გადაწყვეტილება №26535/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2026
№ დოკუმენტი 26535/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26535/2/2026

27 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 29.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26535/2/2026).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის №021-1365 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2025 წლის №28118 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2025 წლის №023–2530 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 13.10.2025 №021-1252 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) რიცხულ ქონებას.

1.09.2025 წელს შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მოძრავი ქონება №------- სასაქონლო ზედნადებით გასხვისდა მომჩივანზე. აღნიშნული კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის №021-1365 ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო აღნიშნულ ქონებას.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2025 წლის №28118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 20 აგვისტოს №023–2530 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნულის შემდეგ 2025 წლის პირველ სექტემბერს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა შპს „-------“ (ს/ნ -------) №------- სასაქონლო ზედნადებით. შესაბამისად, აღნიშნული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 241-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა დაყადაღებას. ამასთან, 2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „-------“ (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გამო შპს „-------“ (ს/ნ -------) ქონებაზე (№------- სასაქონლო ზედნადებით მიღებული) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღსანიშნავია, რომ შპს „-------“ დანადგარის შეძენის დროს (ივლისის თვე), ამ უკანასკნელს არ გააჩნდა საგადასახადო დავალიანება და მისი ქონება არ იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული. შპს „-------“ არაერთხელ ეთხოვა შესაბამისი სასაქონლო ზედანადების გამოწერა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ 2025 წლის პირველ სექტემბერს გამოიწერა. ამასთან, როდესაც მოხდა სასაქონლო ზედნადების გამოწერა იმ პერიოდში მომჩივნის ინფორმაციით კომპანიის დავალიანებას შეადგენდა 8000 ლარს, ხოლო საგადასახადო ორგანო ითხოვს დღემდე არსებული დავალიანების დაფარვას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება №021-1365 და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება №28118.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2, და მე-5 ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.

ვალის მართვის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის №10659-21-17 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 20.08.2025 წლის №023–2530 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 13.10.2025 წელს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №021-1252 ბრძანება. ამასთან, 1.09.2025 წელს შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მოძრავი ქონება №------- სასაქონლო ზედნადებით გასხვისდა შპს „-------“ (ს/ნ -------) სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 10.11.2025 წელს გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №021-1365 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას (სასაქონლო ზედნადები №-------).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „-------“ 1.09.2025 წლის მდგომარეობით (ზედნადების გამოწერის თარიღი) ერიცხებოდა დავალიანება - გადასახადი 8 794,36 ლარი, საურავი 74,75 ლარი, ხოლო 3.02.2026 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება გადასახადის 19 324,36 ლარი, ჯარიმა 400 ლარი, საურავი 1 605,11 ლარი.

მომჩივანი განმარტავს, რომ დანადაგარის შეძენის დროს (2025 წლის ივლისი) შპს „-------“ არ გააჩნდა დავალიანება სასაქონლო ზედნადების გამოწერა კი მოთხოვნის მუხედავად არ განხორციელებულა საქონლის შეძენის თანადროულად და ის გამოიწერა მხოლოდ 2025 წლის პირველ სექტემბერს.

ამასთან, სასაქონლო ზედნადების გამოწერის პერიოდში კომპანიის დავალიანება შეადგენდა 8000 ლარს. ხოლო საგადასახადო ორგანო ითხოვს დღემდე არსებული შპს "-------"-ს დავალიანების დაფარვას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო ამ ქონებაზე იძულებითი ღონისძიებების გავრცელებამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის №021-1365 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 23.12.2025 წლის №28118 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ქონებაზე ყადაღის დადება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს-ს მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მოძრავი ქონება სასაქონლო ზედნადებით გასხვისდა მომჩივანზე. აღნიშნული კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო აღნიშნულ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 23.12.2025 წლის №28118 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241