ბრძანება N 16496
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16496
23 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(ფაქტ. მის.:„-------“ )
2025 წლის 7 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 7 ივლისის №96666/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის №005-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილებას და მის დაქირავებულ პირად განხილვას. განმარტავს, რომ ,,-------“-ს მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლიდან, ხოლო კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2024 წლიდან, შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქალაქო ურთიერთობა შედგა ბევრად ადრე ვიდრე ის გახდებოდა კომპანიის თანამშრომელი. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიას მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა სხვა მცირე მეწარმეებთანაც. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის კვალიფიკაციის ცვლილების ერთადერთი მოტივი იყო ის ფაქტი, რომ მცირე მეწარმე წარმოადგენდა კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს, კერძოდ, იყო კომპანიის დირექტორის დედა. აცხადებს, რომ კვალიფიკაციის ცვლილება არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით. გადასახადის გადამხდელი ასევე, განმარტავს, რომ შემოწმებას ჰქონდა წვდომა კომპანიის დოკუმენტაციასთან, რომლითაც შესაძლებელი იყო,,-------“-სთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 თებერვლის №2264 და 31 მარტის №5990 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 4 აპრილიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 3 ივნისის №11320 ბრძანება და ამავე თარიღის №005-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 313 ლარი, მათ შორის გადასახადი 13 213 ლარი, ჯარიმა 6 606 ლარი და საურავი 3 494 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტურისტული საქმიანობა, კერძოდ, ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა ინდოეთიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, კერძოდ, საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომელი, ,,-------“ შპს ,,-------“ ასევე უწევს გიდის მომსახურებას. აღნიშნული ფიზიკური პირი შესამოწმებელ პერიოდში საწარმოსგან დაქირავებული თანამშრომლის სახით იღებს ხელფასს, რომელიც დაბეგრილია საწარმოს მიერ. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ის თანხები, რომელიც კომპანიამ აუნაზღაურა ,,-------“-ს გიდის მომსახურების სანაცვლოდ. ,,-------“-ს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან და წარმოადგენს შპს ,,-----“ დირექტორისა და დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს (დედა). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ,,-------“-სთვის ანაზღაურებული თანხები შემოწმებით განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან გამოიკვეთა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომელი, ,,-------“ შპს ,,--------“ ასევე უწევდა გიდის მომსახურებას. აღნიშნული ფიზიკური პირი შესამოწმებელ პერიოდში საწარმოსგან დაქირავებული თანამშრომლის სახით იღებდა ხელფასს, რომელიც დაბეგრილია საწარმოს მიერ. თუმცა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ის თანხები, რომელიც საწარმომ აუნაზღაურა ,,-------“-ს გიდის მომსახურების სანაცვლოდ. ამასთან, ,,-------“ წარმოადგენდა შპს ,,-------“ დირექტორისა და დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს.
ვინაიდან, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ,,-------“-ის მიერ გიდის მომსახურების გაწევა და ასევე აღნიშნული ფიზიკური პირი წარმოადგენს დაქირავებულ თანამშრომელს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გიდის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურების ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილებას და მის დაქირავებულ პირად განხილვას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
2.გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტურისტული საქმიანობა.საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომელი,კომპანიას ასევე უწევს გიდის მომსახურებას. აღნიშნული ფიზიკური პირი შესამოწმებელ პერიოდში საწარმოსგან დაქირავებული თანამშრომლის სახით იღებს ხელფასს, რომელიც დაბეგრილია საწარმოს მიერ. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ის თანხები, რომელიც კომპანიამ აუნაზღაურა გიდის მომსახურების სანაცვლოდ.ფიზიკურ პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან და წარმოადგენს კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს (დედა). ფიზიკური პირისთვის ანაზღაურებული თანხები შემოწმებით განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,269(7).