ბრძანება N 5642

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5642
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5642

22.03.2023

შპს „------“ (ს/ნ „------“)

(მის.: „------“)

2023 წლის 10 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „------“) 2023 წლის 10 თებერვლის №79025/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-675 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას, კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრამდე დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხის ოდენობას და მიუთითებს, რომ ნაცვლად 186 305 ლარისა, გატანილ იქნა 110 250 ლარი. ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე დარიცხული გადასახადის და სანქციის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18290 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33430 ბრძანება და ამავე თარიღის №006-675 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 35 356 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 603 ლარი, ჯარიმა 10 902 ლარი, საურავი 2 851 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

კომპანიის წინა პერიოდის საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ ჩვენს შესამოწმებელ პერიოდამდე 2019 წლის 1 იანვრამდე დამფუძნებლის შენატანი შეადგენდა 460 192 ლარს,იმავე პერიოდამდე დამფუძნებლის უკან დაბრუნებული თანხა შეადგენდა 186 305 ლარს, ნაშთი 273 887 ლარს. საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელს, რომელიც ამავე დროს დირექტორიცაა, დაუბრუნდა იმაზე მეტი თანხა ვიდრე შენატანი იყო დარჩენილი, აღნიშნული თანხით ასევე გაინაშთა სახელფასო განაცემად დეკლარირებული 106 062 ლარი 2019 წლის მაისის, ივნისის და სექტემბრის თვეების განაცემები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2019 წლის 1 იანვრამდე დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხის ოდენობას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 12 ივლისის №18290 ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდამდე, 2019 წლის 1 იანვრამდე, კომპანიაში დამფუძნებლის შენატანი შეადგენდა 460 192 ლარს, ამავე პერიოდამდე დამფუძნებელს გატანილი აქვს 186 305 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდამდე საწარმოს დამფუძნებლის შენატანის ნაშთი უფიქსირდება 273 887 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საწარმოს შემოწმებისთვის რაიმე სახის საბუღალტრო პროგრამა შესამოწმებელ პერიოდზე არ წარუდგენია (გადამხდელის განმარტებით არ გააჩნდა). ასევე, შემმოწმებლის განმარტებით საწარმოს არც წინა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ პერიოდზე გააჩნდა აღრიცხვა. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს (დირექტორს) გატანილი აქვს იმაზე მეტი თანხა ვიდრე დამფუძნებლის შენატანი იყო ნაშთად დარჩენილი. ამასთან, 2022 წლის 12 ივლისის №18290 ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდშიც კომპანიის დირექტორზე ასევე, საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები გადამხდელს შემოწმების/დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია და არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება აღნიშნული თანხების განაშთვა. შედეგად, დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად, გარდა ზემოთ აღნიშნული თანხებისა, შემმოწმებლის მიერ ასევე, განხილული იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე და მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე გაცემული საქვეანგარიშო თანხებიც.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.

ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე დარიცხული გადასახადის და სანქციის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები

საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელს, რომელიც ამავე დროს დირექტორიცაა, დაუბრუნდა იმაზე მეტი თანხა ვიდრე შენატანი იყო დარჩენილი, აღნიშნული თანხით ასევე გაინაშთა სახელფასო განაცემად დეკლარირებული .

სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

100(3),101,154