გადაწყვეტილება №21686/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.05.2024
№ დოკუმენტი 21686/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21686/2/2023

07 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21686/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №024-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30137 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 511 931 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 269 450

დღგ - 53 598

საშემოსავლო გადასახადი - 215 852

ჯარიმა - 130 526

საურავი - 111 955

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიასა და ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ხორბლის, ქერის, მზესუმზირის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, ასევე, ადგილობრივი შეძენა და შემდგომი რეალიზაცია. ახორციელებს ასევე, ადგილობრივ ბაზარზე არმატურის შესყიდვას და შემდგომ რეალიზაციას. შესამოწმებელ პერიოდში ------- და ------- რაიონში იჯარით აქვს აღებული მიწის ნაკვეთები და თესავს ხორბალსა და ქერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის №16881 ბრძანებით მოცული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას საერთაშორისო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი აღრიცხული აქვს 106 005 ლარის ოდენობით. შემოწმებით, გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ კომპანიას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით უფიქსირდება საზღვრის კვეთები, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საზღვრის კვეთების შესაბამის გადაზიდვებზე, გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხული საერთაშორისო გადაზიდვის საშუალო ფასი (ინვოისებზე დაყრდნობით). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი (სხვაობა) დაკვალიფიცირდა კომპანიაში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დაქირავებულ პირზე კერძოდ, დირექტორზე, შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

2. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი ფლობს სატრანსპორტო საშუალებებს (21 სატვირთო მანქანა და 25 მისაბმელი). შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, კერძოდ, ისეთი სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებებიდან შერჩეულ იქნა მხოლოდ ის ზედნადებები, რომელშიც მყიდველ და გამყიდველ მხარეს არ წარმოადგენდა შპს „-------“ და ამასთან, ისეთი გადაზიდვები რომლიდანაც მიღებული შემოსავალი კომპანიას აღრიცხული არ ჰქონდა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანია ეწეოდა სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებას. ისეთ მარშრუტებზე, რომელზეც კომპანიას წარდგენილი ჰქონდა ინვოისები, გამოყენებულია ინვოისის ფასები, ხოლო სხვა შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებებიდან ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილების მიხედვით, დათვლილია ტრანსპორტირების მანძილი. ტრანსპორტირების ღირებულებად განისაზღვრა, ინვოისებში დაფიქსირებულ გადაზიდვებზე, 1 კილომეტრის საშუალო ფასი. აღნიშნული სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი (სხვაობა) დაკვალიფიცირდა კომპანიაში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დაქირავებულ პირზე კერძოდ, დირექტორზე, შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

3. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა - განმარტება, რომ 2021 წლის სექტემბეროქტომბერში საშემოდგომო თესვის დროს ------- და ------- რაიონში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებზე (ჯამური ფართობი 446 ჰექტარი) დათესილია 222.06 ტონა ხორბალი და 66.7 ტონა ქერი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშებით, საშუალოდ ჰექტარზე დათესილმა ხორბლისა და ქერის რაოდენობამ შეადგინა 640-650 კგ.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით, ვინაიდან ხორბლისა და ქერის თესვის სტანდარტული ნორმა ჰექტარზე შეადგენს შესაბამისად 200 კგ-ს და 100 კგ-ს, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამის პერიოდის სარეალიზაციო ფასით. კომპანიას დღგ-ის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი (სხვაობა) დაკვალიფიცირდა კომპანიაში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დაქირავებულ პირზე კერძოდ, დირექტორზე, შესაბამის პერიოდში ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

4. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების ხელთ არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა დაფარა მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიების დავალიანება. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ვერ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც არარეზიდენტი მომწოდებლების დავალიანების დაფარვას დაადასტურებდა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით (8.07.2019 წ. №22708 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი), განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 97-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გაცემული სესხის შესაბამისად, საბაზრო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33879 ბრძანება და №024-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხების შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებები დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეძენილი საქონლის ღირებულების (კრედიტორული დავალიანების თანხა) დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შესწავლა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4994 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 720 236 ლარით, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №024-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30137 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ დაკორექტირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, იმ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, კომპანიის მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (ნაწილობრივ შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხმები. ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) გათვალისწინებით, შემცირდა შეძენილი საქონლის ღირებულების (კრედიტორული დავალიანების თანხა) დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები. ხოლო, გადასახადის გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, კომპანიის მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვისა და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტების დადასტურება ვერ მოხდა. ასევე, ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან და რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ნაწილობრივ ეთანხმება (კერძოდ ეთანხმება და არ ასაჩივრებს შემოწმების აქტის მე-4, მე-5 და მე-7 საკითხებს) მაგრამ, ნაწილობრივ არ ეთანხმება და ასაჩივრებს ქვემოთ მოყვანილი საკითხების ფარგლებში. ამასთან აღნიშნავს, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე.

საკითხი პირველი - ამ ნაწილში დაერიცხა 118 014 ლარი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემმოწმებლის პოზიციას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ „საზღვრის კვეთა კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით“ არის მხოლოდ გადაადგილების კონსტატაცია და მხოლოდ ეს ფაქტი მომსახურების გაწევას არანაირად არ მოასწავებს. ასეთ „მომსახურებას“ არ იცნობს საგადასახადო კოდექსი.

საზღვრის კვეთის ფაქტებს შესაძლოა მართლაც ქონდა ადგილი, მაგრამ, თუ რომელიღაც ფიზიკურმა პირმა კომპანიისგან დავალების გარეშე, მისი სატრანსპორტო საშუალებით გადაკვეთა საზღვარი (თუნდაც მერე, იქ ფიზიკურ პირს რამე მომსახურება რომც გაეწია თავისი ინიციატივით, თუმცა ეს ჰიპოთეზაა, რომელიც არაფრით დასტურდება), სად არის აქ „კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტი“ ან საერთოდ რა შუაშია კომპანია, მით უმეტეს, რომ ამ ფიზიკურ პირებზე კომპანიას ხელფასი დარიცხული არ აქვს.

აღნიშნული ფაქტები, მაქსიმუმ შეიძლება დაკვალიფიცირებული ყოფილიყო კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლო, მოკლევადიან გამოყენებად ფიზიკური პირების მიერ, რაზეც დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი იქნება განუზომლად ნაკლები. ითხოვს ამ ოპერაციის შესაბამისად დაკვალიფიცირებას;

საკითხი მეორე - დაერიცხა დღგ 60 480 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 84 331 ლარი და შესაბამისი ჯარიმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში საქონლის ტრანსპორტირების დროს, დამკვეთის მიერ დამატებით მოთხოვნის საფუძველზე, ხდება ტრანსპორტირების დასრულების ადგილის ცვლილება/კორექტირება, ახლო ტერიტორიაზე დამატებითი ტვირთის გადატანა. ასეთ დროს, კომპანიების მხრიდან კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების მითითება ემსახურება მხოლოდ ტრანსპორტირების მიზნებს და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა ხდება უსასყიდლოდ, რაშიც გულისხმობს, რომ ეს მომსახურება განიხილება ძირითადი მომსახურების შემადგენელ ნაწილად, რომელიც გადახდილია, ანუ არ ხდება ამ გადაზიდვებიდან რაიმე ფულადი ნაკადების შემოსვლა კომპანიაში. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის უსამართლოა.

მაგალითისათვის მოყავს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა - 9.07.2020 წელს კომპანიამ განახორციელა არმატურის ტრანსპორტირება -------, ------- (ს/ზ ------- და -------). აღნიშნული ორი რეისი გადამისამართდა მყიდველის შპს ------- მიერ სოფ. ------- სოფ. -------, რაზეც მყიდველმა მხარემ გამოწერა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები: ------- და -------.

შემოწმების მიერ, დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას განხილული მომსახურების საფასური, რიგ შემთხვევაში დათვლილია არარეალურად გაზრდილი თანხით. კერძოდ, ყაზბეგი-ბათუმი შეფასებულია 2 850 ლარად, რაც სრულიად არარეალურია.

გამომდინარე აქედან, არ ეთანხმება მე-2 საკითხში დაფიქსირებულ არგუმენტაციას და თუ, საგადასახადო ორგანო სხვა რამე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს (არ გამოუვლენია), მხოლოდ ამ საფუძვლით გადასახადების დამატებით დარიცხვა ასარიდებელია;

საკითხი მესამე - კომპანიას დაერიცხა დღგ 23 351 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 3 269 ლარო და შესაბამისი ჯარიმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2021 წლის შემოდგომა იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიამ დათესა საშემოდგომო ხორბალი და ქერი. გამოუცდელობამ და თესვის დროს გამოყენებული ხორბლის და ქერის დაბალმა ხარისხმა გამოიწვია დაბალი მოსავლიანობა, რის გამოც იძულებული გახდა გამოეყენებინა დათესვის ე.წ. „ჯვარედინი“ მეთოდი, რაც გულისხმობს მოცდენილ ადგილას ხორბლის და ქერის ჩამატებას. აღნიშნულმა ფაქტმა, თავის მხრივ გამოიწვია დათესვის ნორმის გაზრდა. სოფლის მეურნეობაში ასეთი ფაქტები ისეთი ხშირია, როგორც მაგალითად, მოუსავლიანი წლები.

გამომდინარე აქედან, არ ეთანხმება შემოწმების აქტის მე-3 საკითხში მოყვანილ არგუმენტაციას, რადგან რეალურად არ ყოფილა საქონლის რეალიზაცია (არაფერი მიმანიშნებელი ასეთ ფაქტზე საგადასახადო ორგანოს არ გამოუვლენია) და არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადების და ჯარიმა-საურავების გაუქმებას.

იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული წარმოდგენილი ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, ითხოვს დაკისრებული ჯარიმა და საურავების სრულად მოხსნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, რადგან დარიცხვები ძირითადად გამოწვეულია ბიზნესის სპეციფიკით, ბუღალტრული შეცდომებით/არცოდნით და გადასახადებისგან თავის არიდება მიზნად არ ქონია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4994 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 21 სექტემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, კომპანიის მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვისა და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, თუმცა საჩივარში მითითებული არგუმენტების დადასტურება ვერ მოხდა. შედეგად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა;

- იმ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, კომპანიის მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (ნაწილობრივ შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხები;

- ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან და რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა;

- იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დავის ეტაპზე წარადგინა არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიას არარეზიდენტ მომწოდებლებთან დავალიანება არ ერიცხება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

ამგვარად დგინდება, რომ გადაანგარიშების შედეგად, დაკორექტირდა დარიცხული თანხები სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, კომპანიის მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე ნაწილობრივ შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხმები, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) გათვალისწინებით, შემცირდა შეძენილი საქონლის ღირებულების (კრედიტორული დავალიანების თანხა) დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები. ხოლო, გადასახადის გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, კომპანიის მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვისა და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საჩივარში მითითებული არგუმენტების დადასტურება ვერ მოხდა, ასევე, ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან და რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების დამატებით შესწავლის შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტი 28.12.23 წლის №135536-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ საკითხებთან და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აღნიშნავს შემდეგს:

- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილ იქნა საკითხი, თუმცა საჩივარში მითითებული არგუმენტების დადასტურება ვერ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელს დამატებით არგუმენტები და მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი და კვლავ აღნიშნავს, რომ მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და თუ, რომელიმე ფიზიკურმა პირმა, კომპანიას დავალების გარეშე მისი სატრანსპორტო საშუალებით გადაკვეთა საზღვარი, მაქსიმუმ შეიძლება დაკვალიფიცირებული ყოფილიყო კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლო მოკლევადიან გამოყენებად ფიზიკური პირების მიერ და ითხოვს ამ ოპერაციის შესაბამისად დაკვალიფიცირებას;

- მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა იმ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, კომპანიის მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვას. ამასთან მიუთითებდა, რომ მომსახურების საფასური არასწორადაა განსაზღვრული. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (ნაწილობრივ შემცირდა) ზემოაღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელთან ერთად, დამატებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, წარმოდგენილი ინვოისები და ხელშეკრულებები, ასევე შესაბამის „სადავო“ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია და ყოველივეს გათვალისწინებით, ნაწილობრივ შემცირდა ზემოაღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხები.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელს დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი, ხოლო საჩივარში აღნიშნული მაგალითი, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულია (შემცირებულია);

- მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობას და რეალიზებულად განხილვას, განმარტავდა რომ 2021 წლის შემოდგომა იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიამ დათესა საშემოდგომოდ ხორბალი და ქერი, გამოუცდელობამ და თესვის დროს გამოყენებული ხორბლის და ქერის დაბალმა ხარისხმა გამოიწვია დაბალი მოსავლიანობა, რის გამოც, კომპანია იძულებული გახდა გამოეყენებინა დათესვის ე.წ „ჯვარედინი“ მეთოდი, რაც გულისხმობდა მოცდენილ ადგილას ხორბლის და ქერის ჩამატებას და ამ ფაქტმა გამოიწვია დათესვისთვის ნორმის გაზრდა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესწავლილი იქნა საკითხი და შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელს დამატებით არგუმენტები და მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში წარმოადგენს, სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმების აქტში დაფიქსირებულ გარემოებებს, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სადავო საკითხების ნაწილში არ ეთანხმება, როგორც შემმოწმებლის პოზიციას, ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მაგრამ არ უთითებს გარემოებებზე, თუ რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და ვერ იქნებოდა ასახული გადაანგარიშების დასკვნაში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელმა და მისმა წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხდებოდა საზღვრის კვეთა, მაგრამ შემოსავალი არ მიუღია, შესაბამისად არ მოხდა ინფორმაციაში ჩაწერა და დეკლარაციაში ასახვა. თანხა არ მიუღია, თანხის გადახდა არ დასტურდება, ამდენად, მიღებულად არ უნდა ჩათვლილიყო, სალაროს ნაშთზე არ უნდა ემოქმედა და შესაბამისად, თანხა არ უნდა დარიცხოდა ამ კუთხით. გადასახადის გადამხდელს კომუნიკაცია ჰქონდა ფიზიკურ პირთან, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო კომპანიები, რომელთანაც მას ჰქონდა კავშირი რამდენიმე იყო, რომელთან კავშირი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა და შესაბამისად მტკიცებულებას, რომ თანხა არ ჰქონდა მიღებული ვერ მოსთხოვდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, ყიდულობს არმატურას ------- და მიაქვს სხვა ქალაქში, რაც ჩაწერილია სასაქონლო ზედნადებში, მაგრამ ხშირია შემთხვევები, რომ ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მაგალითად ------- კი არ არის, არამედ რომელიმე სოფელია, რაზეც გამოიწერება შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები, მაგრამ შემმოწმებელი თვლის, რომ გადასახადის გადამხდელმა მიიღო დამატებითი შემოსავალი. გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებელს დოკუმენტაცია წარუდგინეს და გარკვეული ნაწილი გათვალისწინებულია, მაგრამ რა არ იქნა გათვალისწინებული მათთვის უცნობია. მესამე საკითხი, რომელიც ეხება ხორბლისა და ქერის თესვის ნორმას, ჰქონდა ხორბლის ნაშთი (სხვა ჯიშის, მე-III-IV კატეგორიის ხორბალი), რომელიც წინა წლებშია შეძენილი, მართალია სათესლე არ იყო, მაგრამ სათესლე რომ ეყიდა ძალიან ძვირი უჯდებოდა, ამიტომ რაც ნაშთი ქონდა ის გამოიყენა, ფაქტიურად მეტი დათესა, ამდენად თანხობრივად ნაკლები დაუჯდა, ვიდრე სათესლე რომ დაეთესა, ანუ ხარჯი ნაკლები გაწია. შეთავაზებული იქნა შემოსავლების სამსახურში განხილვისას, რომ მიიყვანდა მექანიზატორს, ანუ პიროვნებას, რომელიც მუშაობდა და დაუდასტურებდა აღნიშნულს, მაგრამ კომპეტენტური ორგანოდან დასკვნა არ გააჩნია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთა დასტურდება, რაზეც წარდგენილი იქნა მტკიცებულება გათვალისწინებული იქნა, მაგრამ რაზეც ნახეს საზღვრის კვეთა და აღრიცხული არ იყო გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნულ შემთხვევებზე არაპირდაპირი მეთოდით მოხდა დარიცხვა, გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა საკითხის დამატებით შესწავლა, მაგრამ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დადასტურებული მისი არგუმენტები, ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ შემცირდა. რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებს, რომელშიც ფიქსირდებოდა კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, ამ ნაწილში დარიცხვა ნაწილობრივ შემცირდა, რადგან ერთ ნაწილში, რაც შეეხება არმატურის გადაზიდვას, გადამოწმდა 3 კომპანია და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავალი არ მიუღია, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ გადაზიდვებს (ბლოკი, ცემენტი, ავეჯი), არ იქნა გათვალისწინებული, რადგან გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან შესაბამისობა ვერ დადგინდა და ამდენად, ამ ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი. ამასთან სასაქონლო ზედნადებები, თავისი საქონლით, გავლილია გადასახადის გადამხდელთან გადაანგარიშების ეტაპზე, გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილია, მათ შორის საბოლოო ვარიანტი, გადასახადის გადამხდელისათვის. რაც შეეხება ხორბლისა და ქერის თესვის ნორმას, გადასახადის გადამხდელს გათვალისწინებული აქვს ხორბლისა და ქერის თესვისას 1 ჰექტარზე 650 კგ, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმა ჰექტარზე: ხორბლის შემთხვევაში შეადგენს 200 კგ-ს, ქერის თესვისას 100 კგ-ს, ამდენად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად სარეალიზაციო ფასად. აღნიშნულთან დაკავშირებით ამჟამად წარმოდგენილი არგუმენტები ცნობილი იყო, მაგრამ ვერ დაეთანხმნენ, რადგან თესვისას დადგენილი სტანდარტი ცნობილი იყო მათთვის, ხოლო ექსპერტებთან საკითხის გავლისას, სხვა არასტანდარტულ შემთხვევაში (რასაც მომჩივანი აღნიშნავს) ცვლილება ექსპერტმა არ დაადასტურა.

ამგვარად ირკვევა, რომ აღსრულება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით. ხოლო, მომჩივანი არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების დამატებით გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიასა და ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30137 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 982(3-ზ); 101; 269(7)