ბრძანება N 18336
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18336
08 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ----)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 19 და 26 ივლისის
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 19 ივლისის №121060/01 და 26 ივლისის №91020/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №006-379 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს და ითხოვს წინა პერიოდში ჩაუთვლელი საბაჟო დეკლარაციის (---) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა---) საფუძველზე ჩათვლის მიღებას. ასევე, აღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხული ჯარიმების (5 008 ლარის) და საურავების გაუქმებას. საჩივრებში დამატებით მიუთითებს სასტუმროს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის №ბს-620 (2კ-23) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის განცხადებები დაკმაყოფილდა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის №3ბ/92-22 განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის №3/3416-19 გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად
„1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს №22283 ბრძანება, 2018 წლის 16 აგვისტოს №006-383 საგადასახადო მოთხოვნა, 2018 წლის 13 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა დღგ-ის მიზნებისათვის წინა პერიოდის დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით ჩაუთვლელ თანხებზე ჩათვლის მიღება და დარიცხული ჯარიმების გაუქმება, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №208802 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 5 აპრილის №6751/2/2018 საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;
3. შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში;
4. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის №3ბ/92-22 განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის №3/3416-19 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 3 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 ივლისის №006-379 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №17424 ბრძანებით შემოწმება შეეხო მხოლოდ 2016 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების ასახვის სისწორეს. საგადასახადო შემოწმების დროს დღგ-ის ჩათვლებში შემოწმებამ გაითვალისწინა სექტემბრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა 2016 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა----) და საბაჟო დეკლარაციის (A----) ჩათვლა. ხსენებული დოკუმენტები მიბმული იყო 2016 წლის აგვისტოს თვის დეკლარაციებზე. გადამხდელის მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული იმ მოტივით, რომ სექტემბრის თვის გარდა, სხვა ჩასათვლელი თანხები, რომლის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვე არ იყო სექტემბრის თვე ცდებოდა შესამოწმებელ პერიოდს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2019 წლის 4 ივლისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით).
ამავე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის №3/3416-19 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად:
„მოსარჩელემ საგადასახადო შემოწმების დროს, ისევე როგორც საჩივრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინა პერიოდში ჩაუთვლელი საბაჟო დეკლარაციით (A----) ჩასათვლელი თანხის 10 511 ლარის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა-----, გამოწერის თარიღი 09/09/2016) 11 532 ლარის ჩათვლა მოითხოვა. ადმინისტრაციულ ორგანოს არც შემოწმების ეტაპზე, მით უფრო საჩივრების ფარგლებში, საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა, მოსარჩელის მიერ მითითებული საბაჟო დეკლარაციის (A----, 26.07.2016; ჩასათვლელი თანხის 10 511 ლარის) ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-----, გამოწერის თარიღი 09/09/2016) შესწავლა.
ამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პირობებში კი, თუკი წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიდა მოსარჩელისთვის ჩათვლის მიღების თუნდაც ფაქტობრივ წინაპირობას, რა სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, რატომ არ ჰქონდა მოსარჩელეს დღგ-ის ჩათვლის განხორციელების შესაძლებლობა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა. სასამართლოს მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია შემოწმება შეეხო მხოლოდ 2016 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების ასახვის სისწორეს, თუმცა გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წერილობით დააყენა მოთხოვნა ჩათვლის უფლების გამოყენების თაობაზე, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს უარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების საფუძველზე რა სამართლებრივ გარემოებებს ემყარება, როდესაც გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენების შეუძლებლობაზე მიუთითებს. კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება წინა საანგარიშო პერიოდის ჩათვლას დაქვემდებარებული თანხის შემდგომ პერიოდში ჩათვლის მიღების შეუძლებლობა.“
მომჩივანი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს. მიუთითებს, რომ სასამართლომ ცალსახად დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, როგორც წინა საანგარიშო პერიოდში ჩაუთვლელ თანხებზე ჩათვლის მიღების გათვალისწინება, ასევე, ჯარიმების გაუქმება. აუდიტის დეპარტამენტმა კი გამოსცა ახალი საგადასახადო მოთხოვნა იმავე სანქციებსა და დღგ-ის დასაბეგრ თანხაზე, რაც 2018 წლის აქტში იყო გათვალისწინებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს წინა პერიოდში ჩაუთვლელი საბაჟო დეკლარაციისა (A----, 26.07.2016; 10 511 ლარი) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა----, გამოწერის თარიღი 09/09/2016, პერიოდი 2016 წლის აგვისტოს თვე; დღგ-ის თანხა 11 532 ლარი) საფუძველზე ჩათვლის მიღებას. ასევე, დარიცხული ჯარიმების (5 008 ლარის) და საურავების გაუქმებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებისა და საქმეზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის №3/3416-19 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბაჟო დეკლარაციის (A----, 26.07.2016) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-----; 09.09.2016) საფუძველზე უზრუნველყოს დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება და შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----ის“ (ს/ნ --- ) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბაჟო დეკლარაციის (A ---, საბაჟო დეკლარაციის თარიღი 26.07.2016) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-----; 09.09.2016) საფუძველზე უზრუნველყოს დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება და შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება; 3.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გამომჩივანი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს და ითხოვს წინა პერიოდში ჩაუთვლელი საბაჟო დეკლარაციის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლის მიღებას. ასევე, აღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხული ჯარიმებისა და საურავების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით შემოწმება შეეხო მხოლოდ 2016 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების ასახვის სისწორეს.
საგადასახადო შემოწმების დროს დღგ-ის ჩათვლებში შემოწმებამ გაითვალისწინა სექტემბრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა 2016 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საბაჟო დეკლარაციის ჩათვლა. ხსენებული დოკუმენტები მიბმული იყო 2016 წლის აგვისტოს თვის დეკლარაციებზე. გადამხდელის მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული იმ მოტივით, რომ სექტემბრის თვის გარდა, სხვა ჩასათვლელი თანხები, რომლის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვე არ იყო სექტემბრის თვე ცდებოდა შესამოწმებელ პერიოდს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბაჟო დეკლარაციის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე უზრუნველყოს დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება და შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა 2021 წლამდე მოქედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173; 174.