გადაწყვეტილება №22862/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22862/2/2024
13 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 12.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22862/2/2024).
დავის საგანი:
1. 2023 წლის იანვარ-თებერვალში დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება;
2. ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №071-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7103 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 499 244,7 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 264 775
დღგ - 46 932
მოგების გადასახადი - 132 955
საშემოსავლო გადასახადი - 84 888
ჯარიმა - 129 849
საურავი - 104 620,7
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №071-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7103 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2023 წლის იანვარ-თებერვალში დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს გაეზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამის პერიოდებში, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე, 136-ე, 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტის მე-3 საკითხში მითითებულია: საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით... შესაბამისად, პირს გაეზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამის პერიოდებში.
ამ მიზეზით დარიცხულია 108 998 ლარი, რომლის უდიდეს ნაწილს, რაც შეეხება 2020, 2021, 2022 წლებს, ეთანხმება. ამ წლებში მართლაც ჰქონდა გაცემული სესხები ფიზიკურ პირებზე, რომელთა შესაბამისი მოგების გადასახადის დეკლარირება ვერ მოასწრო და ეს ასახა კიდევაც საბუღალტრო ფაილში, 2020-2022 წლების შესაბამისი თარიღებში. მაგრამ, არ ესმის რატომ დაარიცხა მოგების გადასახადი 2023 წლის იანვარში 4 701 ლარი და 2023 წლის თებერვალში 11 870 ლარი? საგადასახადო შემოწმების აქტში, ამ ბოლო 2 თვის დარიცხვის შესახებ არაფერი წერია (არც განმარტება და არც გაანგარიშების საფუძველი). ვინაიდან ამ თვეებში (2023 წლის იანვარ-თებერვალში) მომჩივანს ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხი არ გაუცია (ამ პერიოდში 2 თანამშრომელზე გაცემული თანხები არ არის სესხი, საქვეანგარიშო თანხებია), ითხოვს 4 701+11 870 = 16 571 ლარის მოხსნას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგადასახადო შემოწმება 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებს მოგების გადასახადით დასაბეგრად მიიჩნევს, ზემოაღნიშნული გადასახადის თანხა მაინც არ გამოდის... იმ ნაზრდიდან გამომდინარე, რაც ამ თვეებშია, მოგების გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების (საბუღალტრო ფაილი წარმოდგენილი აქვს!) უნდა დაერიცხა:
2023 წლის იანვარში - 3 395 ლარი; 2023 წლის თებერვალში - 2 396 ლარი.
ამ ორი თანხის ჯამი კი მხოლოდ 5 791 ლარია და არა 16 571 ლარი, ანუ ამ შემთხვევაშიც კი, დარიცხვა შესამცირებელია 10 780 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში მომჩივანმა დაიქირავა ახალი აუდიტი, რომელმაც მთლიანად შეისწავლა შესამოწმებელი პერიოდის მონაცემები და საგადასახადო შემოწმებაც მიმდინარეობდა მათი მონაწილეობით. ნაწილი დასაბეგრი განაცემები თვითონვე ჰქონდათ ბუღალტრულად აღრიცხული, თუმცა ასევე ჩატარებულია ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, რომლითაც ნაშთი არ უნდა ჰქონოდა, თუმცა ბუღალტრულად ნაშთი რჩებოდა და აუდიტორთან ერთად შესწავლის შედეგად, ეს ნაშთი განხილული იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2. ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე 129 849 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგები, მართალია ნაწილობრივ სამართლიანია, მაგრამ მთლიანობაში არის ძალიან მძიმე საწარმოსათვის. ამასთან, აპირებდა დარიცხული გადასახადების (იმ ნაწილში, რასაც ეთანხმება) დაზუსტებას! ამ მიზნით, ჯერ კიდევ საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, დაიქირავა აუდიტური ფირმა დასაზუსტებელი გადასახადების დათვლის მიზნით, რომელმაც გაიანგარიშა კიდევაც გადასახადების დასაზუსტებელი თანხები, მაგრამ მისი სამუშაოს დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, დაინიშნა საგადასახადო შემოწმება, რამაც შეუძლებელი გახდა დეკლარაციების დაზუსტება. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ ფაილში დასაზუსტებელი თანხები (უდიდესი ნაწილი) უკვე მითითებული იყო გადამხდელის მიერვე!
აღნიშნულის გამო ითხოვს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში იქნება გათვალისწინებული საჩივრის არგუმენტები, სრულად მოეხსნას დარიცხული ჯარიმები (რაც დარჩება გადაანგარიშების შედეგად) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს ჯარიმებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი ითხოვს დარიცხული მოგების გადასახადის შემცირებას.
2.მომჩივანი ითხოვს სრულად მოეხსნას დარიცხული ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს გაეზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამის პერიოდებში, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე 129 849 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს ჯარიმებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),97,982,136,269(7).