გადაწყვეტილება №22758/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.08.2024
№ დოკუმენტი 22758/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22758/2/2024

07 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 2.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22758/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21825 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №259-39 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 023,13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 24 834

დღგ - 1 728

საშემოსავლო გადასახადი - 22 772

ქონების გადასახადი - 334

ჯარიმა - 12 247

საურავი - 7 942,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №259-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21825 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21825 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში (2019 წელს), კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს "-------"-ს (პ/ნ "-------"), განხორციელებული აქვს ფულადი შენატანები (მიმდინარე პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა). რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები (2020 წლის იანვარი/თებერვალი) წინ უსწრებს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს (2020 წლის აპრილი). ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული შპს „-------- -ის “ მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №259-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის/ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში 2019 წელს, კომპანიის მაშინდელ დირექტორს/დამფუძნებელს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წინა პერიოდის საბანკო ამონაწერის მიხედვით, კაპიტალში დამფუძნებლის შენატანად განსაზღვრული იყო დაახლოებით 75 000 ლარი, ასევე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დადასტურდა 2019 წლის პერიოდში ძირითადი საშუალებების შესყიდვა, რაზეც დოკუმენტური ხარჯი შეადგენდა 110 737 ლარს. რაც შეეხება 2020 წლის ძირითადი საშუალებების შესყიდვის დოკუმენტურ ხარჯებს, აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის გამოსაქვით ხარჯებში. ამდენად, მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად ჩაითვალა საბანკო ანგარიშზე 2019 წლის განმავლობაში, დამფუძნებლის შეტანილი თანხები, რაც თავის მხრივ, აღნიშნულ პერიოდში ძირითადი საშუალებების შესყიდვას მოხმარდა. თანხის დარჩენილ ნაწილზე კი, არ გამოიკვეთა დამფუძნებლის მიერ მისი კაპიტალში შეტანის ფაქტი. რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები წინ უსწრებდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს. ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული შპს „------ -ის “ მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის შემცირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" ) №86951/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომაზე დასწრებისათვის არ დაკავშირებიან, საბჭომ განიხილა საჩივარი მის გარეშე და არ მიეცა საშუალება, როგორც აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დროს ჩართვის და ასევე შემოსავლების სამსახურში გამოეთქვა პოზიცია და დაერწმუნებინა საბჭო, რომ გადაანგარიშებისას არ იყო სრულყოფილად გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია და გაზიარებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დავალებული საკითხები, რითაც მცირდებოდა გადასახადები.

მიღებულ გადაწყვეტილებას და დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან პირველ საჩივარს ახლდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რითაც ირკვეოდა და დასტურდებოდა საჩივრით დასმული მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა და სათანადო საფუძვლების შემთხვევაში შეემცირებინა დარიცხვა. არ თვლის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ყოველმხრივ სათანადოდ შესწავლილად დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რადგან არ დაკმაყოფილდა ისეთი საკითხები, რაც აშკარად მეტყველებს საწარმოს სასარგებლოდ, რაზეც წარმოადგენს კიდევ ერთხელ არგუმენტაცია/პოზიციას განსახილველად.

გადაწყვეტილების შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზიარებული იქნა ფულადი ნაშთის დამფუძნებლის კაპიტალის შემცირებად განხილვის საკითხი, ნაცვლად დირექტორზე ხელფასად კვალიფიკაციისა. შედეგად 70 524 ლარი (მხოლოდ რაც საბანკო ანგარიშებში ჩანდა დამფუძნებლის შენატანად) ჩაითვალა კაპიტალის დაბრუნებად და ნაწილობრივ შემცირდა დარიცხული გადასახადი, კერძოდ საწარმოს შეუმცირდა სულ 34 570,36 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 17 631 ლარი, ხოლო 16 939,36 ლარი ჯარიმა და საურავი (დანართი №15).

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის/ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში 2019 წელს, კომპანიის მაშინდელ დირექტორს/დამფუძნებელს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წინა პერიოდის საბანკო ამონაწერის მიხედვით, კაპიტალში დამფუძნებლის შენატანად განსაზღვრული იყო დაახლოებით 75 000 ლარი, ასევე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დადასტურდა 2019 წლის პერიოდში ძირითადი საშუალებების შესყიდვა, რაზეც დოკუმენტური ხარჯი შეადგენდა 110 737 ლარს. რაც შეეხება 2020 წლის ძირითადი საშუალებების შესყიდვის დოკუმენტურ ხარჯებს, აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის გამოსაქვით ხარჯებში. ამდენად, მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად ჩაითვალა საბანკო ანგარიშზე 2019 წლის განმავლობაში, დამფუძნებლის შეტანილი თანხები, რაც თავის მხრივ, აღნიშნულ პერიოდში ძირითადი საშუალებების შესყიდვას მოხმარდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

როგორც შემოწმების პოზიციაშია აღნიშნული მათი მიზანი იყო შეესწავლათ ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლენილი ფულადი ნაშთი ჩაეთვალა ხელმძღვანელ პირზე გაცემულ ხელფასად (ნეტო, საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რისთვისაც შემოწმებამ შექმნა ცხრილები, შესამოწმებელი საანგარიშო წლების მიხედვით 2020, 2021, 2022 წლებისათვის (დანართი №№4;5;6;), რასაც დაეყრდნო საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხვისას. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ საკითხში ეს დასაყრდენი ცხრილებია, სადაც შემოწმების მიერ ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ არის თანხების დაბრუნება დამფუძნებელზე (კაპიტალის თანხა 160 000 ლარი, დანართი №№7;8), რომელი თანხებითაც საწარმომ შეიძინა სატრანსპორტო საშუალებები, სულ 2019 და 2020 წლებში შეძენილია 233 143 ლარის 9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება (უნაგირა-საწევარა, ფურგონი ნახევრად მისაბმელი, დანართი №10).

შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ ეს საკითხი გაიზიარა და 70 524 ლარი, რაც მხოლოდ საბანკო ანგარიშებში ჩანდა დამფუძნებლის შენატანად, ეს თანხა ჩათვალა კაპიტალის დაბრუნებად, რამაც ნაწილობრივ შეამცირა დარიცხული გადასახადი, ხოლო ხელშეკრულებით ნაყიდი ტექნიკა, რომელზედაც არ იყო გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები და ფულიც სალაროდან იყო გადახდილი 74 046 ლარი (64 046+10 000), ეს საკითხი არ გაუთვალისწინებია, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარს ახლდა ყველა შეძენილი ტექნიკის დასახელება და ღირებულება, ასევე თან ერთვოდა გადაწყვეტილებები კაპიტალის გაზრდა-შემცირების შესახებ. გარდა ამისა ჩვენ გადაანგარიშების პროცესის დროს შემმოწმებელს შეთავაზა მონაწილეობა (ვალდებულია თვითონვე ჩართოს გადამხდელი პროცესში), მაგრამ გადაანგარიშება მაინც მის გარეშე მოახდინა, რამაც გამოიწვია ჩვენი შემდგომი გასაჩივრების გადაწყვეტილება.

თანხები, რომელიც შემოწმებამ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვალა და დაგვარიცხა დამატებით საშემოსავლო გადასახადი, იყო არა ხელფასი ან მოგების გატანა, არამედ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შემოტანილი თანხის დაბრუნება.

შესაბამისად 161 672 ლარი (2022; 2021; 2022 წ. პერიოდზე), არ უნდა ჩაითვალოს ხელფასად, რადგან სრულყოფილი არგუმენტაცია არსებობს, როგორც დოკუმენტური ასევე გარემოებების სახით, რითაც 160 000 ლარი სრულად უნდა გაეთვალისწინებინა შემოწმებას კაპიტალის შემცირებად. როგორც საბანკო ანგარიშზე შემოტანილი კაპიტალი იქნა გათვალისწინებული, ასევე სალაროში შემოტანილი კაპიტალიც უნდა დაუბრუნდეს დამფუძნებელს დაბეგვრის გარეშე.

ვინაიდან შემოწმება საკითხის კვალიფიკაციის დროს იყენებს სსკ-ის 73-ე მუხლს, შესაბამისად წარმოდგენილი იყო წინა საჩივრის დანართად მხოლოდ დამფუძნებლის გადაწყვეტილებები კაპიტალის გაზრდასა და შემცირებაზე, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო კაპიტალის გაზრდისა და მისი შემცირების დოკუმენტად. თან ამას ემატებოდა შეძენილი ტექნიკის საბუთები. წარმოადგენს სალაროში კაპიტალის გაზრდის დოკუმენტაციას, ხელშეკრულებებს, რითაც შეძენილი იქნა ტექნიკა და მათზე სალაროდან თანხის გადახდის დოკუმენტაციას (დანართი).

აღნიშნულ საკითხში წარმოადგენს 2019 წლის ბანკის ამონაწერს, ცხრილს 2019 წლის ფულის მოძრაობის შესახებ (იგივე პრინციპით, როგორიც შეადგინა შემოწმებამ 2020, 2021 და 2021 წლებზე), დამფუძნებლის გადაწყვეტილებებს, ტექნიკის შეძენის ხელშეკრულებებს (დანართი №№7;8;10;12;13;17).

ითხოვს განხილული იქნას არგუმენტირებული პოზიცია/წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაევალოს შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს საწარმოდან გატანილი ფულადი სახსრები ჩათვალოს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემონატანი თანხების დაბრუნებად. შესაბამისად გაუქმდეს ფულადი ნაშთების (2020, 2021, 2022 წლებში) გაცემულ ხელფასად განხილვის გამო დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ასევე ამასთან დაკავშირებული ჯარიმა და შესაბამისი საურავი.

შემოწმებამ 2020 წლის შემოსავლების გაანგარიშებაში შეიყვანა დამატებითი შემოსავლები, რომელსაც ადგენს საბაჟო დეპარტამენტიდან და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან მიღებული სატრანსპორტო საშულების საზღვრის კვეთების შესახებ მიღებული ინფორმაციით. გარდა საწარმოს მიერ წარდგენილი გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ინვოისებისა, აღმოაჩინა საწარმოს კუთვნილი ფურგონი ნახევრად მისაბმელი ნომრები სხვისი უნაგირა საწევარას საზღვრის კვეთის დროს. ასეთი საზღვრის კვეთები, სადაც კომპანიის კუთვნილი მისაბმელი ფურგონი ფიქსირდება ჩაგვითვალა საწარმოს განხორციელებულ გადაზიდვად და შემოსავლები 2020 წელს გაზარდა 29 635 ლარით (დანართი №14), რაც შემდგომ გაცემულ ხელფასში აისახა, რომელიც დამატებით დარიცხულია და აღნიშნულია მის მიერ პირველ საკითხად.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რითაც ირკვევა, რომ მისაბმელები მარკით: HAMBAUR, SCHMIT S01, სახელმწიფო ნომერი: "-------" გაქირავებულია 2020 წლის 3 იანვრიდან. შემოწმებამ დამატებით შემოსავლების დათვლისას გაითვალისწინა იჯარის ხელშეკრულების არსებობა, ხოლო გარკვეულ პერიოდზე არა, მიუხედავათ იმისა, რომ მისაბმელები გაქირავებული იყო და არ იყენებდა გადაზიდვებში. აღნიშნული მისაბმელები 2020 წელს გასხვისებული იქნა.

აღნიშნულ საკითხში პოზიციის გასამყარებლად წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დამატებებს, სპეციალურად შედგენილს, თარიღის დაზუსტების მიზნით (დანართი №18).

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ითხოვს გათვალისწინებული იქნას იჯარის ხელშეკრულებებში მითითებული იჯარის დაწყების თარიღი 2020 წლის 3 იანვრიდან და დაევალოს შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს 2020 წელს დამატებით შემოსავლებად აღიარებული 29 635 ლარი დანართი №14-ით წარმოდგენილ გადაზიდვების მიმართ. შესაბამისად, შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადი და სანქცია.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ არის თანხების დაბრუნება დამფუძნებელზე (კაპიტალის თანხა 160 000 ლარი). საწარმომ შეიძინა სატრანსპორტო საშუალებები, სულ 2019 და 2020 წლებში შეძენილია 233 143 ლარის 9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. შემოწმებამ არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით ნაყიდი ტექნიკა, რომელზედაც არ იყო გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები და ფულიც სალაროდან იყო გადახდილი 74 046 ლარი. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს ახლდა ყველა შეძენილი ტექნიკის დასახელება და ღირებულება, ასევე თან ერთვოდა გადაწყვეტილებები კაპიტალის გაზრდა-შემცირების შესახებ. თანხები, რომელიც შემოწმებამ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვალა, იყო არა ხელფასი ან მოგების გატანა, არამედ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შემოტანილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად 161 672 ლარი (2022; 2021; 2022 წ. პერიოდზე), არ უნდა ჩაითვალოს ხელფასად, რადგან სრულყოფილი არგუმენტაცია არსებობს. შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რითაც ირკვევა, რომ მისაბმელები მარკით: HAMBAUR, SCHMIT S01, სახელმწიფო ნომერი: "-------" გაქირავებულია 2020 წლის 3 იანვრიდან. შემოწმებამ დამატებით შემოსავლების დათვლისას გაითვალისწინა იჯარის ხელშეკრულების არსებობა, ხოლო გარკვეულ პერიოდზე არა, მიუხედავათ იმისა, რომ მისაბმელები გაქირავებული იყო და არ იყენებდა გადაზიდვებში. აღნიშნული მისაბმელები 2020 წელს გასხვისებული იქნა. აღნიშნულ საკითხში პოზიციის გასამყარებლად წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დამატებებს, სპეციალურად შედგენილს, თარიღის დაზუსტების მიზნით.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ შემოწმების შედეგად არ არის გათვალისწინებული საქართველოს ფარგლებს გარეთ 2020 წელს საწვავის შეძენაზე გადახდილი თანხები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას იჯარის ხელშეკრულებებში მითითებული იჯარის დაწყების თარიღი 2020 წლის 3 იანვრიდან და დაევალოს შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს 2020 წელს დამატებით შემოსავლებად აღიარებული 29 635 ლარი დანართი №14-ით წარმოდგენილ გადაზიდვების მიმართ. შესაბამისად, შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადი და სანქცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს,განხორციელებული აქვს ფულადი შენატანები.რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები წინ უსწრებს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს. ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული მომჩივანის მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,154,161.