გადაწყვეტილება №22556/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 22556/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22556/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 13.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22556/2/2024).

 

დავის საგანი:

მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.01.2024 წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4615 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2024 წლის 18 იანვარს, 13:36 საათზე, ქ. -----ში, -----ას ქუჩა №-- , სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი -------) გადამოწმებისას დადგინდა, რომ ----------ძე (ს/ნ ----------) ახდენდა თავისივე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (2201 ლარის ღირებულების კოკა-კოლა, ფანტა, ნაბეღლავი და სხვა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. გასაუბრების დროს -------------ემ (პ/ნ -------------) შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქონელი შეიძინა შპს ----------------ში (ს/ნ ----------------) და ზედნადები მისი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გამოეწერა შპს -----------ს.

შემოსავლების ერთიანი ელექტრონული ბაზით (ORACLE) გადამოწმებისას დადგინდა, რომ შპს ----------------ის (ს/ნ ----------------) მიერ ზემოაღნიშნულ საქონელზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ იყო.

მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისთვის მომჩივანს 18.01.2024 წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმდა 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.03.2024 წლის №4615 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72- ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, მისი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა, შესაბამისად ზედნადებები იტვირთება მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ------ --------ემ (ს/ნ ---------) არ მოსთხოვა ზედნადების გამოწერა. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველის მოთხოვნა წინ უნდა უსწრებდეს მეწარმის მიერ სასაქონლო ზედნადების ატვირთვას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და კომპანიას არ აუტვირთავს ზედნადები. 13:39 საათზე -----------ემ (ს/ნ ---------) განახორციელა სატელეფონო ზარი მაღაზიის ადმინისტრატორთან და მოითხოვა სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა (13:36 საათზე) გადამოწმების მიზნით გააჩერა ---------ის (ს/ნ ---------) სატრანსპორტო საშუალება (რეგისტრაციის ნომერი: --------). საგადასახადო კონტროლი დასრულდა 14:06 წუთზე, რა დროსაც ელექტრონული ზედნადები მომჩივნის მიერ მომხმარებლის სატელეფონო ზარით განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისად იყო ატვირთული. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სამართალდამრღვევი პირი არ არის, მან ატვირთა შესაბამისი ზედნადები სატელეფონო მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ---------ემ (ს/ნ ---------) გარდა მოთხოვნის არ დაფიქსირებისა, ტრანსპორტირება განახორციელა ზედნადების გარეშე (რისი გადამოწმებაც მას ნებისმიერ დროს შეეძლო, მათ შორის ელ.ზედნადების არსებობის, შინაარსისა და სხვა დეტალების დაზუსტების მიზნით), შესაბამისად, შპს ----------------ი (ს/ნ ----------------) არ წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, მე-10 და 237-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №----- საქართველოს მოქალაქეები ---------ძე, --------ი, --------ძე და -------ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.). ყოველივეს გათვალისწინებით, ნებისმიერი საეჭვო გარემოება, რომელიც ვერ დასტურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სამართალდამრღვევის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

მომჩივნის განმარტებით, --------ემ (ს/ნ -----------) არ მოსთხოვა ზედნადების გამოწერა. 13:39 საათზე --------ემ (ს/ნ ---------) განახორციელა სატელეფონო ზარი მაღაზიის ადმინისტრატორთან და მოითხოვა სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა (13:36 საათზე) გადამოწმების მიზნით გააჩერა ----------ს (ს/ნ ----------) სატრანსპორტო საშუალება (რეგისტრაციის ნომერი: --------). საგადასახადო კონტროლი დასრულდა 14:06 წუთზე, რა დროსაც ელექტრონული ზედნადები მომჩივნის მიერ მომხმარებლის სატელეფონო ზარით განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისად იყო ატვირთული. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სამართალდამრღვევი პირი არ არის, მან ატვირთა შესაბამისი ზედნადები სატელეფონო მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ---------ემ (ს/ნ ----------) გარდა მოთხოვნის არ დაფიქსირებისა, ტრანსპორტირება განახორციელა ზედნადების გარეშე (რისი გადამოწმებაც მას ნებისმიერ დროს შეეძლო, მათ შორის ელ.ზედნადების არსებობის, შინაარსისა და სხვა დეტალების დაზუსტების მიზნით), შესაბამისად, შპს ---------------- (ს/ნ ----------------) არ წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.03.2024 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 18 იანვარს 13:36 საათზე ქ. ------ში, -------ს ქუჩაზე №--ში მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -------, რომლითაც ---------ძე (ს/ნ ----------) ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (2201 ლარის ღირებულების კოკა-კოლა, ნაბეღლავი, ფანტა და სხვა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. გასაუბრების დროს --------ემ (ს/ნ -----------) შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქონელი შეიძინა შპს ----------------ში (ს/ნ ----------------) და ზედნადები მისი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გამოეწერა შპს ----------ს. სატელეფონო საუბრისას შპს -------ის მენეჯერმა განაცხადა, რომ -----------ემ (ს/ნ ---------) შეძენილ საქონელზე მოითხოვა სასაქონლო ზედნადები, მაგრამ გამოწერა პროგრამული ხარვეზის გამო დააგვიანდათ. (რაზეც არსებობს შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი).

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზით (ORACLE) გადამოწმებისას დადგინდა, რომ შპს -----------ის (ს/ნ --------) მიერ ზემოაღნიშნულ საქონელზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ იყო. შპს ------ის (ს/ნ --------) მიერ ელ. სასაქონლო ზედნადების გამოწერა მოხდა გადამოწმების და მენეჯერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 13:43 საათზე.

მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2024 წლის 18 იანვარს, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ახდენდა თავისივე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. გასაუბრების დროს ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქონელი შეიძინა მომჩივანისგან და ზედნადებიც მისი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გამოეწერა თავად მომჩივანს.

შემოსავლების ერთიანი ელექტრონული ბაზით (ORACLE) გადამოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივანის მიერ ზემოაღნიშნულ საქონელზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ იყო.

მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისთვის მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმდა 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №4615 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(1);