გადაწყვეტილება №17957/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2022
№ დოკუმენტი 17957/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17957/2/2022

22.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 7.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17957/2/2022).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2022 წლის №007-222 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24041 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 26 395,5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 16 571

დღგ - 16 390

საშემოსავლო გადასახადი - 181

ჯარიმა - 7 947.7

საურავი - 1 876.8

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ხორცპროდუქტების (ძეხვი და სოსისი) წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური სრული საგადასახდო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.07.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2020 წლის მაისის და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდებში, საწარმოს გადახდილი აქვს მომსახურების თანხები ფიზიკურ პირზე, რაც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.

ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და საბანკო ანგარიშიდან გაცემული თანხები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- მომჩივანს 2019 წლის სექტემბერში და 2020 წლის ივნისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით (ავ-40 ------; ავ-13 -------; ავ-08 ------), აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებზე გამოწერილია საბოლოო ანგარიშფაქტურები, რომლებიც გამომწერების მიერ არის განაშთული, თუმცა მომჩივანს არ შეუმცირებია ადრე მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარებოდა მიმდინარე პერიოდში შემცირებას.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის ოქტომბრის და 2020 წლის ივლისის და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გათვალისწინებული იქნა ადრე მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურიდან მიმდინარე პერიოდში შესამცირებელი ავანსის თანხა და დღგ-ის ჩათვლა შემცირდა 1 101,78 ლარის ოდენობით.

- შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებით საზოგადოებას 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს სატრანსპორტო საშუალება (ფორდ ტრანზიტი, სასაქონლო კოდი 8704), რომელიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ბუღალტრული პროგრამის და ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის თანხა და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- როგორც ბუღალტრული ჩანაწერებიდან ირკვევა, საზოგადოებას 2021 წლის დეკემბერში საგადასახადო ორგანოსთან შეტყობინების გარეშე ჩამოწერილი აქვს 69 667,44 ლარის ღირებულების ნედლეული და მასალები. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, განხორციელებული ქმედება განხილულ იქნა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების მიწოდებად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2022 წლის №007-222 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.09.2022 წლის №24041 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმო აწარმოებდა საექსპერიმენტო პროდუქციის და გამოყენებული 2021 წლის ნედლეული და მასალები ითვლებოდა როგორც ჩვეულებრივი ხარჯი და არ იცოდა, რომ უნდა შეეტყობინებინათ საგადასახადო ორგანოსთვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს/დავების განხილვის ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი კოდექსით გათვალისწინებული სანქციისგან თუ სამართალ დარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. უნდა შემცირდეს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა დღგ-ის ნაწილში, კერძოდ ჯარიმა 6 270 ლარი და საურავი 1 313 ლარი, სულ 7 583 ლარით.

წარმოების გასაფართოებლად იქმნებოდა 10 დასახელების ახალი საექსპერიმენტო პროდუქცია. აღნიშნულზე მუშაობის დროს გაიხარჯა გარკვეული რაოდენობის ნედლეული, რაც ჩამოწერილი იქნა ხარჯებში საგადასახადო ორგანოსთან შეტყობინების გარეშე. ვინაიდან კომპანიას არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია გამოუცდელობისა და არცოდნის გამო (პირველი შემთხვევაა და დღემდე შემოწმება არ ჩატარებულა), აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად უნდა მოიხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმასაურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.