გადაწყვეტილება № 27385/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27385/2/2026
24 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 21.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27385/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2026 წლის №001-83 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 12 498,27 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 877,71
საურავი - 3 620,56
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საფოსტო შეკვეთებით ან ინტერნეტის საშუალებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.04.2014 წელს. მცირე მეწარმის სტატუსი გააჩნია 1.04.2023 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება, ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის პირობათა შესაძლო არსებობის შესწავლის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 7.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 4.12.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26741 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №001-270 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.02.2026 წლის №2284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №001-270 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა, აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 27.04.2026 წელს გამოიცა №9123 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №-----საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ფლობს სრულ ინფორმაციას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პროცედურისა და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ. მისი მხრიდან არ მომხდარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის განზრახ თავის არიდება. ჰქონდა არასწორი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში ბიუჯეტში მხოლოდ შემოსავლის 1%-ის გადახდა ეკისრებოდა, რასაც კეთილსინდისიერად და სრულად ასრულებდა ყოველთვიურად. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებში მისივე ინიციატივით სრულად იყო ასახული საბანკო ანგარიშზე შემოსული თანხები, მათ შორის იმ პერიოდშიც, როდესაც 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, მის მიერ არ მომხდარა დასაბეგრი ბრუნვის დამალვა ან შემოსავლების შემცირება. აუდიტის დაწყების შემდეგ სრულად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან, დაუყოვნებლივ მიაწოდა ყველა მოთხოვნილი საბანკო ბრუნვა და ამონაწერი. მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ინდივიდუალური მეწარმე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად. ამ მიზეზით მომსახურე საბანკო დაწესებულებაში ერთ ანგარიშსწორების ანგარიშზე აისახება როგორც პირადი გადარიცხვები, ისე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. ზემოაღნიშნულის გამო შეცდომით დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის „შემოსავლების“ გრაფაში სრულად იყო ასახული ყველა ტრანზაქცია, მათ შორის პირადი გადარიცხვებიც, რასაც შემოწმებისას არასწორად დაეფუძნა საგადასახადო ორგანო. აღნიშნული გარემოება საჭიროებდა გადახედვასა და კორექტირებას. მისი კეთილსინდისიერება და რეალურად არ ცოდნის და შეცდომის გამო დაშვებული დარღვევა ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან, თუნდაც იმ გარემოებით რომ არც ერთ ეტაპზე წლების მანძილზე არ დაუმალავს ბრუნვა, როცა გადაცდა მისი ბრუნვა 100 000 ლარს ესეც თვითონ აქვს დეკლარირებული, რადგან რეალურად არასწორ ინფორმაციას ფლობდა, რომ მცირ მეწარმის სტატუსის ფარგლებში უწევდა მხოლოდ ერთპროცენტიანი საშემოსავლოს გადახდა და რეალურად არ იცოდა რომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ჰქონდა, ეს ინფორმაცია გაიგო მხოლოდ მას შემდეგ რაც აუდიტმა აწარმოა კამერალური შემოწმება, მათი მოთხოვნით გადააგზავნა საბანკო ამონაწერები, სადაც გამოჩნდა რომ ერთი ლარიც კი არაა რომ დეკლარირებული არ ჰქონოდა, არ დაუმალავს არც ერთი თეთრი შემოსავალი და კეთილსინდისიერად იხდიდა საშემოსავლოს, რაც რეალურად იცოდა რომ ეკუთვნოდა, ნამდვილად არ ფლობდა ინფორმაციას დღგ-ს გადასახადის ვალდებულების შესახებ, და შესაბამისად რადგან დარღვევა მოხდა 2023 წელს, და მისთვის კი მხოლოდ 2025 წლის მიწურულს გახდა ცნობილი, ამ პერიოდში ძირ თანხას დაემატა საკმაო ოდენობის საურავი (3620.56 ლარი)
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით (რომლის საფუძველზეც გამოიცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა №001- 83, ბრძანება N9123), მის მიმართ გაუქმდა საჯარიმო სანქცია, რითაც სახელმწიფომ დაადასტურა, რომ დღგ-ს გადამხდელად დროულად არდარეგისტრირება გამოწვეული იყო უნებლიე, კეთილსინდისიერი შეცდომით (კანონმდებლობის არცოდნით) და არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების განზრახვა.
მოცემულ ეტაპზე ასაჩივრებს კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას (№----) დარიცხული საურავის (3 620,56 ლარი) ნაწილში და ითხოვს მის სრულ გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო ორგანოს მიერ რეაგირების დაგვიანება: კანონდარღვევის სავარაუდო პერიოდიდან აუდიტის შემოწმების დაწყებამდე გავიდა 2 წელზე მეტი დრო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან ობიექტურად არ იცოდა და ვერ ეცოდინებოდა ვალდებულების წარმოშობის შესახებ. საგადასახადო ორგანოს მხრიდან საქმის აღძვრისა და მისი ინფორმირების დაგვიანებამ გამოიწვია საურავის ხელოვნურად, კატასტროფულად დიდი ოდენობით დაგროვება, რაზეც ის გავლენას ვერ მოახდენდა. საურავის მიზანია გადამხდელის სტიმულირება დროული გადახდისთვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არქონის გამო, მან დაკარგა თავისი ფუნქცია და გადაიქცა გაუმართლებელ ფინანსურ სასჯელად.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: არის უმუშევარი სტუდენტი და მცირეწლოვანი შვილების დედა. არ გააჩნია არანაირი სტაბილური შემოსავალი (ხელფასი) ან პირადი ქონება. არსებული საურავის ტვირთი მისი ოჯახისთვის წარმოადგენს სრულ ფინანსურ კატასტროფას და ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით და ვინაიდან მისი კეთილსინდისიერება უკვე აღიარებულია ჯარიმის გაუქმებით, სრულად გათავისუფლდეს დარიცხული საურავისგან (3 620,56 ლარი).“
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №001-270 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განეხორციელებინა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 24.04.2026 წელს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც მითითებულია შემდეგი:
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში დარჩა უცვლელი. გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დარიცხულ საურავს, ასევე დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადამხდელი არ განთავისუფლდა დარიცხული საურავისაგან, რადგან საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი ითხოვს №----- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავის სრულ გაუქმებას ვინაიდან მისი მოცულობა დიდწილად განაპირობა საგადასახადო სამართალწარმოების ხანგრძლივობამ, რაც მისგან დამოუკიდებელ მიზეზს წარმოადგენდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილება. მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საურავისგან გათავისუფლებას, რაც საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. მცირე მეწარმემ, რომელიც ახორციელებს ინტერნეტ-ვაჭრობას, ბრუნვის სრული დეკლარირებისა და 1%-იანი გადასახადის გადახდის მიუხედავად, ინფორმაციის არქონის გამო გამოტოვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 01.01.2022–01.09.2025 პერიოდზე ჩატარებული კამერალური შემოწმების შედეგად გამოცემული აგადასახადო მოთხოვნა გადამხდელმა გაასაჩივრა საგადასახადო ორგანოსთან სრული თანამშრომლობის პირობებში. დავების განხილვის საბჭოს 12.03.2026 წლის გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადამხდელი კეთილსინდისიერების საფუძველზე გათავისუფლდა სსკ-ის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ახალი, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც კვლავ გასაჩივრებულია დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.03.2026 წლის №26716/2/2026 გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;272(1);282(1);