ბრძანება N 9901

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9901
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9901

04.05.2023

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2017 წლის 11 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/986-17-21) განსახილველად დაბრუნებული ფ/პ --ის (პ/ნ --) N107196/21-11 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე 2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ ქონების გადასახადს. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2012-2013 წლებში ის და მისი ოჯახის წევრები იყვნენ შემოსავლის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ავტომატურ რეჟიმში დარიცხული ქონების გადასახადის შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვები (ქონების გადასახადში - 880 ლარის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში - 22 ლარის ოდენობით) განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2011 წლის „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ (საოჯახო) საფუძველზე (2010 წელს მისი ოჯახის შემოსავალი აღემატებოდა 40 000 ლარს). დეკლარაციაში დასაბეგრ ბაზაში გადამხდელმა ასახა ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები და ---ის რ-ში, დაბა ---ში მდებარე 0,11ჰა და 0,147ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები. 2012-2016 წლების საანგარიშო პერიოდის დარიცხვები (ქონების გადასახადში - ყოველწლიურად 880 ლარის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში - ყოველწლიურად 22 ლარის ოდენობით) განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოგვიანებით, 2017 წლის 12 აპრილს ფ/პ ---მა (პ/ნ ---) ელექტრონული ფორმით წარმოადგინა 2014-2016 წწ. „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული წლიური დეკლარაციები“, რის საფუძველზეც განხორციელდა 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდზე გპაბ-ზე ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხული გადასახადების შემცირება სრულად.

ხოლო ფ/პ ---ის (პ/ნ ---) მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2017-2022 წწ. „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების“ საფუძველზე გპაბ-ზე ქონების გადასახადში დარიცხულ იქნა 2017-2022 წწ. ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ ---ის (პ/ნ ---) ოჯახის შემოსავალი 2011 წელს აღემატებოდა 40 000 ლარს, კერძოდ შეადგენდა 56 786.57 ლარს. შესაბამისად, 2012 წლის გადასახადი დარიცხულ იქნა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, ფ/პ ---ის (პ/ნ ---) მიერ განცხადება 2013 წლის „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ არწარმოდგენაზე დარეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, 2013 წლის ქონების გადასახადი დარიცხულ იქნა ავტომატურ რეჟიმში წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები და 2017 წლის 6 ივნისს გამოსცა ბრძანება №15433 ფ/პ --ის (პ/ნ ---) საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

აღნიშნული დარიცხვების თაობაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობა 2017 წლის 3 მაისის №21- 11/64386 წერილით. ფ/პ---მა (პ/ნ ---) 2017 წლის 11 მაისს გაასაჩივრა მომსახურების დეპარტამენტის №21-11/64386 გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები და 2017 წლის 6 ივნისს გამოსცა ბრძანება №15433 ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ფ/პ ---მა (პ/ნ ---) გააგრძელა დავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მომჩივნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადამხდელმა დავა გააგრძელა სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/986-17-21; შესულია კანონიერ ძალაში) ფ/პ ---ის (პ/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის №15433 ბრძანება და 2017 წლის 3 მაისის №21-11/64386 წერილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება. ასევე, შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივართან დაკავშირებით. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/986-17-21).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე, იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40000 ლარს. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების თანახმად:

2. ფიზიკური პირი, რომელსაც საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული აქვს ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) და შესაბამის საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში არ გააჩნია ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (დასაბეგრი ქონება ან/და მიწა) ან უფლებამოსილი იყო/არის ესარგებლა შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით დადგენილი საგადასახადო შეღავათით, უფლებამოსილია, ამ საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მიხედვით დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების (შემცირების) მოთხოვნით განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.

3. ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი განმცხადებლის მონაწილეობით უზრუნველყოფს საკითხის შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:

ა) განმცხადებელს აძლევს რეკომენდაციას წარადგინოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის/პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა;

ბ) ახორციელებს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადში საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) თანხის კორექტირებას (შემცირებას), თუ გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) ამ წესის შესაბამისად ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას):

ა) მიუხედავად იმისა, ქონების გადასახადის თანხაზე (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია/წარდგენილია თუ არა საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩაბარებულია/გასაჩივრებულია თუ არა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა;

ბ) სახელმწიფო უწყებაში/რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების, მათ შორის, მიწის მიმართ დარიცხვის ნაწილში;

გ) მიუხედავად იმისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ან/და 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-14 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ წარდგენილია თუ არა დეკლარაციის წარუდგენლობის შესახებ განცხადება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს ფ/პ ---ის (პ/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება განახორციელოს „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების საფუძველზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს ფ/პ ---ის (პ/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება განახორციელოს „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების საფუძველზე;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ.№11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს ავტომატურ რეჟიმში დარიცხული ქონების გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ ---ის (პ/ნ ---) ოჯახის შემოსავალი 2011 წელს აღემატებოდა 40 000 ლარს, კერძოდ შეადგენდა 56 786.57 ლარს. შესაბამისად, 2012 წლის გადასახადი დარიცხულ იქნა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივართან დაკავშირებით

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს ფ/პ ---ის (პ/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება განახორციელოს „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების საფუძველზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6) ; 201; 203; 205 (12;13): 206(1).