გადაწყვეტილება №25671/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25671/2/2025
04 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 18.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25671/2/2025).
დავის საგანი:
სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის N 261-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17625 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 76 144.38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 004.07 ლარი;
დღგ - 3 862.72 ლარი;
მოგების გადასახადი - 3 506.62 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 40 634.73 ლარი;
ჯარიმა - 23 918.80 ლარი;
საურავი - 4 221.51 ლარი;
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურება (ქვიშა - ხრეშის/ბალასტის გადაზიდვა ავტობანის მშენებლობისთვის ----- ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის 9 აგვისტოდან 2025 წლის პირველ იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N 1660 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. 2025 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. სალაროს მოძრაობისთვის, გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს გააჩნია დებიტორული დავალიანება 11 900 ლარი, ამავე ინფორმაციით კომპანიის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 82 544 ლარს. ფულის მოძრაობის ანალიზით ვლინდება, რომ სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 151 748 ლარს. სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 151 748 ლარი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად და დარიცხული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 04.07.2025 წლის N 261-11 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს N 17625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2024 წლის 31 დეკემბრისათვის სალაროს ნაშთი უნდა იყოს არაუმეტეს 31 734.05 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო აუდიტის დანიშვნის დღეს საზოგადოებამ ვერ წარადგინა თანხის ნაშთი 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამ პერიოდამდე კიდევ სალაროში შესულია ბანკიდან 1 500 ლარი, შესაბამისად მაქსიმუმ სალაროში უნდა ყოფილიყო 33 234.05 ლარი. ამდენად აქტში მითითებული ნაღდი ფულის სავარაუდო ნაშთი 151 748 არ მიაჩნია სწორად. ასევე ინფორმაციის მიწოდების დროს მექანიკურად გამორჩა მთავარი დებიტორი შპს ----- 126 500.09 ლარი, რასაც მოწმობს გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურა და ასევე საბანკო ამონაწერი სადაც ჩანს რომ თანხა ჩაირიცხა 2025 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილია საზოგადოების დებიტორ კრედიტორები, ასევე სახეზეა საბანკო ამონაწერი და ასევე სხვა გაანგარიშებების სალაროს ნაშთი მომჩივნის მიერ წარმოდგენილ თანხაზე მეტი ფიზიკურად ვერ იქნებოდა.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს,დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს მექანიკურად გამორჩა მთავარი დებიტორი შპს ----- 126 500.09 ლარი, რასაც მისივე თქმით მოწმობს გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურა და ასევე, საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს რომ თანხა ჩაირიცხა 2025 წელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აღნიშნულ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს N 17625 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტის და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოება
საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა სალაროს მონაცემებში სხვაობა, რაც ჩაითვალა ხელმძღვანელზე გაცემულ თანხად და დაიბეგრა. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და სანქცია. გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა უფრო მაღალ ინსტანციაში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73; 101; 154.