გადაწყვტილება №20836/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20836/2/2023
25 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 14.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20836/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14267 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №001-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13859 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 209 323,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 124 272
დღგ - 83 962
საშემოსავლო გადასახადი - 40 310
ჯარიმა - 43 478
საურავი - 41 573,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 7.10.2020 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №001-528 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14267 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14267 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაცნობის შემდეგ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №001-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13859 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს დავალებული ჰქონდა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების/დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენა, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მოწოდებული ინფორმაციითა და განმარტებით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, მომჩივანს არ წარუდგენია შესაბამისი განცხადება ხელფასად განხილული თანხის სესხად გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ 30.01.2022 წლის საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარატმენტმა ფაქტობრივად არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და უცვლელად დატოვა დარიცხული თანხები, ასევე უცვლელად დატოვა ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები, რომლებიც ეწინააღმდეგება საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკას, ვინაიდან საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ადასტურებს, რომ სესხის სახით აქვს აღებული საწარმოდან თანხები.
მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო წარედგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გამოყენებული უნდა იქნას 75%, სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ვინაიდან საწარმოს საერთოდ არ უფიქსირდება ხარჯი, რაც ბუნებრივია არალოგიკურია და სიტუაციური სახელმძღვანელო სწორედ აღნიშნულ შემთხვევებზე არის გათვალისწინებული.
შემოწმების აქტის შესაბამისად საწარმოს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი დაუდგინდა 11.11.2020 წელს და მისი შემდგომი ოპერაციების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ ჯამში შეადგინა 466 496 ლარი.
გაუგებარია საიდან მოიტანა შემმოწმებელმა 466 496 ლარის დღგ-ის ბრუნვა, მაშინ როცა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად 11.11.2020 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდზე დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 416 196 ლარს (491 111,6/1,18) შესაბამისად შემმოწმებელს დღგ-ის ბრუნვა გაზრდილი აქვს 50 300 ლარით, რაც ექვემდებარება შემცირებას.
ასევე შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს საერთოდ არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა, რაც ასევე არასწორია და უმოკლეს ვადაში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, ვინაიდან საწარმოს მიერ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ფაქტი, მიუხედავად შესაბამისი პირველადი დოკუმენტის არ არსებობისას, შემოწმების აქტითაც არის დადასტურებული.
ასევე არასწორია ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების ე.წ აგროსვა/დარიცხვა და ვირტუალური თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. ანუ შემმოწმებელმა დაბეგრა არა სალაროში არსებული თანხა 20%-იანი განაკვეთით, არამედ აღნიშნული თანხა გაამრავლა 25%-ზე და მიღებული თანხა გაამრავლა 20%-ზე, რაც ლოგიკას არის მოკლებული.
ასევე, ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად უნდა დაკვალიფიცირდეს პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14267 ბრძანებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაცნობის შემდეგ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან საგადასახადო დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება საგადასახადო შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14267 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №14267 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 7.10.2020 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №001-528 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №14267 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
შემოსავლების სამსახურის №14267 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაცნობის შემდეგ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №001-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №13859 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №14267 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: (2021 წლამდე მოქმედი) 159(1 „ა“. „ბ“); 161(1„ა“); 173(1..2 „ა“); 174(1 „ა“2); 175(1 „ა“);