გადაწყვეტილება №28168/2/2026
📄 სრული ტექსტი
№28168/2/2026
09 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--- “-ის 23.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28168/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2026 წლის №081-158 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 660 609.01 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 921 442.7
დღგ - 457 805.25
საშემოსავლო გადასახადი - 463 637.45
ჯარიმა - 497 772.1
საურავი - 241 394.21
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
1. შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე არ არის წარდგენილი ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, გაანგარიშება ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, მათ შორის მიღებული და გაცემული ავანსების შესახებ, წარმოდგენილია მხოლოდ ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს.
გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებების შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-18 და 73-ე მუხლების თანახმად. შემოწმებისას დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა საჯარო რეესტრში წარდგენილი პირველადი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით), ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში დაბეგრილი და ავანსად მიღებული თანხების ოდენობა, ამასთან, გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) გაცხადებული ფასებიდან ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი (რაც შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან), რომელიც გავრცელებულ იქნა იმ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე, სადაც უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი 30%-ზე მეტით აღემატება გარიგების გაცხადებულ ფასს.
ზემოთ ნახსენები ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასი 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი არ იქნა გავრცელებული იმ ბინებზე, რომლებზეც წინარე ნასყიდობები გაფორმდა შესამოწმებელი პერიოდის დაწყებამდე (01.04.2022 მდე).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულებების გაფორმების თარიღებში ბინები ჩაითვალა რეალიზებულად და განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები, რომლებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმების პროცესში განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით, ჩაითვალა საწარმოში მიღებულ ფულად, რასაც გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებით შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, შეძენილი სხვადასხვა მომსახურება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით, გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები, ასევე, გაწეული ხარჯი საბანკო ამონაწერის მიხედვით და საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.12.2025 წლის №28292 ბრძანება და №081-357 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხთან, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო საჩივრები დარჩა განუხილველი;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ფინანსური მოგების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეისწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში (რეალიზებული ფართებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა), საბჭომ მიუთითა მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განახორციელოს კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების სადავო საბაზრო ფასის ხელახალი ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-2 დავის საგნის ნაწილში (ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა), საბჭოს მიერ პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 22 ივლისის №16690 ბრძანება და №081-158 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია იყო, რომ სხვადასხვა ფართი რეალიზებული იყო სხვადასხვა ფასად, ხოლო მყიდველებიდან შემოწმებას არავინ გამოუკითხავს. მის მიერ წარმოდგენილი იყო მყიდველების ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რითაც დასტურდება გაყიდული ფართების ფასების სინამდვილე. ფასებში განსხვავება დამოკიდებული იყო ფართის მდებარეობაზე, მდგომარეობაზე, სიდიდეზე და ასე შემდეგ. დასკვნის თანახმად აუდიტის დეპარტამენტს არ აღუსრულებია საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგანაც არ შეუსწავლია არც გარემოებები და არც გაუანალიზებია სხვა შემთხვევების აუდირებული მონაცემები.
დასკვნის თანახმად უგულებელყოფილია მიღებული გადაწყვეტილება და ჩაითვალა, რომ აქტით სწორად იქნა განსაზღვრული ფასები და საჩივარზე მიღებული დავალების შესრულება არაა საჭირო. ყოველივე ზემოთ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა საჩივარზე, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში (რეალიზებული ფართებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა), საბჭომ მიუთითა მომჩივნის არგუმენტებზე და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების სადავო საბაზრო ფასის ხელახალი ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 დავის საგნის ნაწილში (ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა), საბჭოს მიერ პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.09.2026 წლის №91561-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენს დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება, ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, (ის ფართები რომლებზეც გაფორმებული იყო წინარე ხელშეკრულებები, არ იქნა დაბეგრილი აფასებული ღირებულებით) ასევე წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში დაბეგრილი და ავანსად მიღებული თანხების ოდენობა.
ამასთან შემოწმებისას განსაზღვრული 1 კვ/მ-ის საშუალო სარეალიზაციო ფასი 678 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში განსაზღვრული იქნა არა სხვა აუდირებული კომპანიის მონაცემებიდან არამედ თავად გადამხდელის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან, რაც შეესაბამება რეალობას, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა რეალიზებული ბინების სადავო საბაზრო ფასის ხელახალი ანალიზი, თუმცა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, აუდირებული მსგავსი გადასახადის გადამხდელების მონაცემების შესწავლისას სარეალიზაციო ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის არის გამოყენებული, შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების გამოყენების საფუძველი არ გამოიკვეთა და ძალაში დარჩა მომჩივნის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან დადგენილი საშუალო სარეალიზაციო ფასი 678 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ისეთი ინფორმაცია/მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბჭოს №27103/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში (რეალიზებული ფართებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა), საბჭომ მიუთითა მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განახორციელოს კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების სადავო საბაზრო ფასის ხელახალი ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 დავის საგნის ნაწილში (ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა), საბჭოს მიერ პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს №27103/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 22.05.2026 წლის №27103/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.