გადაწყვეტილება №19946/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19946/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19946/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 093,75 ლარი.
ფაქტების აღწერა
23.04.2023 წელს სს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №771773916618 საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 68 აშშ დოლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 68 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. მებაჟე-ოფიცრის მიერ №771773916618 ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 68 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ყელსაბამი) ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 2 583 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 2 093.75 ლარის ოდენობით, რაზეც, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 093.75 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 68 აშშ დოლარად და ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება. აღნიშნული ქმედება არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
4.04.2023 წელს გამოიწერა ნივთი (დაბადების დღის საჩუქარი მეუღლისგან 4.05.2023 წლისთვის, მწარმოებელი კომპანია CHOPARD) FARFETCH-დან. მეორე დღეს ნახა მეილზე მიწერილი შეკვეთის გაუქმების შესახებ ბარათის უსაფრთხოების მიზეზით. წერილს მეილითვე უპასუხა განაწყენების შესახებ. შემდგომ აღმოჩნდა, რომ სააღდგომო დღესასწაულების დროს აღნიშნული შეკვეთა გამოაგზავნეს, ხოლო თანხა ბლოკში დატოვეს, რაც უყურადღებობით გამორჩა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე.
პარალელურად სხვა ნივთიც ჰქონდა გამოწერილი რომლის ღირებულებაც შეადგენდა 68 აშშ დოლარს. გადამზიდავ კომპანიას USA2GEORGIA-ს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, არ უჩანდა ამანათი, რომლის ჩამოსვლის რეისიც ვერაფრით დაადგინა. ხოლო როცა დაუკავშირდნენ შეცდომით მიიჩნია, რომ ეს სწორედ ამ 68 დოლარიან ღირებულების ნივთს ეხებოდა.
აღიარებს, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა, მაგრამ უკვე 13 წელია სარგებლობს სხვადასხვა საიტიდან პირადი ნივთების გამოწერის სერვისით და არასდროს მსგავსი შეფერხება და დამაბნეველი სიტუაცია არ ჰქონია, ყოველთვის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შექმნილმა ალტერნატიულმა გარემოებამ და უყურადღებობამ გამოიწვია უნებლიე შეცდომა და მიაჩნია, რომ აღნიშნულის გათვალიწინებით კანონის მთელი სიმკაცრით არ უნდა დასჯილიყო.
მიუთითებს, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც ფიზიკურ პირს რომელსაც მანამდე მსგავსი არასტანდარტულ სიტუაციაში ქმედების განხორციელების გამოცდილება არ ჰქონია. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად:
1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:
ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8- VIII-06). აღნიშნული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ 23.04.2023 წელს №771773916618 საფოსტო გზავნილზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 2 093.75 ლარის ოდენობით.
მომჩივანი განმარტავს, რომ სხვა ნივთიც ჰქონდა გამოწერილი რომლის ღირებულებაც შეადგენდა 68 აშშ დოლარს. გადამზიდავ კომპანიას USA2GEORGIA-ს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, არ უჩანდა ამანათი, რომლის ჩამოსვლის რეისიც ვერაფრით დაადგინა. ხოლო როცა დაუკავშირდნენ შეცდომით მიიჩნია, რომ ეს სწორედ ამ 68 დოლარიან ღირებულების ნივთს ეხებოდა.
აღიარებს, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა და ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკისრებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ამასთან საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით.
შესაბამისად არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 093.75 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით.
შესაბამისად არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 167; 163.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლი;