გადაწყვეტილება №20182/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20182/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20182/2/2023).
დავის საგანი:
კომპანიის სალაროდან დირექტორის მიერ გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №042-34 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12369 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 378 637 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 186 000
ჯარიმა - 93 000
საურავი - 99 637
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში კომპანიის სალაროდან კომპანიის დირექტორის და 100% წილის მფლობელის მიერ გატანილმა თანხამ შეადგინა 744 000 ლარი. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, კერძოდ, 1.01.2019 წლის მონაცემებით საწესდებო კაპიტალი (ბუღალტრული ანგარიში 5150) შეადგენს 744 500 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება აღნიშნული გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 500 ლარს. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელმა მოცემული თანხის საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 200 ლარს, ამავდროულად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა საწარმოს კაპიტალში აღნიშნული თანხის შეტანა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს სალაროდან გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №042-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12369 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაფუძნებული იქნა 30.06.2006 წელს. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: ყურძნისგან ღვინის წარმოება. კომპანია ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ბუღალტრულ პროგრამა - ორისში.
კომპანიამ 18.11.2019 წელს სახელმწიფოსგან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უკან დაიბრუნა -------, ------- მდებარე უძრავი ქონება - მიწა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------, რომელიც 2006 წელს კომპანიის მიერ შეძენილი იქნა ------- და რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №------- ბრძანების საფუძველზე, დამოწმების თარიღი ------- წელი, ისევ იმყოფებოდა სახელმწიფო საკუთრებაში.
21.11.2019 წელს მომჩივნის მიერ აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებული იქნა შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) – 1 300 000 ლარად, დღგ-ის ჩათვლით. მათ შორის: დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა - 1 101 694,92 ლარი, დღგ-მა დასაბეგრ ბრუნვაზე - 198 305,08 ლარი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-------), ბიუჯეტის კუთვნილი დღგ - 198 305,08 ლარი, კომპანიის მიერ თავისდროულად იქნა დეკლარირებული და შესაბამისად გადახდილი ბიუჯეტში. მიღებული თანხა - 1 300 000 ლარი გახარჯული იქნა შემდეგნაირად: 198 305,08 ლარი მიმართული იქნა ბიუჯეტში, დღგ-ის გადასახდელად; ბანკის მომსახურების საკომისიო თანხამ შეადგინა - 2 900,14 ლარი; შპს ------- დაბრუნებული იქნა სესხის ძირითადი თანხა - 150 000 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 12 279,45 ლარი (აღნიშნული თანხა მომჩივნის მიერ სესხად აღებული იქნა იმისათვის, რომ გაეგრძელებინა და შემდგომში დაემთავრებინა კომპანიის მიერ დასახული ბიზნეს-გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების კეთილმოწყობასა და შესაბამისად სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას.
ვინაიდან თავისდროულად ვერ მოხერხდა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოსგან უკან დაბრუნება და ამავე დროს დასახულმა გეგმებმა განიცადა სერიოზული კორექტირება - საწარმოს მიერ გასხვისებული იქნა უძრავი ქონება. შემოსული ფულადი სახსრებიდან სესხი სრულად იქნა დაბრუნებული დარიცხულ პროცენტთან ერთად, ხოლო 340 000 ლარი გაცემული იქნა სესხის სახით შპს „-------“-ზე.
ვინაიდან კომპანიამ სრულად გაასხვისა უძრავი ქონება და საზოგადოებისთვის აზრი აღარ ჰქონდა საერთოდ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას - დამფუძნებელი პარტნიორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხიდან - 744 000 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე (საწყის ეტაპზე კომპანიის საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულ იქნა 200 ლარით, 2006 წელს სახელმწიფოდან აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის საწესდებო კაპიტალი გაზრდილი და განსაზღვრული იქნა 744 500 ლარით. მისი შევსება დამფუძნებელი პარტნიორის მიერ ხდებოდა ეტაპობრივად 2006-2012 წლების განმავლობაში, პერიოდულად, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების მიხედვით: სარემონტო-საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების და ინვენტარის შესაძენად, ტექნიკის მომსახურების ღირებულების გადასახდელად, მუშა-მოსამსახურეების ხელფასების გასაცემად და სხვა). 2006 წლიდან ძალიან დიდი დროა გასული, ხანდაზმულია და ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, საწარმოს დირექტორის საქართველოში არყოფნის პერიოდში გარდაიცვალა კომპანიის მთავარი ბუღალტერი.
1.01.2022 წლამდე მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისთვის კაპიტალი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვებოდა, ამდენად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობა საწარმოში 2006-2018 წლებში კომპანიის საწესდებო კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციაზე სრულიად მიუღებელია, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში მოქმედი კანონი საწარმოს არ ავალდებულებდა ასეთი ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენას.
ასევე, გაუგებარია რა სახის ინფორმაციით უნდა დაფიქსირებულიყო შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში საწარმოს კაპიტალში აღნიშნული თანხის შეტანა? ან როგორ უნდა იძებნებოდეს, როცა შემოსავლების სამსახურში წარსადგენი არცერთი დეკლარაცია არ ითვალისწინებს საწესდებო კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ასახვას.
გარდა ამისა, კომპანიის ბუღალტერი გარდაცვლილია 2019 წლამდე და თუნდაც ამის გამო შეუძლებელია 2006-2018 წლებში არსებული დოკუმენტების მოძიება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს არ გაუთვალისწინებია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
მომჩივნის მიერ 13.01.2023 წელს შეტანილი იქნა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, რომლითაც ითხოვდა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან (მტკიცებულებებიდან) გამომდინარე ბათილად ეცნო შემოსავლების სამსახურს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტები, რაც არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოების გამო: „გადამხდელს ეთხოვა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ მოცემული თანხის საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ განხორციელდა. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 200 ლარს, ამავდროულად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა საწარმოს კაპიტალში აღნიშნული თანხის შეტანა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით სალაროდან გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.“
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული მომჩივნის მიერ 2019 წელს გასხვისებული (რეალიზებული) ქონება მომჩივნის მიერ შეძენილი იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან 2006 წელს. კომპანიის მიერ ქონების შეძენის შემდგომი პერიოდიდან 2013 წლამდე მიმდინარეობდა ფულადი სახსრების საწესდებო კაპიტალში ინვესტირება და ამ ფულადი სახსრებით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება. ამასთან, 2014 წლიდან სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო შეჩერებული იქნა ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. გაუთვალისწინებელი გარემოებები კი მდგომარეობს შემდეგში:
კომპანიის ერთპიროვნულ მფლობელს და დირექტორს (ს. კაკალაშვილი) მოუწია ქვეყნის გარკვეული პერიოდით დატოვება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/1-1033 ბრძანების საფუძველზე (დამოწმების თარიღი 2.06.2014 წელი) ქონება კვლავ დაბრუნებული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. კომპანიამ 18.11.2019 წელს სახელმწიფოსგან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უკან დაიბრუნა და მოახდინა ამ ქონების გასხვისება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება და ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №28953 ბრძანებას და ამავე თარიღის №042-34 საგადასახადო მოთხოვნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის სალაროდან დირექტორისა და 100% წილის მფლობელის მიერ გატანილია 744 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით 1.01.2019 წლის მონაცემებით საწესდებო კაპიტალი შეადგენს 744 500 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება აღნიშნული გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 500 ლარს. გადასახადის გადამხდელს ეთხოვა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ მოცემული თანხის საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ განხორციელდა. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 200 ლარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მოჩივანი არ ეთანხმება კომპანიის სალაროდან დირექტორის მიერ გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №042-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12369 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154;