გადაწყვეტილება №18999/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.03.2023
№ დოკუმენტი 18999/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18999/2/2023

23.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 2.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18999/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №000-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3993 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 081,39 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომსახურების დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №011-12 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შპს ---------ის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 15.12.2022-9.01.2023 წწ პერიოდში.

აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შეფარდებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №011-12/1 ბრძანების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №011-12 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (16.01.2023 წ.) და 26.01.2023 წლის №1075 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების (26.01.2023 წ.) თარიღში პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 165-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე მომჩივნის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა მომსახურების დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №000-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა (ბრძანება) გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2022 წლის ოქტომბრის თვიდან. სამწუხაროდ, დაგვიანებული რეაგირების გამო მომსახურე ბუღალტრის მოძიება განხორციელდა გვიან და სანამ დამუშავდა ყველა ინფორმაცია დაგვიანებული აღმოჩნდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ქმედებები, დღგ-ის გადამხდელად არ დამდგარა არასწორი მონაცემით და წარადგინა ყველა ინფორმაცია სრულად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა შემდგომი ნაბიჯები რა იქნებოდა. კომპანიის დამფუძნებლის მიდგომიდან გამომდინარე სახელწიფოს წინაშე გადასახადები და დასაბეგრი ბაზა სრულად და უტყუარად უნდა იქნეს წარდგენილი.

კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომპანიას უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. კომპანიას ნამდვილად უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება და აღნიშნულზე გაფორმებულია საგადასახადო დავალიანების გადანაწილების გრაფიკი, რომელსაც იხდის კეთილსინდისიერად.

უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №3993 ბრძანება, რომლის მიხედვითაც არ გაუქმდა დარიცხული სანქცია. შესაძლებლობის მიუხედავად, მაინც კანონის მოთხოვნების სრული დაცვით მოიქცა კომპანია და წინა პერიოდით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ახლად დარეგისტრირებული კომპანიაა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შეფარდებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მომსახურების დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №011-12/1 ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ამავე დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №011-12 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (16.01.2023 წ.) და შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების (26.01.2023 წ.) თარიღში პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში, არ არსებობს შეფარდებული ჯარიმისგან საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და აღნიშნულს მომჩივანი სადაოდ არ ხდის. საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებით სანქციისგან საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის გათავისუფლება პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის პირობებში გათვალისწინებული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №011-12/1 ბრძანებით, სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1075 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.