გადაწყვეტილება №25318/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25318/2/2025
07 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 16.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25318/2/2025).
დავის საგანი:
უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 24.12.2024 წლის ID:------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2025 წლის №3990 ბრძანება.
ფაქტების აღწერა გადასახადის
გადამხდელმა 2024 წლის 17 დეკემბერს N------- განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა დავალიანება: გადასახადი 278514.34 ლარი, ჯარიმა 143465 ლარი და საურავი 46689.91 ლარი. მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება/გადასახადების გადახდა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №------- დასკვნით, ჩამოეწერა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ხოლო 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადი დარჩა უცვლელი, რაზეც გადასახადის გადამხდელს ეცნობა 23.12.2024 წლის ------- წერილით.
მომჩივანმა 2024 წლის 23 დეკემბერს დამატებით წარადგინა ID:------- განაცხადი, რომლითაც ისევ მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის ID:------- გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დავალიანების ჩამოწერის შესახებ დაკმაყოფილებული იყო 2024 წლის 17 დეკემბრის №------- წერილის საფუძველზე.
მომსახურების დეპარტამენტის 24.12.2024 წლის ID:------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2025 წლის №3990 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის N13446 ბრძანებაზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერას და განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნებისთვის გამოიხმო სარჩელი სასამართლოდან და შემოსავლების სამსახურში მოითხოვა დარიცხული თანხების დროებითი აღრიცხვის ბარათიდან აღიარებულ პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა. ამასთან, წარადგინა განცხადება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე, რის საფუძველზეც დავალიანება დაუკორექტირდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში №3/5591-21 საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ განხორციელდა რიგი უკანონო ქმედებები და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩატარდა უკანონო პროცედურები. 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები გადაიტანა იმ პერიოდზე, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო ამნისტია. ხოლო, 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდზე შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები ჩათვალა შეუსრულებლად და დაარიცხა ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252- ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის N13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელების ბარათებზე ვალდებულების მიხედვით თანხების გადანაწილება წარმოადგენს დღის შესრულებას.
ამავე ინსტრუქციის 91 მუხლის მე-7 და მე-15 პუნქტების თანახმად:
7. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
15. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 18.06.2025 წლის №------- წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
11.12.2024 წელს გადასახადის გადამხდელის დროებით ბარათზე დარიცხული თანხები აღიარებულია და გადატანილია ძირითად ბარათზე. მომჩივანს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემების მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 278 514.34 ლარი, ჯარიმა 143 465 ლარი და საურავი 46 689,91 ლარი. ამასთან, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება/გადასახადების გადახდა).
ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №------- დასკვნით განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 20.12.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა (ჯარიმა 143 465 ლარი და საურავი 73 528.84 ლარის ოდენობით). ხოლო, 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადები ფიქსირდება დავალიანებად.
მომჩივნის არგუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები გადაიტანა იმ პერიოდზე, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო ამნისტია, ხოლო, 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდზე, შესრულებული ვალდებულებები ჩათვალა შეუსრულებლად, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული გადახდა, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დაფარვას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, ხოლო განმეორებით თანხის ჩამოწერის მოთხოვნით მიმართვის მომენტისთვის, საგადასახადო ორგანოს 2024 წლის 17 დეკემბრის №------- წერილის საფუძველზე დაკმაყოფილებული ჰქონდა განცხადება, ამდენად, მომჩივნის განმეორებითი მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა დავალიანება. მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება/გადასახადების გადახდა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის დასკვნით, ჩამოეწერა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ხოლო 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადი დარჩა უცვლელი, რაზეც გადასახადის გადამხდელს ეცნობა წერილით.
მომჩივანმა 2024 წლის 23 დეკემბერს დამატებით წარადგინა განაცხადი, რომლითაც ისევ მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დავალიანების ჩამოწერის შესახებ დაკმაყოფილებული იყო.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის განმეორებითი მოთხოვნა დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37-დ)