გადაწყვეტილება №24997/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2025
№ დოკუმენტი 24997/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24997/2/2025

05 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ---ს 31.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24997/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24338/2/2024 (რეგ. 23.12.2024 წელი; №03/93993) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მარტის №149-1 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 636 474.30 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 590 943

დღგ - 528 666

საშემოსავლო გადასახადი - 62 277

ჯარიმა - 893 107

საურავი - 152 424.30

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლის საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. მეწარმეს აქვს ორი სავაჭრო ობიექტი და ერთი საწყობი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №13883 და 10 სექტემბრის №20014 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული სმფ-ების ნაშთის აღწერა, რაც შეადგენს 2 074 05 მაისი 2025 N 03/32627 2 063 ლარს. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ფაქტობრივი ნაშთის აღწერის შედეგები გადაგზავნილია შემოწმებისთვის. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული, 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული მეწარმის საქონლის ფაქტობრივი ნაშთი შედარდა შემოწმების მიხედვით გამოყვანილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთთან. გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 111 847 ლარს. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

- შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე 92-ე, 140-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადი ბრუნვის შესაბამისი განაკვეთების მიხედვით (1%-3%). ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №20344 ბრძანება და №149-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 656 752.31 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 10 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 4 ნოემბრის №23539 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23539 ბრძანება 25.11.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.12.2024 წლის №24338/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23539 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნა, 20.12.2024 წლის №26775 ბრძანება და №149-13 3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 56 180 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 613 523.82 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 30 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 იანვრის №174 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 10.02.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.02.2025 წლის №24723/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24338/2/2024 (რეგ. 23.12.2024 წელი; №03/93993) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.02.2025 წლის დასკვნა, 13.03.2025 წლის №4228 ბრძანება და №149-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. აუდიტორების მიერ არასწორად არის დაჯგუფებული საქონლის მოძრაობა და უსაბუთოდ შეძენილი საქონლის გამოვლენა. აღნიშნული საქონელი წარმოადგენს დანაკლისად გამოვლენილ საქონელს, საჭიროა ზედმეტობის და დანაკლისის სწორად გადაფარვა, რის შედეგადაც საერთოდ არ დარჩება უსაბუთოდ შეძენილი საქონელი. მოცემულ შემთხვევაში ყველა საქონელი არის იმპორტირებული და დოკუმენტურად შეძენილი.

2. საქონლის დანაკლისი ხელოვნურად არის გაზრდილი, ვინაიდან საქონლის მოძრაობა არ არის სწორად გაანგარიშებული. საქონლის დიდი ნაწილი ჩაითალა აღურიცხავად და არ იქნა საქონლის მოძრაობაში სწორად ჩათვლილი. პირველი საკითხის დაკმაყოფილების შემდეგ, არსებითად შეიცვლება დანაკლისად ჩასათვლელი საქონლის რაოდენობა. წარმოდგენილი აქვს საქონლის ინვენტარიზაციის დოკუმენტის ამონარიდი, სადაც ვიზუალურადაც ჩანს, რომ ერთი და იგივე საქონელი (ბავშვის ტანსაცმელი და ლაბადა მანტო) დანაკლისშიც არის და აღურიცხავშიც გამოვლენილი და დაბეგრილი. ასევე, შესასწავლი და დასაკორექტირებელია საქონლის საბაზრო ღირებულება, რითაც დაუსაბუთებლად არის დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით აუდირებული ფასნამატი გავრცელდა მხოლოდ 2021- 2022 წლის პერიოდზე, სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე სხვადასხვა ფასნამატი (47% დან 67%). გაუგებარია, რატომ არ გავრცელდა აუდირებული ფასნამატი მთლიან პერიოდზე. შემმოწმებლებმა აქტის თანხები არ შეუმცირეს, რადგანაც გადაწყვეტილებაში მითითებულ 15 დღიან ვადაში არ იყო გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებით არგუმენტები წარდგენილი.

მომჩივანს მიაჩნია, რომ 25.11.2024 წლის საჩივარში სრულად ჰქონდა მითითებული არგუმენტებიც და მტკიცებულებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ აუდიტორების მიერ წარმოდგენილი დარიცხვა, საქონლის დაჯგუფება და ფასნამატის გავრცელება იყო არასწორი. ხელახლა წარმოადგენს აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულებებს, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინათ შემმოწმებლებს და შეემცირებინათ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა და საჩივარში წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემცირდეს ზედმეტად, უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24338/2/2024 (რეგ. 23.12.2024 წელი; №03/93993) გადაწყვეტილებით, პირველ სადავო საკითხთან (აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა) დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4 - დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 25.02.2025 წლის დასკვნით დგინდება, რომ საბჭოს 13.12.2024 წლის №24338/2/2024 (რეგ. 23.12.2024 წელი; №03/93993) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 25.12.2024 წელს. გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში (15 კალენდარული დღე) მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 18 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე კორექტირებული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაუკავშირდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს და სთხოვა მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა მომჩივანმა არ წარადგინა არანაირი დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით არ წარუდგენიათ მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24338/2/2024 (რეგ. 23.12.2024 წელი; №03/93993) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1,გ.