ბრძანება N 2548

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2024
№ დოკუმენტი 2548
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2548

09 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2024 წლის 19 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -----) №86916/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორს არამართლზომიერად მიაჩნია დაჯარიმება და განმარტავს, რომ საქონლის შეძენა განახორციელა -------ის საშუალებით, ხოლო საქონლის საქართველოში ჩამოტანა უზრუნველყო ფოსტამ -------- -მ. ამანათის --------ს საწყობში მისვლის შემდგომ, აუცილებელია ამანათის დადეკლარირება, რაც ხორციელდება --------ს ვებ გვერდის საშუალებით. ამანათის საწყობში მისვლისთანავე დაიწყო მისი დადეკლარირება და ვალუტის არჩევა მხოლოდ --------ში იყო შესაძლებელი. ამიტომ, კომენტარების გრაფაში მიეთითა გზავნილის ღირებულება დოლარში და ასევე დაურთო ინვოისები.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კომპანია არის დღგ-ს გადამხდელი და მათ ინტერესებში არ შედის საქონლის ღირებულების შემცირება. ტრანზაქცია გატარდა დოლარში, თანხა გადაიხადა დოლარში და ინვოისშიც თანხა დოლარშია მითითებული. ამასთან მიაჩნია, რომ ამანათის საწყობში მისვლისას დოლარის კურსი -------თან მიმართებით კონვერტირებისას იყო სხვა, ხოლო საქონლის საქართველოში ჩამოსვლისას კურსი იყო სხვა და თანხის კონვერტირება, რომც გაეკეთებინა ნივთის თვითღირებულება საქართველოში შემოსვლისას იქნებოდა სხვა. შესაბამისად მიაჩნია, რომ კომპანიის ქმედება კანონთან შესაბამისობაშია და შევსებული დეკლარაცია არ იწვევს საქონლის ღირებულების შემცირებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და მის საფუძველზე გადახდილი 256,26 ლარის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 დეკემბერს საფოსტო გადამზიდავის – შპს „--------ს“ მიერ განხორციელდა შპს „--------ს“ (ს/ნ ------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------ და №------ საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 514 -------. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.

საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტები. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად შპს „--------მა“ წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (ქსელური მოწყობილობა – 1 ერთეული; კერამიკის ფირფიტები – 20 ერთეული) ინვოისები, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება შეადგენს 498 აშშ დოლარი.

ვინაიდან შპს „-------ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 256.26 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------ს“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 256.26 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი 2023 წლის 28 დეკემბერს №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და საქონელმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს“.

მე-4 პუნქტის თანახმად კი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:

ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);

ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8- VIII-06).

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტისგან გამოთხოვილი ნასყიდობის დოკუმენტებით დადგინდა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მისი მხრიდან არ განხორციელებულა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის მითითებით იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 26 დეკემბერს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტები. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად მომჩივანმა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (ქსელური მოწყობილობა – 1 ერთეული; კერამიკის ფირფიტები – 20 ერთეული) ინვოისები, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება შეადგენს 498 აშშ დოლარი. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 256.26 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 256.26 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.