ბრძანება N 5349
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5349
21 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 5 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) №94457/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №021-91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს. განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება გადარიცხული თანხების შინაარსი.
2. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 იანვრის №188 და 20 თებერვლის №3539 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 დეკემბრის №26921 ბრძანება და ამავე თარიღის №021-91 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 836 879 ლარი, მათ შორის გადასახადი 987 813 ლარი, ჯარიმა 493 907 ლარი და საურავი 355 159 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (------) ავანსის სახით გადარიცხული თანხა 5 126 818 ლარის ოდენობით (1 889 000 აშშ დოლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, არარეზიდენტზე გადახდილი ავანსის თანხა სრულად ფიქსირდება საბოლოო ნაშთში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი იურიდიული პირისგან არ მიუღია საქონელი. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, სამეურნეო ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე შეიცვალა მისი კვალიფიკაცია და ოპერაციის შეფასება განხორციელდა არა გაცხადებული ფორმის, არამედ შინაარსის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები განხილულ იქნა გაცემულ სესხად. შესამოწმებელ პერიოდში, გადარიცხული თანხები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით. ამასთან, ვინაიდან არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები მიჩნეული იქნა გაცემულ სესხად, შემოწმების მიერ ასევე განისაზღვრა მისაღები საპროცენტო შემოსავალი (9.25%), რომელიც ჩაითვალა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ავანსის სახით გადარიცხული თანხა. საგულისხმოა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია. შესაბამისად, შემოწმების მიერ, სამეურნეო ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შეიცვალა მისი კვალიფიკაცია, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოგების გადასახადის ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს თანხა ავანსის სახით არარეზიდენტ იურიდიულ პირზე აქვს გადარიცხული, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთში გადარიცხული თანხა სრულად ფიქსირდება და ასევე არ დგინდება ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონლის მიღება შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს.
2. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ავანსის სახით გადარიცხული თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, არარეზიდენტზე გადახდილი ავანსის თანხა სრულად ფიქსირდება საბოლოო ნაშთში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი იურიდიული პირისგან არ მიუღია საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები განხილულ იქნა გაცემულ სესხად. შესამოწმებელ პერიოდში, გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ემოწმების მიერ ასევე განისაზღვრა მისაღები საპროცენტო შემოსავალი (9.25%), რომელიც ჩაითვალა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად დაიბეგრა მოგების გადასახადით.
პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);982(3);275