გადაწყვეტილება №21114/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21114/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 19.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21114/2/2023).
დავის საგანი:
1. საოფისე ფართისა და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17503 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 154 316 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 102 288
დღგ - 98 856
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) – 2 318
ქონების გადასახადი – 1 114
ჯარიმა - 28 017
საურავი - 24 011
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 25.04.2023 წლის №8929 ბრძანება და №006-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17503 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საოფისე ფართისა და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ ----------- (პ/ნ -----------) საოფისე ფართი, რომელიც მდებარეობს ქ. ----------- (ს/კ -----------), 2021 წლის 8 დეკემბერს გაყიდა 425 388 ლარად. 2021 წლის 9 დეკემბერს ასევე, უფიქსირდება არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაცია (ს/კ -----------) 71 850 აშშ დოლარად
(222 670 ლ). რადგან 2021 წლის 8 დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან 12 უწყვეტი თვის განმავლობაში 1 საოფისე ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს (425 388 ლარი), 2021 წლის 8 დეკემბერს გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე და 158-ე მუხლების შესაბამისად, 2021 წლის დეკემბრის თვეში საოფისე ფართისა და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა ჯამში 549 202 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული მიწის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი აქტში აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს ---------- მიერ რეალიზებულია არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა (ს/კ -----------) 71 850 აშშ დოლარად (222 670 ლარად). აღნიშნული თანხა სრულად არის განხილული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად და ჩართული არის 2021 წლის დეკემბრის თვის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვებში. აუდიტორის აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება შემდეგი გარემოების გამო:
2021 წლის 9 დეკემბერს ----------- და შპს ----------- (ს/ნ -----------) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. დანართი №2), რომლის საფუძველზეც მომხდარია 8325 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული 1234 კვ.მ შენობა-ნაგებობის რეალიზაცია. შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე წარმოადგენდა ჩამოწერილ, ამორტიზირებულ ყოფილ ხის დამამუშავებელ საამქროს. აღნიშნული შენობის დემონტაჟზე გაცემული იყო ნებართვა და აუქციონის წესით დემონტაჟის მიზნით გადაცემულ იყო -----------. ვინაიდან შენობის დემონტაჟის შემთხვევაში მიღებული ამონაგები ნაკლები იყო დემონტაჟისთვის გასაწევ ხარჯზე შენობის დემონტაჟი არ განხორციელებულა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ----------- და რაჟდენ ანდღულაძეს შორის გაფორმებულ ნოტარიულად დამოწმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (იხ. დანართი №3), რომლის თანახმადაც მოხდა ამორტიზებული ხის დამამუშავებელი საამქროს შენობის (დამაგრებული მიწის გარეშე) და ამ შენობის დემონტაჟის უფლების შესყიდვა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 8500 ლარი.
აღნიშნული შენობის შეძენა განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ სამტრედიის მუნიციპალიტეტისგან აუქციონის წესით შეეძინა მიწის ნაკვეთი (-----------). როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობის შეძენა მოხდა განცალკევებულად და მისთვის მატერიალურ ღირებულებას წარმოადგენდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ხოლო მასზე დამაგრებულ შენობა ნაგებობა არ განისაზღვრებოდა მატერიალური ღირებულებით მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ფოტო-მასალით (იხ. დანართი №7). ასევე, დასტურდება შპს----------- (ს/ნ -----------) გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, იმ გარემოებით, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს შპს -----------მიერ შესყიდულ იქნა----------- საკუთრებაში არსებული ორი სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 140 000 აშშ დოლარი. საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ორივე მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ღირებულებით. შედარებისთვის მსჯელობაში გამიჯნული აქვს ორი სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი.
პირველ შემთხვევაში განხილულია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა. შპს ----------- (ს/ნ -----------) გაფორმებული 2021 წლის 9 დეკემბრის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეკვიზიტებია ს/კ ----------- , მის: ქ. -----------, ფართობი (სრულად) 8325.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა ნაგებობა №-----------, ფართი 1234 კვ.მ, რომლის ჯამური ღირებულებაც განისაზღვრა 71850 აშშ დოლარით, შესაბამისად კვ.მ-ის ღირებულებამ შეადგინა 8.63 აშშ დოლარი.(იხ. დანართი №2). ხოლო მე-2 შემთხვევაში განხილულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით გაფორმებული მიწის ნაკვეთი. შპს ----------- (ს/ნ -----------) გაფორმებული 2021 წლის 9 დეკემბრის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეკვიზიტებია ს/კ-----------, მის: ქ. -----------, ფართობი (სრულად) 7788.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელის ღირებულებაც განისაზღვრა 68 150.000 აშშ დოლარით, შესაბამისად კვ.მ.-ის ღირებულებამ შეადგინა 8.75 აშშ დოლარი. (იხ. დანართი №4).
ზემოთ მოყვანილი ორი ფაქტობრივი გარემოებიდან დგინდება და უტყუარია ის გარემოება, რომ ცარიელი მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან მიღებული კვ.მ.-დან ამონაგები თანხა აღემატება შენობანაგებობით რეალიზებული მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის ღირებულებას, კერძოდ, 0.12 აშშ დოლარით კვ.მ.-ზე. შესაბამისად ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და უტყუარი ფაქტობრივი გარემოებიდან დგინდება, რომ შპს ----------- (ს/ნ -----------) გაფორმებული 2021 წლის 9 დეკემბრის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეკვიზიტებია ს/კ ----------- მის: ქ. -----------, ----------- ჩიხი -----------, ფართობი (სრულად) 7788.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის კვ.მ.-ის ღირებულებამ შეადგინა 8.75 აშშ დოლარი აღემატება შპს ----------- (ს/ნ -----------) გაფორმებული 2021 წლის 9 დეკემბრის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეკვიზიტებია ს/კ -----------, მის: ქ. -----------, ფართობი (სრულად) 8325.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა ნაგებობა №1, ფართი 1234 კვ.მ., რომლის კვ.მ.-ის ღირებულებამ შეადგინა 8.63 აშშ დოლარი. სხვაობით ერთ კვ.მ.-ზე 0.12 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო კვ.მ.-ის ჯამური სხვაობა შეადგენს (8325 კვ.მ.-7788 კვ.მ.=537კვ.მ.) 537 კვ.მ.-ს. შესაბამისად მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი ამორტიზირებული შენობა-ნაგებობის ფართობი 537 კვ.მ.-ით აღემატება მეორე მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი, რომელიც მცირეა 537 კვ.მ.-ით მისი კვ.მ.-ის ღირებულება 0.12 აშშ დოლარით აღემატება იმ მიწის ნაკვეთის ღირებულებას, რომელზეც განთავსებულია სადავო შენობა-ნაგებობა. შესაბამისად ნათლად ჩანს, რომ გამყიდველის მიერ შენობა-ნაგებობის თანხა არ ყოფილა რაიმე სახის მატერიალური ღირებულების მქონე და აღნიშნულზე გამყიდველს არ მიუღია მატერიალური სარგებელი. აქედან გამომდინარე, ჩანს გამყიდველის კეთილსინდისიერი ქმედება მყიდველის მიმართ ვინაიდან 2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 წლის წინ უკვე ამორტიზირებული შენობა-ნაგებობის ფასი არ განუსაზღვრა მყიდველს.
ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან ნათლად ჩანს, რომ რეალური ნასყიდობის და ინტერესის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი და არა შენობა-ნაგებობა. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შემოწმების მიერ (ს/კ -----------) რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაცია დაკვალიფიცირებული იქნეს, როგორც შენობის რეალიზაცია შეიცვალოს და დაკვალიფიცირდეს, როგორც მიწის ნაკვეთის რეალიზაცია და აღნიშნული ოპერაცია ამოღებულ იქნას 2021 წლის დღგ-ის 18% დასაბეგრი ბრუნვიდან. არსებობს ასეთი დავის პრეცედენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 27 მაისი №10707/2/15 გადაწყვეტილება (იხ. დანართი №5), რომელზეც აპელირებდა საჩივარში დარჩა განუხილველი შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე. რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს მასთან არსებული სიტუაციის იდენტურად რეალიზებული ჰქონდა მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებულ შენობა ნაგებობასთან ერთად, რაც ჩაითვალა შემოწმების მიერ შენობა-ნაგებობის მიწოდებად და დაიბეგრა მთლიანი თანა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების მიწოდებისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მიწის ნაკვეთის შეძენას. მიწის მიწოდების საკომპენსაციო თანხაზე გავლენა შენობა-ნაგებობის მიწოდების საკომპენსაციო თანხას არ მოუხდენია. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს სადავო მიწის იმ ნაწილის პროპორციული ღირებულება (ფასი), რომელზედაც უშუალოდ მდებარეობს შენობა-ნაგებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება.
მოითხოვს შემოწმების მიერ (ს/კ -----------) რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაცია დაკვალიფიცირებული, როგორც შენობის რეალიზაცია შეიცვალოს და დაკვალიფიცირდეს, როგორც მიწის ნაკვეთის რეალიზაცია და აღნიშნული ოპერაცია ამოღებულ იქნას 2021 წლის დღგ-ის 18% დასაბეგრი ბრუნვიდან. უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვს დავის განმხილველმა ორგანომ იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 27 მასის №10707/2/15 გადაწყვეტილებით (იხ. დანართი №5) და შენობა ნაგებობის მიწოდების ფასად განისაზღვროს მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულება და დამატებული იმ მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელზეც უშუალოდ მდებარეობს შენობა-ნაგებობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა
6. მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2023 წლის №----------- წერილის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების მიხედვით დადგინდა, რომ ----------- (სნ -----------) 2021 წლის 9 დეკემბერს განახორციელა რეალიზაცია არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის (ს/კ -----------) 222 670 ლარად (71 850 აშშ დოლარად). საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 159-ე მუხლისა და 160-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის დეკემბრის თვეში არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 188 704 ლარით. ასევე გადასახადის გადამხდელს 2021 წელის 8 დეკემბერს უფიქსირდება საოფისე ფართის რეალიზაცია 425 388 ლარად, რომელიც არ ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული. შესაბამისად შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ ჯამში შეადგინა 549 202 ლარი. რაზეც დაერიცხა შესაბამისი დღგ.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანმა მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება განახორციელა, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, საოფისე ფართისა და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაციის ოპერაციის შედეგად მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 28 017 ლარი და საურავი - 24 011 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული, როგორც გადასახადის გადამხდელი, აღნიშნულ ოპერაციებამდე არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში საჭირო იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. შესაბამისად აღნიშნული სამართალდარღვევა. გამოწვეულია არცოდნით და არ მომხდარა განზრახ გადასახადებისგან თავის არიდება. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საოფისე ფართისა და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ მომჩივანმა 2021 წლის 9 დეკემბერს განახორციელა რეალიზაცია არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის. აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა. ასევე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საოფისე ფართის რეალიზაცია. რომელიც არ ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული. შესაბამისად შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვა გაიზარდა. რაზეც დაერიცხა შესაბამისი დღგ.
2.აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
136(3);158(3);165(2);159(1);160(1);163(1,2,6);164(1);