გადაწყვეტილება №20364/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20364/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 24.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20364/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №CB1469881 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15694 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს 8.05.2023 წლის №DES 9 23 00033521 წერილის საფუძველზე, გადამოწმდა „მერსედესის“ მარკის (სახ.----) ავტომანქანა და დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა მისი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 4.35 მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ფიცრის ტრანსპორტირებას ხე-ტყის №---სასაქონლო ზედნადებით, სადაც ცნობის ნომრად ნაცვლად №0001583-2023-303-0002, მითითებული ჰქონდა №0001583-2023-303-0001. აღნიშნული ცნობით მეწარმეს შეეძლო 12.59 მ 3 ტრანსპორტირება. აღნიშნულ ფაქტზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1469881 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.07.2023 წლის №15694 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის 12 და მე-5 ნაწილებზე და „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2.05.2023 წლის №--- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ახდენდა მის საკუთრებაში არსებული 4.5 მ 3 მოცულობის წიწვიანი ჯიშის ფიცრის ტრანსპორტირებას ---ის მიმართულებით. ---- უბანზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაშვებული ჰქონდა მექანიკური შეცდომა ხე-ტყის პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობის ნომერში, ნაცვლად №0001583-2023- 303-0002-სა შეცდომით ჩაწერა №0001583-2023-303-0001. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ ხე-ტყის მორის შესყიდვა, სახერხ საამქროში შეტანა, გადამუშავება, სახერხი საამქროდან გატანა და პროდუქციის ტრანსპორტირება განხორციელებულია მოქმედი კანონის შესაბამისად. ფიცრების ტრანსპორტირებას ახდენდა ატვირთული ზედნადებით, რომელშიც დაუშვა მექანიკური შეცდომა, ამდენად მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს არ უნდა ჩაეთვალათ, რომ საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა ზედნადების გარეშე. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხე-მასალის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით:
12 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №74841-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №DES 9 23 00033521 წერილის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა (სახ. ---), რა დროსაც დადგინდა, რომ --- (ს/ნ ---) ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (4,35მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1469881 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
ამავე საკითხზე 28.09.2023 წელს წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №97265-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ ავტომანქანის შეჩერების შემდეგ, როდესაც გამოვლინდა სამართალდარღვევა, მეწარმემ ელ.
ზედნადები დააკორექტირა და გამოიყენა N0001583-2023-303-0002 ცნობიდან 4,5მ3 ფიცარი, რაც ავტომატურად გაიხარჯა, მაგრამ გაუხარჯავი დარჩა 8,09 მ 3 ფიცარი, რომელის ტრანსპორტირებაც მეწარმემ ეტაპობრივად მოახდინა ---დან. №0001583-2023-303-0002 ცნობით მეწარმეს შეეძლო 12,59 მ 3 ფიცრის ტრანსპორტირება სამართალდარღვევის მომენტში.
მომჩივნის განმარტებით დაშვებული ჰქონდა მექანიკური შეცდომა ხე-ტყის პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობის ნომერში, ნაცვლად №0001583-2023-303-0002-სა შეცდომით ჩაწერა №0001583- 2023-303-0001. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ ხე-ტყის მორის შესყიდვა, სახერხ საამქროში შეტანა, გადამუშავება, სახერხი საამქროდან გატანა და პროდუქციის ტრანსპორტირება განხორციელებულია მოქმედი კანონის შესაბამისად. ფიცრების ტრანსპორტირებას ახდენდა ატვირთული ზედნადებით, რომელშიც დაუშვა მექანიკური შეცდომა. ფიცრების ტრანსპორტირებას ახდენდა ატვირთული ზედნადებით, რომელშიც დაუშვა მექანიკური შეცდომა, ამდენად მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს არ უნდა ჩაეთვალათ, რომ საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა ზედნადების გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:
თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.
ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15694 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №CB1469881 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დავის საგანი
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1469881 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.07.2023 წლის №15694 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 12; 291.