გადაწყვეტილება №19626/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 19626/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19626/2/2023

8.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19626/2/2023).

 

დავის საგანი:

მცირე მეწარმედ რეგისტრირებული პირების დაქირავებით მომუშავე პირებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8587 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 031 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 30 489

დღგ - 617

მოგების გადასახადი - 2 433

საშემოსავლო გადასახადი -27 439

ჯარიმა - 15 152

საურავი - 10 390

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ობიექტებისთვის ფუნდამენტის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან და ბანკიდან გაცემულია თანხები ფიზიკურ პირებზე სულ 92 780 ლარის ოდენობით შემდეგი დანიშნულებით:

1. თანხის გაცემა მომწოდებელზე, სადაც არ არის მითითებული მომწოდებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და არც შესაბამისი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი გადამხდელის მიერ;

2. „მომსახურების ანაზღაურება“ - ვერ ხერხდება ფიზიკური პირის იდენტიფიცირება, არც შესაბამისი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი გადამხდელის მიერ. ასევე, შემოწმების მიერ დაბეგრილია მომჩივნის მიერ გაცემული მომსახურების ანაზღაურებები მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სპეც. ტექნიკა, რომელიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში, მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვთ მომჩივნისგან თანხის მიღების შესაბამის თვეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და სამუშაოს შემსრულებლისთვის გადახდილი ანაზღაურება, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8587 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას მომსახურებას უწევენ, როგორც შპს-ები, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოსაქვითი ხარჯია რადგან ეკონომიკური საქმიანობისთვის ესაჭიროება, მოხდა ინდივიდუალური მეწარმეების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და ხარჯად არ აღიარება.

კომპანიას არ ეკრძალება ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების მიღება. შესაბამისად არ არის დასაბეგრი მათზე გადახდილი თანხები.

მომჩივანი ითხოვს ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხები აღიარებულ იქნას მიღებულ მომსახურებად და არ დაიბეგროს გადახდის წყაროსთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიას არ ეკრძალება ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების მიღება. შესაბამისად არ არის დასაბეგრი მათზე გადახდილი თანხები. ითხოვს, ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხები აღიარებულ იქნას მიღებულ მომსახურებად და არ დაიბეგროს გადახდის წყაროსთან.

შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ გაცემულია მომსახურების ანაზღაურებები მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სპეც. ტექნიკა, რომელიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში. მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვთ მომჩივნისგან თანხის მიღების შესაბამის თვეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა მიჩნეულ იქნა დაქირავებით მუშაობად.

სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მცირე მეწარმედ რეგისტრირებული პირების დაქირავებით მომუშავე პირებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ობიექტებისთვის ფუნდამენტის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ გაცემულია მომსახურების ანაზღაურებები მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სპეც. ტექნიკა, რომელიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში. მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვთ მომჩივნისგან თანხის მიღების შესაბამის თვეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა მიჩნეულ იქნა დაქირავებით მუშაობად და სამუშაოს შემსრულებლისთვის გადახდილი ანაზღაურება, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8587 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").