ბრძანება N 19774
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19774
09 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ -----) (მის.:-----)
2025 წლის 19 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 73) განიხილა ----- (პ/ნ -----) N 97626/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს N EL292789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----- იმყოფებოდა საოჯახო ნივთების შესაძენად. მის კუთვნილ ოქროს ნივთებს ატარებდა ჯიბით, რადგან მისთვის უცნობი იყო არსებული შეზღუდვების თაობაზე.
აღნიშნულზე, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს ოქროს ნივთების განბაჟების პირობით, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 14 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ფიზიკური პირი ----- (პ/ნ -----). ეჭვის საფუძველზე, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი შეჩერებისა და დათვალიერების პროცედურების განხორციელების თაობაზე, რაზედაც ეცნობა მგზავრს და მიეცა წინადადება დამალული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებაყოფლობით გადაცემასთან დაკავშირებით.
განხორციელდა ----- (პ/ნ -----) ფიზიკური დათვალიერება. შედეგად, შარვლის ჯიბესა და საფულეში აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ოქროს სამაჯური – 1 ცალი, ოქროს ყელსაბამი კულონით – 1 ცალი, ოქროს ბეჭედი – 1 ცალი), საერთო წონით 17,09 გრ („მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ (N -----/-----, 14/08/2025)).
ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის საფუძველზე, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა – 2902,2 ლარი (საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ ექსპერტიზის 2025 წლის 14 აგვისტოს N -----/2025 დასკვნა).
ვინაიდან ----- (პ/ნ -----) მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად (ჩადენილი განმეორებით), საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----“ 2025 წლის 14 აგვისტოს შედგა N EL292789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის უზრუნველსაყოფად, რაზედაც შედგენილია „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის N ----- ოქმი“.
------ (პ/ნ -----) 2024 წლის 5 სექტემბერსაც უფიქსირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოქროს საიუველირო ნაკეთობების (ოქროს ყელსაბამი – 1ც, ოქროს სამაჯური – 3 ცალი, საერთო წონა = 20,64 გრ, საბაჟო ღირებულება – 2611,17 ლარი) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტი (N EL261134 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი), რა დროსაც არადეკლარირებული საქონელი მას დამალული ჰქონდა სხეულზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;
საბაჟო დეკლარაციაში იგულისხმება დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ ირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს არადეკლარირებული 2902.2 ლარის საბაჟო ღირებულების 17.09 გრამი ოქროს ნაკეთობების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დადგენილია ასევე, რომ მომჩივანი წარსულშიც არის დაჯარიმებული იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ----- ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს ოქროს ნოვთების განბაჟების პირობით, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს არადეკლარირებული საქონელი მას დამალული ჰქონდა სხეულზე. საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის უზრუნველსაყოფად, რაზედაც შედგენილია „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი“.
გადაწყვეტილება:
მომჩივანი წარსულშიც არის დაჯარიმებული იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168(31);.