გადაწყვეტილება №28058/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28058/2/2026
03 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------ძე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ძის 1.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28058/2/2026).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18124 ბრძანება.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა: 2 448 362,72 ლარი
მათ შორის:
დღგ - 2 428 845,48 ლარი (გადასახადი - 1 060 953, ჯარიმა - 530 477, საურავი - 837 415,48).
მოგების გადასახადი - 3 492,71 ლარი (გადასახადი - 2 556, ჯარიმა - 639, საურავი - 297,71).
საშემოსავლო გადასახადი - 6 757,05 ლარი (გადასახადი - 2 464, ჯარიმა - 616, საურავი - 3 677,05).
სოც დაზღვევის გადასახადი - 4 308,07 ლარი (გადასახადი- 3 258, ჯარიმა - 815, საურავი - 235,07).
ქონების გადასახადი - 4 959,03 ლარი (გადასახადი - 3 306, ჯარიმა - 1 653, საურავი - 0,03).
სხვა გადასახადები (გაუქმებული) - 0,38 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2013 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შპს -----ის (ს/ნ ------) საქმიანობის 1.01.2007 წლიდან 7.12.2012 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე შპს -----ს (ს/ნ ------) წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2014 წლის №17749 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შპს -----ის (ს/ნ ------) ყოფილმა გაკოტრების მმართველმა, ----ძემ (პ/ნ -----) აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 29.06.2023 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანებით, შპს -----ის (ს/ნ ------) ყოფილი გაკოტრების მმართველის ფ/პ -----ძის (პ/ნ ------) 29.06.2023 წლის საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.11.2023 წლის №21153/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება - ----ძის (პ/ნ ------) საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.02.2024 წლის №22055/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 8.02.2024 წლის №22055/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.05.2024 წლის №12415 ბრძანებით საჩივარი დატოვა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.07.2024 წლის №23285/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 11.11.2025 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლება შპს ----ის მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26694 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.01.2026 წლის №26606/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
27.02.2026 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს -----ის ყოფილმა გაკოტრების მმართველმა ------ძემ, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, - შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26694 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26606/2/2026 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჩივრის განხილვის დავალება ითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2026 წლის განჩინებით, შპს -----ის ყოფილ გაკოტრების მმართველს ---ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. №3/ბ-201-26წ. საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2026 წლის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2026 წლის განჩინება №3/120-26 საქმეზე, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №--- წერილით, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოგზავნილია -----ძის (პ/ნ ------) 5.05.2026 წლის №---კორესპონდენცია, რომლითაც ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12415 ბრძანებას (საბჭოში დარეგისტრირდა 8.05.2026 წლის №27337/2/2026 საჩივარი).
საბჭოს 11.06.2026 წლის №27337/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
--------ძემ (პ/ნ --------) აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 24.07.2026 წელს საჩივრით (№-------) მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18124 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს------ის (ს/ნ --------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2014 წლის 10 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 მარტის №17749 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, ფ/პ -------ძე (პ/ნ --------) ასაჩივრებს შპს -----ის (ს/ნ --------) მიმართ გამოცემულ აქტს/აქტებს, რომელზეც არსებობს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირი არ ითვლება მომჩივნად. ამასთან, საჩივარს არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს -------ის ყოფილი გაკოტრების მმართველი ასაჩივრებს და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის №63767 ბრძანება და №81- 617 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 აგვისტოს №18124 ბრძანება.
2023 წლის 2 ივნისს ფინანსური პოლიციის ----ის სამმართველოში, როგორც შპს -------ის ყოფილ გაკოტრების მმართველს ჩააბარეს საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დამატებით თანხების დარიცხვის შესახებ 2013 წლის 6 დეკემბრის ბრძანება და საგადასახდო მოთხოვნა, რადგანაც ზემოაღნიშნული დარიცხვა ეხებოდა მისი შპს -----ში მუშაობის პერიოდს, ფინანსური პოლიციის განცხადებით ზემოაღნიშნულზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მას. ზემოაღნიშნული აქტი გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 25 აგვისტოს №21003 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველად, რადგან 2014 წლის 10 იანვარს შპს -----ის საჩივარი წარმოდგენდა მის საჩივარს და არსებობდა სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მომჩივანის მიმართ იმავე დავაზე, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი დატოვა განუხილველად.
აღნიშული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინსიტროში, საჩივარი განხილული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმებული იქნა, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს მისი წარმოებაში მიღების და განხილვის მიზნით.
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 28 დეკემბრის №33510 ბრძანებით ამჯერად საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოაცხადა არაუფლებამოსილ პირად და საჩივარი კვლავ შპს ------ის დატოვა განუხილველად, რადგან არ ჰქონდა შპს-ის მინდობილობა და თურმე წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 26 მარტის №22055/2/2024 გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ბრძანება არაუფლებამოსილად ცნობის ნაწილში იქნა გაუქმებული, სადავო აქტთან მიმართებაში გასაჩივრების ნაწილში ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სცნო უფლებამოსილ პირად და როგორც შემოსავლების სამსახურის ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაავალა მიეღო ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში და მოეხდინა მისი განხილვა მხარის თანდასწრებით.
2024 წლის 4 აპრილს შემოსავლების სამსახურში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც მოხდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სხდომაზე წარდგენილი იქნა არგუმენტები. სხდომის დასრულების შემდგომ საბჭოს თავჯდომარემ გამოუცხადა, რომ ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და შედეგებს აცნობებდნენ წერილობითი ფორმით.
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 28 მაისის №12415 ბრძანებით სცნო არაუფლებამოსილ პირად. საბოლოო ჯამში შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა დასაბუთებით, რომ აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს და ვერ გაასაჩივრებდა, რადგან თავსი დროზე დირექტორის მხრიდან სადავო ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრებული იქნა.
შემოსავლების სამსახურის რიგი საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული იქნა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 2-ჯერ შემოსავლების სამსახურის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მხრიდან სადავო აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში ცნობილი იქნა უფლებამოსილ პირად. მიუხედავად ამისა კანონის უხეში დარღვევით საჩივარი შემოსავლების სამსახურის მხრიდან უკანონოდ იქნა შეჩერებული არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მოეხდინათ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში განხორციელებული უკანონო და არაკონსტიტუციური ცვლილებები, რის საფუძველზე სცნეს აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში არაუფლებამოსილ პირად, იმ აქტთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც წარმოშობილ დავალიანებაზე პროკურატურის მხრიდან წარდგენილი აქვს ბრალდება და ადმინისტრაციული საჩივარი დატოვეს განუხილველი. წართმეულია თავის დაცვის უფლება, ადმინისტრაციულ ორგანოებზე და სასამართლოზე მიმართვის უფლება.
საკონსტიტუციო სასამრთლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ არის განმარტებული, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამრთლოს და ამ უფლების არამართლზომიერად შეზღუდვა დაუშვებელი და არაკონსტიტუციურია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სადავო აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველზე, რომლის გასაჩივრების უფლებასაც უზღუდავენ, წარდგენილი აქვს ბრალი და ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურში ასევე წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი ზემოაღნიშნულ სადავო აქტზე სხვა მოტივით, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო. შემოსავლების სამსახურმა ადმინისტარციული საჩივარი არ განიხილა მოტივით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, მოითხოვა არარსებული ლიკვიდირებული საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გაუქმებული საზოგადოების მხრიდან მინდობილობის წარდგენა და რადგან თავსი დროზე ზემოაღნიშნული აქტი გასაჩივრებული იყო დირექტორის მხრიდან ადმინისტრაციული საჩივარი არ მიიღო წარმოებაში. შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებაზე.
ზემოაღნიშნული გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში. საბჭოს მიერ გაზიარებული იქნა შემოსავლების სამსახურის პოზიცია და ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა წარმოებაში მიღებული და განხილული. ქუთაისი საკასაციო სასამრთლოს 2026 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილებული იქნა და გადაწყვეტილებები, რომლითაც აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში ცნობილი იყო არაუფლებამოსილ პირად, მიჩნეული იქნა უკანონოდ და დაადგინა, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ვალის წარმოშობის იურიდიულ საფუძველს, ხოლო ვალის წარმოშობის კანონიერებასთან მიმართებაში გააჩნია იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, თავის დროზე შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენდა უკანონო გადაწყვეტილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად შემოსავლების სამსახური ვალდებულია წარმოებაში მიიღოს და განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი და ის, რომ საჩივრის წარდგენის დროისთვის არ არის საზოგადოების წარმომადგენელი და თავის დროზე ვიღაცის მიერ ეს აქტი გასაჩივრებული იქნა არ შიძლება იყოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი და გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის №63767 ბრძანება და №81-617 საგადასახდო მოთხოვნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:
ქუთაისის საკასაცისო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება და აქტის გასაჩივრების ნაწილში როგორც არაუფლებამოსილ პირად ცნობა არის უკანონო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ის არ საჩივრდება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების არ აღსრულება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო აქტთან მიმართებაში დადგენილი იქნა გასაჩივრების უფლებამოსილება, მიმართა შემოსავლების სამსახურს სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილობასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სადავო აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში წარმოადგენს უფლებამოსილ პირს და ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველად.
2007-2008 წლებში მისი როგორც გაკოტრების მმართველის მიერ მართლაც მოხდა საზოგადოების ბალანსზე არსებული ქონების რეალიზებული ქონებიდან მიწის ნაკვეთი არ დაბეგრილა დღგ-ით, რადგან 2009 წლის 31 ივლისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგის მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნება ფული და მიწა. იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების ერთად მიწოდება განიხილება, როგორც დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ცალკე ოპერაციები“ განხორციელებული ოპერაციების პერიოდში კოდექსი არ ითვალისწინებდა მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების მიწოდებისას ოპერაციის შენობანაგებობის მიწოდებად ჩათვლას, რასაც პირდაპირ ადასტურებს ისიც, რომ 2009 წლიდან საგადასახდო კოდექსში შეტანილი იქნა შემდეგი სახის ცვლილება: საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი „მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების მიწოდების ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად“. შესაბამისად, 2007-2008 წლებში განხორციელებულ ოპერაციებზე მიწის ნაკვეთის დღგ-ით დაბეგვრა ვერ მოხდებოდა.
ზემოაღნიშნული სადავო აქტი თავის დროზე გასაჩივრებული და განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ და სრულიად იქნა გაზიარებული იმ ნაწილში, რომ 2007-2008 წლებში მოქმედი საგადასახოდ კოდექსის შესაბამისად საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაცია მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობების მიწოდება დღგ-ის მიზნებისათვის განხილული უნდა იქნას ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ოპერაციებად. დადგენილი იქნა, რომ თავის დროზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შპს -------ის მიერ რეალიზებული ქონებიდან რამდენად არსებითი იყო შენობა-ნაგებობები თავისი კომერციული ღირებულებით და დანიშნულებით. რეალურად მყიდველებისთვის ქონების შეძენისას არსებითი მნიშვნელობა ქონდა მიწის ნაკვეთის შეძენას. შენობა-ნაგებობებს არ გააჩნდა რეალური კომერციული საბაზრო ღირებულება და ქონებას ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთის ინტერესის გამო, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საგადასახდო შემოწმების დასრულების დროისათვის შენობა-ნაგებობები მყიდველების მიერ უკვე დანგრეული იყო. შენობანაგებობების დიდი უმრავლესობა -----ის და ----ის ქუჩაზე არსებული საფერმენტაციო წარმოება მყიდველის მიერ დანგრეული იქნა შეძენისთანავე, რაც დაადასტურეს მყიდველებმა წერილობით. შესაბამისად მყიდველებს თავსი დროზე არ ჰქონიათ პრეტენზია მიწის ნაკვეთებზე მიეღოთ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა. აუდიტორი და შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ სახელმწიფო შპს-ს დამატებით უკანონოდ უნდა გამოეწერა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები და კერძო მყიდველებზე უნდა მიეცა საშუალება დამატებით მოეხდინათ დღგ-ის ჩათვლა, დამატებითი სარგებელი მიეღო სახელმწიფოს ხარჯზე. აუდიტორმა საკითხის შესწავლისას იხელმძღვანელა 2012 წელს მოქმედი საგადასახდო კოდექსის შესაბამისად და არა ქონების რეალიზაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მიიჩნია, რომ რადგანაც ერთიან საკადასტრო კოდში იყო რეგისტრირებული ქონება, უნდა ჩაითვალოს შენობანაგებობის მიწოდებად და დაიბეგროს დღგ-ით.
აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო გამოეთხოვა სრული ინფორმაცია ამ ქონებების რეალური მდგომარეობის შესახებ ----ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, რომელიც მესაკუთრე იყო შპს -----ის, რაც რატომღაც არ გააკეთეს შემოწმების მსვლელობის დროს.
ზემოაღნიშნული სადავო საკითხიდან გამომდინარე აღსრულებული უნდა იქნას ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იურიდიული ფაქტია, რომ სადავო აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, დაევალოს შემოსავლების სამსახურს ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღება და მხარის თანდასწრებით განხილვა.
შემოსავლების სამსახური თავის დასაბუთებაში სადავო აქტის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით იშველიებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებას.
სადავო აქტთან მიმართებაში გასაჩივრების უფლება დადგენილია უფრო მაღალი იერარქიის ნორმატიული აქტებით, როგორიცა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი და ახალ უკვე ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება.
როგორც შემოსავლების სამსახური ასავე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ამ შემთხვევაში ვალდებულია სადავო გადაწყვეტილების განხილვისას იურიდიული საფუძველი და დასაბუთება მოახდინოს უფრო მაღალი იურიდიული ძალის, იერარქის ნორმატიული აქტის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.
4. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.
5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ქუთაისი საკასაციო სასამრთლოს 2026 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილებული იქნა და გადაწყვეტილებები, რომლითაც აქტის გასაჩივრებასთან მიმართებაში ცნობილი იყო არაუფლებამოსილ პირად, მიჩნეული იქნა უკანონოდ და დაადგინა, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ვალის წარმოშობის იურიდიულ საფუძველს, ხოლო ვალის წარმოშობის კანონიერებასთან მიმართებაში გააჩნია იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, თავის დროზე შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენდა უკანონო გადაწყვეტილებას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 11.11.2025 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლება შპს -----ის მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26694 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.01.2026 წლის №26606/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 27.02.2026 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს -----ის ყოფილმა გაკოტრების მმართველმა -----ძემ, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, - შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26694 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26606/2/2026 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჩივრის განხილვის დავალება ითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2026 წლის განჩინებით, შპს ---------ის ყოფილ გაკოტრების მმართველს ------ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. №3/ბ-201-26წ. საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2026 წლის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2026 წლის განჩინება №3/120-26 საქმეზე, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2026 წლის განჩინებაში მითითებულია, რომ წარდგენილ საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ -----ძეს დაუდგინდა ხარვეზი, იმის გამო, რომ საჩივარს არ ერთვოდა წარმომადგენლობის/უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26694 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. განსახილველი დავის ფარგლებში სადავოა არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აქტის კანონიერება. სასამართლომ სწორედ იგივე მოტივით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ისე, რომ არ შეაფასა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აქტის კანონიერება, რაც სწორედ საქმის არსებითი განხილვის საგანია. ასეთ შემთხვევაში კი ------ძე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული, თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გარეშე რჩება. ის გარემოება, რომ -----ძე სარჩელის წარდგენის დროისათვის საზოგადოების წარმომადგენელი არ იყო, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------ის გაკოტრების მმართველის ------ძის გაკოტრების მმართველად მუშაობის პერიოდზე (2005 წლის 15 დეკემბრიდან - 2008 წლის 15 აპრილამდე საანგარიშო პერიოდზე) დარიცხულია გადასახადები, 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით -----ძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისთვის. შესაბამისად, ვალის წარმოშობის კანონიერების მიმართ მას გააჩნია იურიდიული ინტერესი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის განჩინებაზე მიუთითებდა 2026 წლის 24 ივლისს წარდგენილ საჩივარშიც, ხოლო შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18124 ბრძანებაში აღნიშნულთან დაკავშირებით ნამსჯელი არ არის.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მომჩივანი მიუთითებს საქმეში არსებულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე და აღნიშნული გარემოება შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18124 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია კომპანიის საქმიანობის 1.01.2007 წლიდან 7.12.2012 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №17749 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
კომპანიის ყოფილმა გაკოტრების მმართველმა აუდიტის დეპარტამენტის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის №21003 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №21153/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №21003 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა №33510 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე.შემოსავლების სამსახურის №33510 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №22055/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №33510 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №22055/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და №12415 ბრძანებით საჩივარი დატოვა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №23285/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლება კომპანიის მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის №26694 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №26606/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მომჩივანმა, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, - შემოსავლების სამსახურის №26694 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №26606/2/2026 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჩივრის განხილვის დავალება ითხოვა. მომჩივანს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება , სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შემოსავლების სამსახურის წერილით, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოგზავნილია მომჩივანის კორესპონდენცია, რომლითაც ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის №12415 ბრძანებას.საბჭოს №27337/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმართა შემოსავლების სამსახურს.რომლის №18124 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივანი მიუთითებს საქმეში არსებულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და აღნიშნული გარემოება შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „გ“);