ხელშეკრულების მოშლისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა N 2523

2523 ხელშეკრულების მოშლისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა 21.05.2015
№ დოკუმენტი 2523
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ხელშეკრულების მოშლისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა N 2523

ფაქტობრივი გარემოებები

· პირის მიერ 2010 წლის ნოემბერში გაყიდულია უძრავი ქონება (200 კვ.მ. კომერციული ფართი)

· უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები გამყიდველის მიერ არ შესრულდა, რის გამოც მყიდველმა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო დავა, რაზეც 2014 წლის ნოემბრის თვეში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით, მოშლილად იქნა ცნობილი 2010 წლის ნოემბერში გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ნაკლოვანად მიჩნეული ნივთი 200 კვ.მ. ფართი უნდა დაუბრუნდეს გამყიდველს, ხოლო ამ ნივთში გადახდილი თანხა - მყიდველს

· პირმა (გამყიდველმა) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოადგინა 2010 წლის მოგების გადასახადის შესწორებული დეკლარაცია, რომლითაც შეიმცირა საგადასახადო ვალდებულება

შეფასება

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის, 352-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, წყდება სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობები მხოლოდ სამომავლოდ და იგი არ იწვევს მოშლამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების ბათილობას. ამასთან, მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უკან უბრუნდებათ

· ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა 2014 წელს და უძრავი ქონება დაუბრუნდა ქონების მიმწოდებელს, პირი ვალდებულია, ნაცვლად 2010 წლისა, შეასწოროს 2014 წლის (ხელშეკრულების მოშლის პერიოდის) მოგების გადასახადის დეკლარაცია

ღონისძიებები

· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად

სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს პირის მიერ პირისათვის სარგებლის მინიჭების საკითხს;

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირები ურთიერთდამოკიდებული არიან;

დღგ-ის და ქონების გადასახადთან მიმართებაში, ანალოგიური შემთხვევებისათვის გამოცემულია, №1185 და №1420 სიტუაციური სახელმძღვანელოები.