ბრძანება N 17579
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17579
19 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"-------" (პ/ნ )
(მის.: "-------" )
2023 წლის 29 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა "-------" (პ/ნ "-------" ) №82002/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მისი საქმიანობა წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვებით მომსახურებას. ივნისის თვეში გადმოკვეთა საქართველო-"-------" საზღვარი "------" -ის გამშვები პუნქტის გავლით, როდესაც ახორციელბდა დამქირავებლის ტვირთის გადაზიდვას რეექსპორტის სახით "------" ის მიმართულებით. "------" -საქართველოს საზღვრის კვეთის დროს გამოუწერეს ჯარიმა იმ მიზეზით, რომ საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა "------" -ის გამშვები პუნქტის ნაცვლად "------" -ის გამშვები პუნქტის მეშვეობით.
"-------" -ის გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცერს გარკვევით უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას აპირებდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ -ის მეშვეობით, რის შემდეგაც დაჰპირდა, რომ ზემოთ აღნიშნულ მიმართულებას მიუთითებდა, თუმცა შეცდომით მიუთითა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“.შეცდომის დაშვების საფუძვლად მიაჩნია ოფიცრის ნაკლები ყურადღება მის მიმართ,რადგან მომსახურების პერიოდში პარალელურად სარგებლობდა მობილური ტელეფონით, რაც სავარაუდოდ გახდა ყურადღების გაფანტვის და შეცდომის დაშვების მიზეზი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 6 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ კონტროლის ზონაში გამოცხადდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით: "--------" , რომელსაც მართავდა საქართველოს
მოქალაქე "-------". აღნიშნული სატვირთო მანქანა მოძრაობდა ტრანზიტულად, "------" -დან "------" - ის მიმართულებით და დატვირთული იყო ელ. აპარატურით.
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „------ ის “ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ 2023 წლის 3 მარტს გამოწერილი D-"-------" აღრიცხვის მოწმობით დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“. თუმცა, "-------" არ დაემორჩილა საბაჟო ორგანოს მოთხოვნას, გადაუხვია განსაზღვრულ მარშრუტს და, საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -ის“ ნაცვლად, გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ კონტროლის ზონაში.
ვინაიდან, "-------"-ის მიერ არ შესრულდა სატვირთო ავტომობილის დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვალდებულება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -ის “ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ 2023 წლის 6 ივნისს შედგენილ იქნა №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------"-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საბაჟო მარშრუტი კი არის საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტრაექტორია ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს. ამდენად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------"-ის (პ/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ არ შესრულდა სატვირთო ავტომობილის დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვალდებულება,შესაბამისად გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე,პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(11),170.