გადაწყვეტილება №19663/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19663/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ის 11.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19663/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.04.2023 წლის №EL204955 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 მაისის №9748 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
3.04.2023 წელს ს.გ.პ. „-----------“ კონტროლის ზონაში --------- რესპუბლიკის მხრიდან შემოსული მომჩივნის ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი (სიგარეტი „---------“ – 900 ღერი (45 კოლოფი) და სიგარეტი „--------“ – 60 ღერი (3 კოლოფი)), აქციზური მარკის გარეშე.
მომჩივანს აღნიშნული საქონელი დამალული ჰქონდა ტანჩაცმული შარვლის უბეში.
ვინაიდან, შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და ამასთან არ იყო შესრულებული საქონლის დეკლარირების ვალდებულება, მომჩივანს 2023 წლის 3 აპრილის №EL204955 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
საბაჟო სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „----------“ – 900 ღერი (45 კოლოფი) და სიგარეტი „---------“ – 60 ღერი (3 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601084479 ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული -------- საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 3 მაისის №9748 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე,70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადადიოდა თურქეთში, მაგრამ არ გაატარეს და მოუწია სიგარეტით დაბრუნება. არანაირი საშუალება არ აქვს აღნიშნული ჯარიმის გადახდის. ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა არის პირველი შემთხვევა და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 3.04.2023 წელს, -------- რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოსვლისას მომჩივანს აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი (სიგარეტი) აქციზური მარკის გარეშე.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მომჩივანს 2023 წლის იანვრის თვიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 214 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი, რა დროსაც დღის განმავლობაში საზღვარს სისტემატიურად სამ ან ხუთჯერ კვეთდა.
2019 – 2023 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 16 (თექვსმეტი) ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (20/01/2019; 02/03/2019; 21/05/2019; 15/07/2019; 21/08/2019; 17/10/2019; 26/11/2019; 15/01/2020; 04/03/2020; 09/02/2022; 25/03/2022; 22/05/2022; 06/07/2022; 20/08/2022; 10/02/2023; 22/04/2023).
2018-2023 წლებში მასვე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის -- სიგარეტის კანონმდებლობის დარღვევით შემოტანის 15 (თხუთმეტი) ფაქტი - 11/06/2018; 21/09/2018; 29/05/2019; 06/06/2019; 26/06/2019; 09/10/2019; 23/10/2019; 14/12/2019; 17/01/2020; 02/07/2022; 06/07/2022; 28/07/2022; 25/10/2022; 29/01/2023; 04/04/2023, რა დროსაც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული იქნა 3 520 ღერი (176 კოლოფი) სიგარეტი.
საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
საგ.კოდ 199;
საბაჟ.კოდ 168(3);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი