ბრძანება N 33606

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33606
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33606

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)

(ფატქ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2023 წლის 14 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 14 დეკემბრის №86038/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №006-470 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების ოპერაციის შენობა-ნაგებობის მიწოდებად კვალიფიკაციას, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 აპრილის „ფართის გაქირავების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე ფ/პ „----------“ შპს „----------“ (100% წილის მფლობელი და დირექტორი - ----------), 30 წლის ვადით, დროებით სარგებლობაში გადასცა მხოლოდ მიწის ნაკვეთი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომელზეც საწარმომ 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში განახორციელა 500 000 ლარამდე ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (6 800 მ2 -ზე დასხმულია ბეტონი ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, მოწყობილია ღობე და ა.შ). აღნიშნული შპს „----------“ მიერ განხილულია გრძელვადიან აქტივად, მიკუთვნებულია ძირითადი საშუალებების ჯგუფზე, როგორც იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა, რომელსაც ცვეთა ერიცხება წრფივად, იჯარის ვადის პროპორციულად და დაბეგრილია ქონების გადასახადით. 2022 წლის 4 მაისს ფ/პ „----------“ და ი/მ ---------- შორის გაფორმდა ორი ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ნივთის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეალიზებულ იქნა მიწის ნაკვეთი 1 689 437 ლარად/557 000 აშშ დოლარად) და წილის ნასყიდობის ხელშეკრულება („----------“ მიერ შპს „----------“ 100% წილი რეალიზებულ იქნა 50 000 ლარად/16 500 აშშ დოლარად). აცხადებს, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობებით, ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გადამხდელის საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციაც ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო შენობა-ნაგებობა (N1) განხილული უნდა იქნეს როგორც შპს „----------“ აქტივი, რომლის 100%-იანი წილის რეალიზაციაც განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ორი ოპერაციის ფარგლებში ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულება შეადგენს 1 739 437 ლარს, რომელიც არ ასახავს უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობანაგებობის გარდა) რეალურ საბაზრო ღირებულებას. აღნიშნავს, რომ 2022 წლის მაისში მიწის ნაკვეთი, თიბისი ბანკის უძრავი ქონების შემფასებელ ექსპერტთა მიერ, შეფასებული იქნა 18 000 აშშ დოლარად. ასევე, გადამხდელი შპს „----------“ წილის რეალიზაციის ნაწილში მიუთითებს, რომ კომპანიის 100% წილის რეალიზაციის დროს საწარმოს ნეტო აქტივების ღირებულება შეადგენდა 548 220 ლარს (ამასთან, საწარმოს აქტივების შემადგენლობაში არ აქვს ჩართული 30 წლიანი საიჯარო აქტივი), შესაბამისად, წილის რეალიზაციის დროს 548 220 ლარის ღირებულების აქტივის მქონე საწარმოს წილის ღირებულება ვერ იქნებოდა 16 500 აშშ დოლარი (50 000 ლარი). ზემოაღშნულის გათვალისწინებით აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად მოხდა გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, ვინაიდან 100 000 ლარიან ზღვარში არ გაითვალისწინება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები. ასევე, სადავოა საშემოსავლო გადასახადში განხორციელებული დარიცხვა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნამეტ შემოსავალში ჩართულია შპს „----------“ საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №8314 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ ----------) - ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 22 სექტემბრის №23276 ბრძანება და ამავე თარიღის №006-470 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 851 983 ლარი, მათ შორის, გადასახადი 542 055 ლარი, ჯარიმა 213 759 ლარი, საურავი 96 169 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ „----------“ 2018 წლის 2 აპრილს ---------- რაიონ, ---------- 10 000 ლარად შეძენილი ჰქონდა 6 800 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზებში არსებული 2018 წლის 16 აპრილის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების თანახმად, დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს „----------“ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს „----------“ მიერ 2018 წლიდან გაწეულ იქნა გარკვეული სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, დასხმულია ბეტონი ავტოსადგომის მოწყობის მიზნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 4 მაისს ფ/პ „----------“ მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეალიზებულ იქნა ფ/პ ---------- 1 689 437 ლარად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ „----------“ 2011 წლის 3 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები დღეის მდგომარეობით მის მიერ შესრულებული არ არის. ყოველივე ზმოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფ/პ „----------„ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ---------- რეალიზაციის შედეგად წარმოეშვება საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვება 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება და აგრეთვე დღგ-ით დაბეგვრა - ქონების მიწოდების ოპერაციის, 2022 წლის მაისის თვის, საანგარიშო პერიოდში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე და 165-ე მუხლების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხევდით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ფ/პ „----------“ 2018 წლის 2 აპრილს ---------- რაიონ, ---------- შეძენილი ჰქონდა 6 800 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზებში არსებული 2018 წლის 16 აპრილის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების თანახმად, დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს „----------“ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს „----------“ მიერ გაწეულ იქნა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, დასხმულია ბეტონი ავტოსადგომის მოწყობის მიზნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 4 მაისს ფ/პ „----------“ მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეალიზებულ იქნა ფ/პ ---------- 1 689 437 ლარად, რაზეც არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2022 წლის 4 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის და იპეთეკის ხელშეკრულებაზე, სადაც მხარეებად მითითებულია „----------“ და ----------, ხოლო ნასყიდობის საგნად განსაზღვრულია ახალქალაქის რაიონ, სოფელ სულდაში მდებარე 6 800მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (N1) საკადასტრო კოდი №----------.

ზემოაღნიშნულის ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფ/პ „----------“ მიერ ---------- მიწოდებულ იქნა მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა/ნაგებობით. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონება (მიწა მასზე დამაგრებული შენონა-ნაგებობით) რეალიზებული აქვს 1 689 437 ლარად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, ასევე დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების ოპერაციის შენობა-ნაგებობის მიწოდებად კვალიფიკაციას, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 2018 წლის 2 აპრილს შეძენილი ჰქონდა 6 800 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზებში არსებული 2018 წლის 16 აპრილის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების თანახმად, დროებით სარგებლობაში გადაეცა კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანიის მიერ გაწეულ იქნა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, დასხმულია ბეტონი ავტოსადგომის მოწყობის მიზნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 4 მაისს მომჩივანის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეალიზებულ იქნა ფიზიკურ პირზე 1 689 437 ლარად, რაზეც არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2022 წლის 4 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის და იპეთეკის ხელშეკრულებაზე, სადაც მხარეებად მითითებულია მომჩივანი და ფიზიკური პირი, ხოლო ნასყიდობის საგნად განსაზღვრულია ახალქალაქის რაიონ, სოფელ სულდაში მდებარე 6 800მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (N1). ზემოაღნიშნულის ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი მიერ ფიზიკურ პირზე მიწოდებულ იქნა მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა/ნაგებობით. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონება (მიწა მასზე დამაგრებული შენონა-ნაგებობით) რეალიზებული აქვს 1 689 437 ლარად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, ასევე დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102(1„ბ“); 159(1„ა“); 163(1); 164(1).