითი დოკუმენტაცია (შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის შესყიდვის აქტები და ჟურნალები). პირი ფიზიკური პირებისგან შეძენის დროს გადახდის წყაროსთან არ აკავებს საშემოსავლო გადასახადს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22702 ბრძანების საფუძველზე, შემოწმებით პირის მიერ დოკუმენტაციის გარეშე შეძენილი საქონლის ღირებულება შემოსავლის 75%-ის ოდენობით ჩაითვალა გაწეულ ხარჯად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 და 154-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი საგადასახადო სანქციების დარიცხვის საფუძველია ის გარემოება, რომ ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისათვის დაკავებული არ იყო ჯართის ღირებულების 3%. მიღებული შემოსავლის თანხის ოდენობის ნაწილში შემოწმების აქტს ეთანხმება, მაგრამ აქტს არ ეთანხმება დარიცხული 3%-იანი გადასახადისა და საგადასახადო სანქციების ნაწილში, ვინაიდან არასწორია 3%-იანი დაბეგვრა, როდესაც მცირე მეწარმე 1%-იანი განაკვეთით იბეგრება. ამის გარდა, მოცემული ბიზნესი (ჯართის შეგროვება და ჩაბარება) პროფესიონალი ბუღალტრის ყოლისა და საგადასახადო კონსულტანტის დაქირავების შესაძლებლობას არ იძლეოდა. შესაბამისად, არსებობს საგადასახადო სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველი არცოდნისა და დაშვებული შეცდომის საფუძველზე. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14178 ბრძანება და 2023 წლის 7 აპრილის №074-9 საგადასახადო მოთხოვნა (მათ შორის სანქციების ნაწილში - საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანი ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვას არ აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამაში. 2022 წლის 16 ივნისს გაიუქმა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი. მომჩივანს უფიქსირდება შავი და ფერადი ლითონების რეალიზაციის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტები, თუმცა შეძენის ზედნადებები მხოლოდ მცირე ოდენობით აქვს მიღებული. გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ არ გააჩნია დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ შავი და ფერადი ლითონების აღრიცხვის შესყიდვის აქტები და ჟურნალები. მომჩივანი პირებისგან შეძენის დროს წყაროსთან არ აკავებს გადასახადს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირებისგან დოკუმენტაციის გარეშე შეძენილი ჯართის ღირებულებად შემოსავლის 75%-ის განსაზღვრა და გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №074-9 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 6 107 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 2 519,07 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილზე, და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №7732 ბრძანება და ამავე თარიღის №074-9 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14178 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 1333; 154; 269 (7).