გადაწყვეტილება №24376/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 24376/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24376/2/2024

20 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 28.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24376/2/2024).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ოქტომბრის №037-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ნოემბრის №24803 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 231 375 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 146 328

დღგ - 66 965

საშემოსავლო გადასახადი - 79 363

ჯარიმა - 71 322

საურავი - 13 725

 

ფაქტების აღწერა

კომპანია ------- მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს უკრაინიდან, პაკისტანიდან, ირანიდან და ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის (საყოფაცხოვრებო საქონელი, სინთეზური ქსოვილი, თეთრეული, კაკალი და კარტოფილი) რეალიზაციას. ასევე, საწარმოს 2023 წლის მარტში შეძენილი აქვს 1 020 800 ლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 30 დეკემბერს. 2023 წლის 2 იანვრიდან მომჩივანს მინიჭებული აქვს დღგ-ის არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8611 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- საწარმო არ ფლობს ქონებას და არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. 2024 წლის 15 აპრილის №8486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია, რომლითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. საწარმოს წარდგენილი აქვს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 482 838 ლარს. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 11%-ია), შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 6 ჯგუფიდან 3 ჯგუფზე: კარტოფილი (99%), კაკალი (80%), სინთეზური ქსოვილი (54%) დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი 3 ჯგუფის (თეთრეული - 54%, ელექტრო საქონელი - 59%, საყოფაცხოვრებო საქონელი - 40%) დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ------- ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები.

გარდა ამისა, საწარმოს 2023 წლის აპრილში საბანკო ანგარიშზე შპს „-------“-ის მიერ ჩარიცხულია 8 475 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელიც დირექტორის წერილობითი განმარტებით, უკავშირდება ცხვრების შეგროვების მომსახურების შესრულების ღირებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს საინვოისო ღირებულების 286 006 დოლარის (760 418 ლარის) სარეალიზაციო საქონელი, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული არ არის 62 906 დოლარის (168 823 ლარის) ღირებულების საქონელი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უნაღდო ანგარიშსწორებით უფიქსირდება 127 253 დოლარის გადახდა, აღნიშნული დოლარის ექვივალენტი ლარი სრულად იქნა გათვალისწინებული გადახდილ ხარჯებში. ასევე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი არარეზიდენტ მომწოდებლებზე საქონლის შეძენისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება, ჩეკი, ქვითარი, შედარების აქტი და ა.შ.) და სახეზეა მხოლოდ ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების მიხედვით უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შედეგად, გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც შეადგენს 399 727 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16121 ბრძანება და 9 ივლისის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 257 194 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2.10.2024 წლის №21524 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21524 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2024 წლის დასკვნა, 16.10.2024 წლის №22334 ბრძანება და №037-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 30 854 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 231 375 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 17 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 ნოემბრის №24803 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარდგენილი აქვს საჩივრები შემოსავლების სამსახურში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგამოძიებო სამსახურში და აუდიტის დეპარტამენტში, რათა დაეწყოთ გამოძიება ტვირთების მითვისებაზე. კონტეინერში იღებდა 1 000 ლარს. დანარჩენ საკითხებს აგვარებდა კომპანიის მინდობილი პირი და პარტნიორი -------, რომელიც გარდაიცვალა. ითხოვს, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბუთების გათვალისწინებით, არ დაეკისროს ჯარიმები გამოძიების დამთავრებამდე.

------- მიუტანა მინდობილობა და ხელი მოაწერა, გადასახადები თვითონ უნდა გადაეხადა და ბუღალტერიც თვითონ უნდა აეყვანა. შემოწმებისას მიუთითა, რომ ოჯახის წევრებმა საწყობში და მაღაზიებში აღარ მიუშვეს, შეპირდნენ რომ გადაიწერდნენ ტვირთებს და გადასახადსაც გადაიხდიდნენ, თუმცა დრო გაწელეს და დაიწყეს შეურაცხმყოფელი და სიკვდილის მოსპობის მუქარები. ყველას სახელი და გვარი და საწყობის და მაღაზიების მისამართი მითითებული აქვს ყველა საგამოძიებო სტრუქტურებში. ითხოვს გამოძიების დასრულებამდე არ დაეკისროს გადასახადები, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება. კონტეინერზე რომ 1 000 ლარი უნდა აეღო, კანონის ფარგლებში გადაიხდის, ხოლო დანარჩენ თანხებს არ ეთანხმება.

ასევე, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას და ითხოვს გამოძიების დასრულებამდე არ დაეკისროს ჯარიმები, რათა მშვიდად განაგრძოს თავისი საქმიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21524 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად დგინდება, რომ გადაანგარიშების შედეგად განხორციელდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში. შესაბამისად, 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 30 854 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 20 569 ლარი და ჯარიმა - 10 285 ლარი.

გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და ითხოვს გამოძიების დასრულებამდე არ დაეკისროს გადასახადები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2024 წლის №114542-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით აცხადებდა, რომ სარეალიზაციო საქონელი მოპარეს, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება. თუმცა, მომჩივანს არ წარუდგენია არც საგამოძიებო საქმის წარმოების მასალები და არც გამოძიების შედეგები. შესაბამისად, შემოწმების პროცესში არ მომხდარა აღნიშნულის გათვალისწინება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21524 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. ასევე დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

- შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;