ბრძანება N 12779

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2026
№ დოკუმენტი 12779
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12779

11 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------;

იურ. მის.: ---------------------------)

2026 წლის პირველი ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივნისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) 2026 წლის პირველი ივნისის №----/1/2026 და №----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №005-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კოვიდ პანდემიის გამო სარესტორნო სფეროში მომუშავე სხვა პირების მსგავსად მასაც შეექმნა ეკონომიკური პრობლემები, მიუხედავად ამისა დასაქმებული პერსონალი სრულად შეინარჩუნა და ანაზღაურებასაც შეუფერხებლად აწვდიდა. აღნიშნულის გამო კომპანიის მიერ დივიდენდი არ განაწილებულა. აცხადებს, რომ სწორედ ამ პერიოდში მოუწია საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეფერხებით. აქედან გამომდინარე, იმ საზოგადოებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც მოუწიათ მუშაობა, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5088 და 28 აპრილის №9240 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის, ასევე შემოწმდეს 2023 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩასათვლელ თანხებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 20 მაისის №11167 ბრძანება და ამავე თარიღის №005-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 969 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 139 ლარი, ჯარიმა 17 793 ლარი, საურავი 17 037 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს „----ის“ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს კვების პროდუქტების და კერძების წარმოება (სახინკლე), რომელსაც ახორციელებს ქ. ---ი, ---ის ქუჩა №--ში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 23 მაისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 12 იანვარს. საწარმოს მინიჭებული აქვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალების შემოსავლები) და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. შემოწმების მიერ დაანგარიშდა შპს „----ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით გამოვლენილი სხვაობები კი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2023 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 7 427 ლარი. შესაბამისად, დადასტურებული სტატუსის მქონე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის დაკავშირებაც მოხდა ეკონომიკურ საქმიანობასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელი დღგ 7 427 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5088 და №9240 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის, ასევე შემოწმდეს 2023 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩასათვლელ თანხებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11167 ბრძანება და №005-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 969 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 139 ლარი, ჯარიმა 17 793 ლარი, საურავი 17 037 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალების შემოსავლები) და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. შემოწმების მიერ დაანგარიშდა მომჩივანის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით გამოვლენილი სხვაობები კი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 7 427 ლარი. შესაბამისად, დადასტურებული სტატუსის მქონე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის დაკავშირებაც მოხდა ეკონომიკურ საქმიანობასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელი დღგ 7 427 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272;