გადაწყვეტილება №17823/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17823/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17823/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 24.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17823/2/2022).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №EL172795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23005 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 685,04 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

30.06.2022 წელს მომჩივნის მიერ №---------- საბაჟო დეკლარაციით საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული იქნა 32 496,46 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (1 823,13 კგ).

აღნიშნული დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი 5.07.2022 წელს შემოვიდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით, საიდანაც საქონელი შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ამასთან საქონლის იდენტიფიცირების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და ცხოველთა კანის მოვლის საშუალების სასაქონლო კოდის დადგენის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 8.07.2022 წლის №„----------“ დასკვნის თანახმად საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ ცხოველების კანის მოვლის საშუალებას ნაცვლად დეკლარირებული 3304 99 000 00 სეს ესნ კოდისა, განესაზღვრა 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი.

საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახადით, აღნიშნულმა კი გამოიწვია №---------- საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 842,52 ლარით (იმპორტის გადასახადი - 714 ლარი; დღგ - 128,52 ლარი).

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა №---------- საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 842,52 ლარით შემცირებას, რაზეც მას, 8.07.2022 წლის №EL172795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 685,04 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტი) ოდენობით.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.09.2022 წლის №23005 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 197-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე და „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 33-ე ჯგუფით განისაზღვრება ეთერზეთები და რეზინოიდები; პარფიუმერული, კოსმეტიკური და ტუალეტის საშუალებები.

მომჩივნის მიერ მითითებულ 3304 პოზიციაში ჩართულია კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟის საშუალებები და კანის მოსავლელი საშუალებები (სამკურნალოს გარდა), გარუჯვის ან გარუჯვის საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით; მანიკიურისა ან პედიკიურის საშუალებები. 3304 99 000 00 სეს ესნ კოდში მითითებულია: – – დანარჩენი. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ 3307 პოზიციაში ჩართულია საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროსა ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსოებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე. 3307 90 000 00 სეს ესნ კოდში კი მითითებულია: – დანარჩენი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე, 167-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე,დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 8.07.2022 წლის №„----------“ დასკვნით, ცხოველების კანის მოვლის საშუალებას ნაცვლად დეკლარირებული 3304 99 000 00 სეს ესნ კოდისა, განესაზღვრა 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იბეგრება იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ამდენად, საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახადით, რამაც გამოიწვია საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული იმპორტის გადასახდელის 842,52 ლარით გაზრდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 842,52 ლარით შემცირებას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას. იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ კომპანიას წარსულში (12 თვე) დაკისრებული აქვს იგივე საბაჟო პასუხისმგებლობა, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

საქმის მასალებით დგინდება ასევე, რომ 8.07.2022 წელს ჯარიმის გადახდის შემდეგ საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილია საბაჟო კონტროლის ზონიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ცხოველების კანის მოვლის საშუალებისთვის 3307 90 000 00 სეს ესნ კოდში კლასიფიცირება მართლზომიერია, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.06.2022 წელს იმპორტის წინასწარ დეკლარირებაზე გაკეთდა განაცხადი. წინასწარი დეკლარირების დროს ცხოველის კანის მოვლის საშუალებას კრემ „----------“-ს მიუთითა 3304 99 000 00 სასაქონლო კოდი, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით. აღნიშნული კოდით გაკეთდა მომწოდებელი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციაც. აღნიშნული ექსპორტის დეკლარაცია სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად ატვირთული იყო წინასწარი დეკლარირებისას.

30.06.2022 წელს წინასწარ დეკლარირებაზე მიიღო დადებითი პასუხი სასაქონლო კოდის შეუცვლელად და მიენიჭა ნომერი ---------- წელს საზღვრის გადმოკვეთისას ტვირთს განესაზღვრა ყვითელი დერეფანი და გეზ-ში დოკუმენტაციის შემოწმებისას მებაჟემ ეჭვი შეიტანა კრემ „----------“-ს სასაქონლო კოდის სისწორეში

მრავალი არგუმენტის მოყვანის მიუხედავად, კოდის დადგენის მიზნით გადაგზავნილ იქნა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოში ექსპერტიზაზე, სადაც №„----------“ ექსპერტიზის დასკვნით კრემ „----------“-ს მიანიჭეს 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი, რომელიც იბეგრება იმპორტის გადასახადით. გამომდინარე აქედან, ვინაიდან აღნიშნული კოდის ცვლილებამ გამოიწვია წინასწარ დეკლარაციაში გადასახდელის გაზრდა, შესაბამისად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL172795. ექსპერტიზის დასკვნაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ პირველი პუნქტის თანახმად, „საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის განმარტებებით“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქონლის აღწერა მოხდა შემდეგნაირად: კრემი „----------“-ს მოვლისთვის და მიენიჭა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი.

შემოსავლების სამსახურმა ოქმის გაუქმების მოთხოვნით მომჩივნის არგუმენტად მიუთითა მხოლოდ ზოგადი პოზიციის დაფიქსირება, კერძოდ იმის შესახებ, რომ მისი მიზანი არ არის გადასახადის დამალვა, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა თითქოს მხოლოდ ამის გამო ითხოვდა ოქმის გაუქმებას, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. გაუგებარია რა არგუმენტებით შეიცვალა სასაქონლო კოდი, ვინაიდან კრემი „----------“ არის ცხოველების კანის მოვლის საშუალება - კრემი „----------“ კანის მოვლისთვის.

ექსპერტმა მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითად წესებზე“, სადაც უთითებს კონკრეტული პუნქტის ჩანაწერს, სადაც წერია „საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის განმარტებებით“, გამომდინარე აქედან განვიხილოთ რას მოიცავს „----------“ კერძოდ 3304-ის და 3307-ის ტექსტები და განმარტებები თავისი შენიშვნებით. 3304 - კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟის საშუალებები და კანის მოსავლელი საშუალებები (სამკურნალოს გარდა) გარუჯვის ან გარუჯვის საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით, მანიკიურისა ან პედიკიურის საშუალებები. 3307 - საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროსა და პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, დეზოდორანტები სათავსოებისთვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისებების მქონე ან არმქონე.

ასევე შენიშვნაში მოცემულია რას ნიშნავს და რომელ პროდუქტებს მოიცავს (3307 სასაქონლო პოზიციის) ტერმინი „პარფიუმერული, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები“ - პაკეტები სურნელოვანი ნივთიერებებით, წვის დროს სუნის გამავრცელებელი ნელსურნელებანი, არომატიზებული ხელსახოცები და ქაღალდი, გაჟღენთილი ან დაფარული კოსმეტიკური შედგენილობით, ხსნარები კონტაქტური ლინზებისა ან თვალის პროტეზების შესანახად, ბამბა ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი ქსოვილები, გაჟღენთილი დაფარული ან დანამული პარფიუმერული ან კოსმეტიკური საშუალებებით; ტუალეტის საშუალებები ცხოველებისათვის.

სეს ესნ-ის ინტერპრეტაციის წესების, ტექსტების, განმარტებების და შენიშვნების მიხედვით 3304 ჯგუფში პირდაპირ წერია კანის მოვლის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ 3307 ჯგუფი ძალიან კარგად და მკაფიოდ არის განმარტებული და არც ტექსტში და არც შენიშვნებში მსგავსი რამ არ წერია, გაუგებარია კოდის შეცვლის არგუმენტი და დაუშვებელია აღნიშნულ კოდში „----------“ კანის მოვლის საშუალების რაიმე ფორმით განხილვაც კი. კრემი „----------“ არის ცხოველის კანის მოვლის საშუალება და არა 3307 ჯგუფში ხსენებული არც პარსვის დროს გამოსაყენებელი, არც კოსმეტიკური თუ ტუალეტის საშუალებები, რომელიც ზუსტად და მკაფიოდ არის ახსნილი და განმარტებული თუ რას მოიცავს აღნიშნული ტერმინები და რომელი საქონელი იგულისხმება აღნიშნულ კოდში.

ასევე ექსპერტი არ უარყოფს, რომ აღნიშნული კრემი „----------“ საშუალებაა, უბრალოდ საქონლის აღწერაში „ცხოველთა კანის მოვლის საშუალება“ შეცვალა „კრემი „----------“ მოვლისთვის“ ტექსტით, თითქოს „----------“-ს გარსი კანი არ იყოს (კანი - განმარტება (ლათ. cutis) – ადამიანისა და ცხოველების სხეულის ზედაპირული საფარველი).

სავარაუდოდ აღნიშნული ფაქტი გამოიყენა კოდის შესაცვლელად. ვინაიდან დასკვნა ბუნდოვანია და სხვა კონკრეტული არგუმენტი და განმარტება დასკვნაში მოყვანილი არ არის, გაუგებარია კონკრეტულად რის საფუძველზე მოხდა კოდის შეცვლა. შემოსავლების სამსახურს თავის არგუმენტებში მოყვანილი აქვს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი, 35-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 3307 სეს ესნ კოდის განმარტება და ასევე ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც არანაირად არ არის წარდგენილი არგუმენტების საწინააღმდეგო, პირიქით ამყარებს მომჩივნის პოზიციას. შემოსავლების სამსახურმა საკმაოდ მოცულობითი ტექსტი წარმოადგინა საჩივრის არდაკმაყოფილების მიზეზების განსამარტავად, თუმცა არცერთი განმარტება და დასაბუთებული არგუმენტი არ დააფიქსირა კონკრეტულად რომელი ჩანაწერის გამო შეიცვალა კოდი, უბრალოდ ბრმად ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნას და კოდის შეცვლას თვლის მართლზომიერად.

ასევე საჩივრის არდაკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად მოყავს ის ფაქტი, რომ ჯარიმა უკვე გადახდილია, რაც გაუგებარი არგუმენტია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ ეთანხმებოდა აღნიშნულ სამართალდარღვევას და გადასახდელად დროც ჰქონდა, ზედმეტობაც ჰქონდათ ბარათზე, თუმცა განმარტეს, რომ თუ ჯარიმა არ იქნებოდა გადახდილი კომპანიას ტვირთს არ გამოატანდნენ.

სადავო არ არის, რომ კრემი „----------“ არის ცხოველის კანის მოვლის საშუალება და თუ ასეა, მკაფიოდ უნდა განიმარტოს თუ რომელი სასაქონლო პოზიციის ტექსტის მიხედვით აღმოჩნდა კანის მოვლის საშუალება 3307 კოდში, როცა 3304 ჯგუფში პირდაპირ წერია კანის მოვლის საშუალება. აღნიშნულის მკაფიო განმარტება დაასრულებს ამ დავას.

ვინაიდან კოდის შეცვლა მოხდა არასწორად, კანის მოვლის საშუალება კრემ „----------“-ს 3307 კოდის ნაცვლად უნდა მიენიჭოს 3304 კოდი, შესაბამისად უნდა მოიხსნას იმპორტის გადასახადი, ასევე გაუქმდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ოქმის საფუძველზე დარიცხული სანქცია მოიხსნას სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 8.07.2022 წლის №„----------“ დასკვნით საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ ცხოველების კანის მოვლის საშუალებას ნაცვლად დეკლარირებული 3304 99 000 00 სეს ესნ კოდისა, განესაზღვრა 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილია საბაჟო კონტროლის ზონიდან ისე, რომ საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით არ მომხდარა ნიმუშის აღება და საბაჟო ლუქით დალუქვა. საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი სეს ესნ კოდის განსაზღვრის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები ვერ ჩაითვლება სეს ესნ კოდის განსაზღვრის/შეცვლის საკმარის საფუძვლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.