გადაწყვეტილება №26432/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2026
№ დოკუმენტი №26432/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26432/2/2026

24 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ამხანაგობა „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა „-------“-ის 8.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26432/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2025 წლის №021-107 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.12.2025 წლის №27435 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 601 478,97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 361 343,7

დღგ - 140 879,08

მოგების გადასახადი - 101 756,82

საშემოსავლო გადასახადი - 118 707,8

ჯარიმა - 180 645,4

საურავი - 59 489,87

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო მომსახურება. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

აუდიტის დეპარტამენტის 8.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2025 წლის №021-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.12.2025 წლის №27435 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ამხანაგობის მიერ არ არის წარმოდგენილი სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არ არის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები სრულად ატვირთული. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის სერტიფიკატებით დგინდება, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული ბრუნვისაგან. ამხანაგობის მიერ გამოწერილი და მიღებული საავანსო ანგარიშ-ფაქტურებიც სრულად არ არის დაკავშირებული და განაშთული ამხანაგობის მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურასთან. ასევე, ------- მიღებული 341 000 ლარის ავანსი და ------- შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, ამხანაგობას დაერიცხა დღგ, ხოლო, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს სრულად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. სავარაუდოდ დღგ-ით დაბეგრილი ბრუნვა მოიცავს 2022 წლის 1 იანვრამდე მიღებულ ავანსებს. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მნიშვნელოვანი უზუსტობებით. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის ჩართულობით და დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ამხანაგობის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლოსარემონტო მომსახურება. საწარმო მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არ აქვს ბუღალტრული პროგრამა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არ არის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარებები სრულად ატვირთული. მომჩივნის მიერ წარდგენილი გადახდის სერტიფიკატებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამხანაგობის მიერ გამოწერილი და მიღებული საავანსო ანგარიშ-ფაქტურები სრულად არ არის დაკავშირებული და განაშთული ამხანაგობის მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურასთან. ------- მიღებული 341 000 ლარის ავანსი და ------- შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ არის დაბეგრილი დღგ-ით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დღგ-ით დაბეგრილი ბრუნვა არ მოიცავს 1.01.2022 წლამდე მიღებულ ავანსებს, ამასთან გაანგარიშების ცხრილები არაერთხელ არის გაგზავნილი გადასახადის გადამხდელისთვის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 180 645,4 ლარი, აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2025 წლის №021- 107 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 59 489,87 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს ამხანაგობა გათავისუფლდეს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან, რათა შეძლოს გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრული თანხის დაფარვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ამხანაგობის მიერ არ არის წარმოდგენილი სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არ არის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები სრულად ატვირთული. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის სერტიფიკატებით დგინდება, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული ბრუნვისაგან. ამხანაგობის მიერ გამოწერილი და მიღებული საავანსო ანგარიშ-ფაქტურებიც სრულად არ არის დაკავშირებული და განაშთული ამხანაგობის მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურასთან. ასევე, შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, ამხანაგობას დაერიცხა დღგ და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)