ბრძანება N 18130

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 18130
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18130

12 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს “-------------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: ----------------------------------------)

2025 წლის 25 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს “-------------ის“ (ს/ნ ------------------) №97109/1/2025 და №97103/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №081-164 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №977 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს “-------------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 18 იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 3 ივლისს გამოსცა №15030 ბრძანება და 4 ივლისის №081-164 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 044 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 509 ლარი, ჯარიმა 14 755 ლარი და საურავი 2 780 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს “-------------ი“ (ს/ნ ------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 18 იანვარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მიხედვით, გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვები. დამფუძნებელი და დირექტორია ---------ის მოქალაქე -------ი (პ/ნ -------). შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების "დანართი №9"-ის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

. შპს “--------ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც გამოვლინდა აღურიცხველი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ზემოაღნიშნულზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და არ ახდენს ქონების გადასახადის დეკლარირებას. შემოწმებით, გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს “-------------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №977 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 18 იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №15030 ბრძანება და №081-164 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 044 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 509 ლარი, ჯარიმა 14 755 ლარი და საურავი 2 780 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების "დანართი №9"-ის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

ასევე,მომჩივანის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 201(1) ; 202(1); 205(1.2.3);