ბრძანება N 2921

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 2921
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2921

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის (ოქმი №120) და 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ------------) №78469/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №081-346 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირებას. მიიჩნევს, რომ განხორციელებული დარიცხვა ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას, რომელიც არანაირ დათქმას ჩათვლის მიზნებისთვის წმინდა მოგების განაშთვაზე არ ითვალისწინებს და პირდაპირ ამბობს, რომ ჩათვლის პროპორციის განსაზღვრის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წლამდე და 2017 წლის შემდგომ პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების მიმართ მოქმედებს მოგების გადასახადით დაბეგვრის არსებითად განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი. კერძოდ:

2017 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი მოგების განაწილების შემთხვევაზე არ მოქმედებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 103-ე ნაწილის შესაბამისად, საწარმოს მიერ ხსენებული მოგების, მოგების გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოებისთვის განაწილება ითვლება მოგების განაწილებად და შესაბამისად იბეგრება მოგების გადასახადით. ამასთან, ვინაიდან, 2017 წლამდე მოქმედებდა მოგების გადასახადის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, რომლის მოქმედების პირობებშიც დაგროვილი მოგებიდან საწამოს გადახდილი აქვს მოგების გადასახადი, ერთი და იგივე მოგების ორმაგად დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებულია ძველი დაბეგვრის რეჟიმის პირობებში გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შესაძლებლობა.

რაც შეეხება 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებულ მოგებას, მისი მოგების გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოებისთვის განაწილების შემთხვევაში, განაწილებული მოგება არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას და ბუნებრივია არც ჩათვლის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობა.

გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ 2019 წლის შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა კომპანიას არ უზღუდავდა გაენაწილებინა ცალკეული საანგარიშო პერიოდის ფინანსური შედეგი. კერძოდ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში, შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. აღნიშნული კანონი, საწარმოს პარტნიორების/აქციონერების დივიდენდის განაწილების უფლებას უკავშირებს კონკრეტული სამეურნეო წლის ფინანსური მოგების არსებობას და არც ამ მუხლით და არც ამ კანონის სხვა რომელიმე დანაწესის შესაბამისად არ იყო შეზღუდული საწარმო, პირველ რიგში სხვა წლებში მიღებული ზარალის დაფარვა მოეხდინა და მხოლოდ ამის შემდგომ დარჩენილი გაუნაწილებელი მოგების ხარჯზე მოეხდინა მოგების დივიდენდის სახით პარტნიორებზე განაწილება. შესაბამისად, კანონმდებლობა არ კრძალავდა კონკრეტული სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით მიღებული მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესაძლებლობას და კომპანია თავისუფალი იყო მიეღო 2017 წლამდე დაგროვილი მოგების განაწილების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ 2017 და 2018 წლები კომპანიამ დაასრულა ზარალით.

გარდა ამისა, კომპანიას შეეძლო 2017 წელსვე მიეღო გადაწყვეტილება, გაენაწილებინა 2017 წლამდე დაგროვილი მოგება და ჩაეთვალა გადახდილი მოგების გადასახადი და ამ შემთხვევაში არ დადგებოდა 2017 წლამდე დაგროვილი მოგების 2017 წლის შემდგომ მიღებული ზარალით განაშთვის საკითხი.

გადასახადის გადამხდელი, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგების დაფარვა და განაშთვა 2017 წლის შემდგომ მიღებული ზარალით ეწინააღმდეგება არსებულ საკანონმდებლო ნორმებს და ითხოვს კომპანიაზე დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33258 და 16 ნოემბრის №28810 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2022 წლის 27 დეკემბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33752 ბრძანება და №081-346 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 515 215 ლარი, მათ შორის გადასახადი 292 571 ლარი, ჯარიმა 123 177 ლარი და საურავი 99 467 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 მაისის №11693 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11693 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 30 ოქტომბრის №19928/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11693 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო აღნიშნავს, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიზღუდა ის საანგარიშგებო პერიოდები, რომელში მიღებული მოგების განაწილებისასაც შესაძლებელია გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საწარმოს მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლის საკითხს, რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი ფორმულით. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, განაწილებულ დივიდენდზე გადასახდელი მოგების გადასახადის ჩათვლა შესაძლებელია იმ ოდენობით და იმ პროპორციის გამოყენებით, რა პროპორციული წილიც უჭირავს 2008-2016 წლებში გადახდილ მოგების გადასახადს, ამავე საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით, საწარმოს მიერ მიღებულ ჯამურ ფინანსურ მოგებაში. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ ფორმულაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდების მიხედვით გამოთვლილი თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით მიღებული ფინანსური შედეგები ჯამურად, რომელშიც ასევე გაითვალისწინება ამავე პერიოდებს მიკუთვნებული უარყოფითი ფინანსური შედეგი (ზარალი).

საბჭო მიუთითებს, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეზიდენტი საწარმოს მიერ გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის/შეზღუდვის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რომელი წლის დივიდენდი განაწილდება პარტნიორთა გადასაწყვეტია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11693 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „-------------“ მიერ დაფუძნებიდან (18.08.2015) 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 1 047 250 ლარს. გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგების ნაშთი 6 645 000 ლარის ოდენობით. კომპანიამ 2016 წელი დაასრულა მოგებით, ხოლო 2017 და 2018 წლის საანგარიშო პერიოდებში განიცადა ფინანსური ზარალი. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია გავიდა ზარალზე და დაგროვებული ზარალის ნაშთმა შეადგინა - 4 604 000 ლარი. 2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში განაწილებულია მოგება და ჩათვლილია 249 993 ლარის მოგების გადასახადი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეზიდენტი საწარმო უფლებამოსილია, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. ვინაიდან, 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად, 2019 წლის შემდგომ პერიოდში მოგების განაწილება წარმოადგენს 2019 წლიდან წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას, შესაბამისად მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა ჩათვლილი მოგების გადასახადი და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მე-3 ნაწილის დანართი №1, რომელიც განსაზღვრავს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხას, ივსება შემდგნაირად:

ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „------------“ მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 1 047 250 ლარს. გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგების ნაშთი 6 645 000 ლარის ოდენობით. კომპანიამ 2016 წელი დაასრულა მოგებით, ხოლო 2017 და 2018 წლის საანგარიშო პერიოდებში განიცადა ფინანსური ზარალი, კერძოდ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაგროვებული ზარალის ნაშთმა შეადგინა - 4 604 000 ლარი. 2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში განაწილებულია მოგება და ჩათვლილია 249 993 ლარის მოგების გადასახადი.

შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად. შესაბამისად ჩაითვალა, რომ 2019 წლის შემდგომ პერიოდში მოგების განაწილება წარმოადგენს 2019 წლიდან წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას, შესაბამისად, მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან მოგების განაწილებისას შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს

1 047 250 ლარს. გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგების ნაშთი 6 645 000 ლარის ოდენობით. კომპანიამ 2016 წელი დაასრულა მოგებით, ხოლო 2017 და 2018 წლის საანგარიშო პერიოდებში განიცადა ფინანსური ზარალი, კერძოდ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაგროვებული ზარალის ნაშთმა შეადგინა - 4 604 000 ლარი. 2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში განაწილებულია მოგება და ჩათვლილია 249 993 ლარის მოგების გადასახადი. შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად. შესაბამისად ჩაითვალა, რომ 2019 წლის შემდგომ პერიოდში მოგების განაწილება წარმოადგენს 2019 წლიდან წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97;981309(92);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლი