გადაწყვეტილება №24840/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2025
№ დოკუმენტი 4840/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24840/2/2025

16 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------28.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24840/2/2025).

 

დავის საგანი:

-------- წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდის გაცემად, ხოლო შპს „--------“ და შპს „-------“ დამფუძნებლების ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №006-503 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2025 წლის №2586 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 428 784,61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 232 428

მოგების გადასახადი - 181 114

საშემოსავლო გადასახადი - 51 314

ჯარიმა - 116 214

საურავი - 80 142,61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეტალო-პლასტმასის და ალუმინის ნაკეთობების წარმოება და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს დამფუძნებლები რეგისტრაციის თარიღიდან არიან -------- 50 % და --------- - 50% (მამა). შპს „----------“ დირექტორს და დამფუძნებელს --------- - და -------- --------- ერთად 2018 წლის 30 იანვარს დაფუძნებული აქვს შპს „---------“.

წილების თანაფარდობაა 40/40/20 პროცენტი. კომპანიის საქმიანობის სფეროა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს, სასტუმროების, სპორტული და დასასვენებელი ობიექტების, საოფისე ფართების ელექტრო გაყვანილობების, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილების სისტემების დაპროექტებას და მონტაჟს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ფინანსური ანგარიშგების და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 3.02.2022 წელს შპს „------“ - შეიძინა შპს „--------“ მისი კუთვნილი 40% წილი. შპს „-------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება 2022 წლის თებერვალში შეფასებულია შპს „-------“ მიერ 3 860 000 ლარად. 40%-იანი წილის ღირებულების თანხა 1 500 000 ლარი ----------- შპს „----------“ მიერ გადახდილია სალაროდან. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ --------- შპს „----------“ საკუთარი 40% წილიდან --------- გაასხვისა 14%, რომლის ღირებულებამ შეადგინა 525 000 ლარი. ამავე წლის 31 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ----------მის საკუთრებაში დარჩენილი შპს „---------“ 26% წილიდან 16% გაასხვისა შპს „---------“, საიდანაც ანაზღაურების სახით მიიღო 600 000 ლარი, რომელიც გადახდილია 30.08.2022 წელს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის ბოლოსთვის შპს „-----------“ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „---------“ - 56%, - - ---------10% და -------- - 34%.

10.05.2023 წელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ------- შპს „--------“ დარჩენილ 10% წილს ასხვისებს შპს ----------“ 375 000 ლარად. თანხა ასევე გადახდილია 22.12.2022 წელს და 28.12.2022 წელს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით, წინასწარ, წინარე შეთანხმების საფუძველზე.

2024 წლის საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერიდან დგინდება, რომ შპს „----------“ 66% წილის მფლობელია შპს „--------“ და 34%-ს ფლობს -------. საბოლოოდ, შპს „------“ საკუთარი დამფუძნებლისგან ---------- ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა შპს „--------“ წილი, რომლის საფასურმაც ჯამში შეადგინა 975 000 ლარი. თანხის გაცემა კომპანიის სალაროდან დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან, საიდანაც ასევე დგინდება, რომ თანხა გატანილია თავად --------- მიერ.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-19, 97-ე, 981 , მე-8, 130-ე და 154-ე მუხლებისა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შპს „-----------“ მიერ -------- შპს „----------“ წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, გააჩნდათ საერთო დამფუძნებელი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს, აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „-------“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ---------- წილის შეძენისთვის სალაროდან გადახდილი თანხა 975 000 ლარი „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №006-503 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2025 წლის №2586 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კომპანიის 2021 წლის არასასურველი ფინანსური შედეგით. შპს „------“-ს წილის 50%-ის მფლობელისა და კომპანიის დირექტორის ------- შეხედულებით, ვინაიდან შპს „--------“-სა და შპს „--------“-ს საქმიანობები კავშირშია ერთმანეთთან, ობიექტზე, სადაც შპს „--------“ ახორციელებს ელექტროტექნიკურ სამონტაჟო საქმიანობებს, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა შემდგომი პროცესზე დამკვეთთან მარტივად შეძლოს მოლაპარაკება შპს „--------“-მ და განახორციელოს მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის ნაკეთობების ნაწარმის მიწოდება და მონტაჟი, მნიშვნელოვანი იქნებოდა შპს „---------“ საკონტროლო პაკეტი შეეძინა შპს „---------“-ს. ამ მოტივაციით მოხდა შპს -------- წილის 40%-ის შესყიდვა ----------, ხოლო 26%-ის შესყიდვა მოხდა ---------.

საგადასახადო ორგანომ ჩათვალა, რომ ------- წილის შესყიდვის ოპერაცია არ შეესაბამება შინაარს და წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაექვემდებარა დაბეგვრას მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. რეალურად, შპს „---------“-ს დირექტორისა და მმართველის ---------- პროგნოზი გამართლდა. უკვე 2024 წელს შპს „---------“-მ და შპს „----------“-მა 11 საერთო პროექტი განახორციელა და ამ პროექტების შედეგად ჯამში მიღებულმა შემოსავალმა 9 465 235 ლარი შეადგინა (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, 2024 წელს 4 მილიონი ლარით გაიზარდა --------- შემოსავლები წინა წლებთან შედარებით. წლების განმავლობაში შპს „-------“ მუდმივად დაკავებული იყო ინვესტიციების განხორციელებითა და გაფართოებით, მაგრამ ვერ ხერხდებოდა შემოსავლის ეფექტური ზრდა. შემოსავლები საშუალოდ 8 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა. შპს „-----------“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შედეგად მოხერხდა შემოსავლის ნაწილში შპს „--------“ ხარჯზე 4 მილიონიანი ზრდა.

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ შპს „------“ მიერ ფ/პ -------- შპს „---------“ წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავთ საერთო დამფუძნებელი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს და აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „----------“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. რეალურ სურათით (რაც მოკლედ არის გადმოცემული წინამდებარე საჩივარში), შეუძლებელია არგუმენტირებული მტკიცება იმისა, რომ შპს „----------“-ს მიერ --------- წილის შესყიდვას არ ჰქონდა ეკონომიკური შინაარსი, ან რომ წილის შესყიდვას არ აქვს ეკონომიკური გავლენა. საგადასახადო ორგანოს პოზიციით 9 მილიონის ღირებულებების პროექტების განხორციელებას არ აქვს ეკონომიკური შინაარსი და 4 მილიონიანი ზრდა შემოსავლის ნაწილში უმნიშვნელოა. გარდა ამისა შპს „-----------“-ში შპს „------------“-ს მიერ წილის შესყიდვის შედეგად აბსოლუტურად შეიცვალა კომპანიის მართვის ფორმა. შპს „----------“ უკვე გააჩნია მოცულობითი საოფისე შენობა, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და ესეც მიუთითებს მკაფიო ეკონომიკურ შინაარსზე.

საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილია შპს „--------“ პარტნიორების მიერ წილების რეალიზაციის თანმიმდევრობა და ფასები. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი ოპერაციები: შპს -------- ----------- შეისყიდა შპს „-----------“-ს წილის 40% - 1 500 000 ლარად. -----------შპს „----------“-ს წილის 14 % მიჰყიდა ----------- - 525 000 ლარად. ---------- შპს „-“-ს წილ---------ის 16 % მიჰყიდა შპს ------------ს - 600 000 ლარად. 2023 წლის 10 მაისს --------- შპს „----------“-ს წილიდან დარჩენილი 10% მიჰყიდა --------------ს 375 000 ლარად. თანხა გადახდილია 2022 წლის 22 და 28 დეკემბერს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად. ჯამში შპს ---------- დამფუძნებლისგან ------------ შეიძინა წილი სულ 975 000 ლარად. შემმოწმებელთა შეფასებით „საწარმოები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს“, ამიტომ „წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს“.

აქედან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ შპს „----------“-ს მიერ - შპს „---------“ ----------წილის 26%-ის შეძენა განხორციელდა შპს „-------“-საგან ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანის მიზნით, ხოლო --------- წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხა ჯამში 975 000 ლარი დაკვალიფიცირდა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად მითითებულია შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ“. შპს „-------“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2022 წლის თებერვალში შეფასებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია საბაზრო პრინციპების დაცვით, რაც არ გამხდარა სადავო შემოწმების შედეგად.

შემმოწმებელთა შეფასება მოულოდნელია. არასწორადაა ინტერპრეტირებული ოპერაციების შინაარსი, ხოლო ოპერაციის მიზანი სრულიად უგულებელყოფილია. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ პუნქტის თანახმად ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ აუდიტის დეპარტამენტი უბრალოდ ცდილობს არ ისარგებლოს შეღავათით წილის მიმწოდებელმა ფიზიკურმა პირმა.

ოპერაციის მიზანი და რეალური შინაარსი: შპს „-----------“-ს მიერ შპს „---------------“ წილების შესყიდვის მიზანია ბაზრის გაფართოვება. როგორც შპს „-“-ს, ასევე ---------შპს „---------“ საქმიანობა კავშირშია სამშენებლო/სარემონტო სექტორთან. შპს „-----------“ წილების საკონტროლო პაკეტის შეძენამ შესაძლებელი გახადა ბაზარზე უფრო მოქნილი ქმედებით და ერთობლივი სტრატეგიით მეტი კლიენტის მოზიდვა. შედეგებიც სახეზეა, შპს „-“----------ს მიერ ჯამში შესყიდულია შპს „------------“ წილის 66%. აქედან 26%-ის შესყიდვა მოხდა კომპანიის დამფუძნებლისგან,--------, ხოლო 40% შესყიდულ იქნა ---------.

შემოწმების შედეგად, მოგების განაწილებად ჩაითვალა მხოლოდ წილის 26%-ის შესყიდვის სანაცვლოდ გადახდილი თანხა და მხოლოდ ამ ოპერაციაში ვერ იქნა დანახული ეკონომიკური შინაარსი. თვალნათლივ ჩანს, რომ ორივე ტრანზაქცია – როგორც წილის 40%-ის შეძენა დამოუკიდებელი ფიზიკური პირისგან, ასევე 26%-ის შეძენა დამფუძნებლისგან – მიმართულია ერთი და იგივე სტრატეგიული მიზნის, ანუ კომპანიის კონტროლის დასამყარებლად. ორივე ოპერაცია ხელს უწყობს შპს „-----------“-ს მიერ შპს „----------“ მართვისა და გადაწყვეტილებების კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ორივე ოპერაცია თანაბრად ემსახურება ერთ მიზანს და ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება 26%-იანი წილის შესყიდვის ოპერაციის განსხვავებულად ინტერპრეტირება. ნუთუ ლოგიკურია მტკიცება, რომ რადგან ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდება გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, ამის გამო შპს „----------“-ს უარი უნდა ეთქვა სტრატეგიულად გამართლებულ მიზანზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ოპერაციის შინაარსის ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს თუ ოპერაციის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. ჩვენს შემთხვევაში აშკარაა, რომ სახეზეა კანონიერი ოპერაცია და აღნიშნულ ოპერაციაში არ იკვეთება არანაირი თვალთმაქცობა. შესაბამისად ოპერაციის შინაარსის შეცვლა არ ემყარება არანაირი სამართლებრივ საფუძველს.

მეთოდური მითითების არასწორი ინტერპრეტაცია: შემმოწმებელთა მიერ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ“. კერძოდ აღნიშნული მეთოდური მითითების მე-8 მუხლის პირველი მაგალითი. თუმცა უგულებელყოფლია მაგალითში მითითებული უმნიშვნელოვანესი გარემოება. კერძოდ, მაგალითის დასაწყისში ვკითხულობთ: „საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „--------“-ს დამფუძნებლებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებიც ამავდროულად შპს „-------“-ს დამფუძნებლებიც არიან.“ „მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს „-------“-ს 100%-იან წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ უნდა იქნას საეჭვო სამეურნეო ოპერაციად“. ჩვენს შემთხვევაში შპს „----------“-ს და შპს „----------“ დამფუძნებლები არ არიან ერთი და იგივე პირები. მამა და შვილი სამართლებრივად დამოუკიდებელი პირები არიან. შპს ----------“-ს მიერ შპს „-----------“-ს წილების შესყიდვა წარმოადგენს რეალურ ცვლილებას შპს „-----------“- ს მმართველობაში. ზოგადად გაუგებარია მამა და შვილი რა სამართლებრივი ნორმებით იქნა მიჩნეული ერთი და იგივე პირად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ----------- არ გახლავთ ----------- ერთადერთი შვილი შესაბამისად მამის აქტივის მფლობელად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ----------. მსგავსი მსჯელობა, უბრალოდ არასწორია და არ ეფუძნება არც სამართლებრივ ნორმას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების გამოყენება ვერ იქნება არამართლზომიერი.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თა ვად მეთოდური მითითება, იმ შემთხვევასაც კი, როცა 2 კომპანიას ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებლები, არ მიიჩნევს უპირობოდ დასაბეგრ ოპერაციად და მიანიშნებს ოპერაცია აღქმული იქნას როგორც საეჭვო და არა ცალსახად დასაბეგრი. ჩვენს შემთხვევაში ერთის მხრივ სრულიად დასაბუთებულია ოპერაციის მიზანი, ხოლო მეორეს მხრივ არასწორია მსჯელობა, რომ წილების ნასყიდობის შედეგად არაფერი შეცვლილა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

მომჩივანი აპელირებს შპს „------“ მიერ ------- შპს „------“ საკონტროლო პაკეტის შეძენის დადებით ფინანსურ გავლენაზე, ვინაიდან აღნიშნული წილის შეძენის შემდეგ მოხდა შემოსავლის გაზრდა. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „--------“ მიერ ----------- შპს „---------“ წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი. საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავთ საერთო დამფუძნებელი. აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „-----------“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა.

მხარეთა არგუმენტაციის, საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2025 წლის №2586 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფ/პ-ისთვის წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდის გაცემად, ხოლო შპს „À“ და შპს „B“ დამფუძნებლების ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეტალო-პლასტმასის და ალუმინის ნაკეთობების წარმოება და რეალიზაცია.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ფინანსური ანგარიშგების და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ შპს-ს დამფუძნებლები არიან 2 პირი,თითოეული 50%-იანი წილის მფლობელია, ხოლო დირექტორი არის სხვა პირი, რომიც არის სხვა შპს-ეს დაფუძნებული ამ 2 პირთან ერთად. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ საკუთარი 40% წილიდან პირმა გაასხვისა 14%. ამავე წლის 31 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მის საკუთრებაში დარჩენილი შპს-ს 26% წილიდან 16% გაასხვისა სხვა შპს-ზე რომელიც გადახდილია 2022 წლის 30 აგვისტოს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლოსთვის შპს წილები გადანაწილდა შემდეგნაირად - 56%;10% და34% 3 პირზე. 2023 წლის 10 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დარჩენილ 10% წილს ასხვისებს სხვა შპს-ზე. თანხა ასევე გადახდილია 2022 წლის 22 და 28 დეკემბერს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით.

წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავთ საერთო დამფუძნებელი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს და აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. აღნიშნული ჩაითვალა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2025 წლის №2586 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(6,9);96(ა);981;130(1);154(1);