გადაწყვეტილება №28128/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 28128/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28128/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 18.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28128/2/2026).

 

დავის საგანი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №CB1959692 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2026 წლის №20051 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №CB1959692 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2026 წლის №20051 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 2885 მუხლით, საქართველოს 28 ოქტომბერი 2026 N 03/81454 2 ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცხოველთა მოვლის საშუალებებითა და სამკურნალო პრეპარატებით ვაჭრობა. კომპანია საქმიანობას ახორციელებს როგორც აჭარის რეგიონში, ასევე თბილისში. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია პერიოდულად იღებს ახალ თანამშრომლებს, რომელთა დასაქმებამდე ხორციელდება მათი სამუშაო პროცესთან გაცნობა და შესაბამისი ეტაპების გავლა, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება მათ კომპანიაში გრძელვადიანად დასაქმების შესახებ. შესაბამისად, კომპანიის ობიექტებზე შესაძლებელია იმყოფებოდნენ პოტენციური თანამშრომლები, ე.წ. სტაჟიორები, მათ შორის მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში მათთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება არ განხორციელდება. კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და სათანადოდ აწარმოებს დაქირავებულ პირთა რეესტრს, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხავს ყველა იმ პირს, ვისთანაც კომპანიას აქვს შესაბამისი შრომითი ურთიერთობა. სამართალდარღვევის გამოვლენის დღეს კომპანიის მოქმედ თანამშრომელთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდა პირი, რომელიც კომპანიას დაქირავებული არ ჰყავდა, იყო სტაჟიორი და რომელთანაც შრომითი ურთიერთობა არ იყო წარმოშობილი. აღნიშნული პირი იმყოფებოდა ობიექტზე მხოლოდ სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, არ ასრულებდა კომპანიისთვის რაიმე სამუშაოს, არ მონაწილეობდა კომპანიის სამეურნეო ან საოპერაციო საქმიანობაში. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული პირი დაქირავებულ პირად იქნა მიჩნეული, რის საფუძველზეც კომპანიას დაეკისრა 200 ლარის ოდენობის ჯარიმა. მოცემულ შემთხვევაში არარსებობდა პირის დაქირავებულ პირად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. პირის კომპანიის ობიექტზე ყოფნის ფაქტი, თავისთავად, არ ადასტურებს მის მიერ კომპანიის სასარგებლოდ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ან კომპანიასთან შრომითი ურთიერთობის არსებობას კომპანია საქმიანობას ახორციელებს კეთილსინდისიერად სრულად ასრულებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ახორციელებს დაქირავებულ პირთა აღრიცხვასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 10.09.2026 წლის №20051 ბრძანებას და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის მიხედვით, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

მომჩივნის განცხადებით, სამართალდარღვევის გამოვლენის დღეს კომპანიის მოქმედ თანამშრომელთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდა პირი, რომელიც კომპანიას დაქირავებული არ ჰყავდა, იყო სტაჟიორი და რომელთანაც შრომითი ურთიერთობა არ იყო წარმოშობილი. აღნიშნული პირი იმყოფებოდა ობიექტზე მხოლოდ სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, არ ასრულებდა კომპანიისთვის რაიმე სამუშაოს, არ მონაწილეობდა კომპანიის სამეურნეო ან საოპერაციო საქმიანობაში. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული პირი დაქირავებულ პირად იქნა მიჩნეული, რის საფუძველზეც კომპანიას დაეკისრა 200 ლარის ოდენობის ჯარიმა.

მოცემულ შემთხვევაში არარსებობდა პირის დაქირავებულ პირად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. პირის კომპანიის ობიექტზე ყოფნის ფაქტი, თავისთავად, არ ადასტურებს მის მიერ კომპანიის სასარგებლოდ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ან კომპანიასთან შრომითი ურთიერთობის არსებობას კომპანია საქმიანობას ახორციელებს კეთილსინდისიერად სრულად ასრულებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ახორციელებს დაქირავებულ პირთა აღრიცხვასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.09.2026 წლის №89902-21-12 წერილით საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ 31.07.2026 წლის №17500 ბრძანებების საფუძველზე, 20.08.2026 წელს განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (მისამართი: ქ.---). გადამოწმების შედეგად გამოვლენდა, რომ თანამშრომელი --- (პ/ნ ---) არ იყო ასახული „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიმართ 20.08.2026 წელს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1959692. გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1959692, გადამხდელს ჩაბარდა 20.08.2026 წელს. ობიექტის გადამოწმებისას ზემოთაღნიშნული პირი ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ამასთან არც დამსაქმებლის და არც დასაქმებულის მხრიდან სტაჟირებასთან (გამოსაცდელ ვადასთან) დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას. ამასთან მომჩივნის მხრიდან ---ის (პ/ნ ---) მიმართ არ ფიქსირდება რაიმე სახის განაცემი.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, --- (პ/ნ ---) ასახულია დაქირავებულ პირთა რეესტრში 20.08.2026 წელს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 20.08.2026 წლის №CB1959692 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2885.