ბრძანება N 33812
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33812
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 11 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №135) განიხილა უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 11 დეკემბრის №85964/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №094-86 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემოწმებას ზედაპირულად აქვს შესწავლილი ფაქტობრივი გარემოება, რამაც გამოიწვია შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორი შეფასების და დასკვნის გამოტანა და შესაბამისად, არამართლზომიერი დარიცხვა. აცხადებს, რომ კონტრაქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულია ლარში და ყველა დოკუმენტი, რაც ფორმდება მხარეებს შორის, გაფორმებულია ლარში, სახელმწიფომ წინასწარ იცის რა ღირებულების აქტივს მიიღებს პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია (კონკრეტული რიცხვებით გამოხატული) გამოქვეყნებულია საჯარო საინფორმაციო თუ ოფიციალურ სამთავრობო ვებგვერდებზე. განმარტავს, რომ ფორმალურად კონტრაქტი გაფორმებულია ორ მხარეს შორის, თუმცა შინაარსობრივად გარიგებას ჰყავს მესამე მხარეც, ფინანსური ინსტიტუტის სახით, რომელიც პროექტის დაფინანსებისთვის ადგენს წინაპირობებს და მოთხოვნებს, რომლებიც უპირობოდ არის შესასრულებელი. ფაქტობრივი გარემოების ნაწილს წარმოადგენს ის, რომ დონორი ორგანიზაცია სთავაზობს მომსახურების გამწევ კონტრაქტორ მხარეს ფინანსურ მომსახურებას, როცა შემოაქვს ე.წ. ფიქსირებული კურსის პირობა და შესაძლებლობას აძლევს მხარეს სავალუტო რისკების დასაზღვევად მიიღოს ეს შეთავაზება. ზემოაღნიშნული დასტურდება აუდირებული ფინანსური ანგარიშგებებით, რომელიც ყოველწლიურად იტვირთება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიციური სპეციალისტების მსჯელობით. მიუთითებს, რომ საკურსო სხვაობით მიღებული მოგება ან ზარალი არის უცხურ ვალუტაში დენიმინირებული მოთხოვნის შედეგად გამოწვეული სხვაობა და შესაბამისად IFRS-ის და IAS-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოადგენს ფინანსურ შემოსავალს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 094-86 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27573 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 9 ოქტომბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 10 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 14 ნოემბრის №28009 ბრძანება და ამავე თარიღის №094-86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 846 551 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 128 765 ლარი, ჯარიმა 1 265 972 ლარი, საურავი 451 814 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
უსფ(წ) „----------“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება ლარში, ნაწილის კი - დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით (პროექტების შესაბამისად). დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს. ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო, დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, აქედან გამომდინარე, ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება ორ ვალუტაში განხორციელებულად. ამასთან, კომპანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის სხვაობას განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით.
შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე, მე-8 და 73-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალიწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ უსფ(წ) „----------“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება ლარში, ნაწილის კი - დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით (პროექტების შესაბამისად). შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №094-86 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №094-86 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანი ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება ლარში, ნაწილის კი - დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით (პროექტების შესაბამისად). შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №094-86 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(10); 159(1„ბ“); 161(1„ა“„აა“); 163(1,2) 164(1); 275; 269(7).