ბრძანება N 959

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 959
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 959

24 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------ს რესპუბლიკის მოქალაქე -------ს (პასპ. №------)

(მის.: ---------)

2023 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის (ოქმი №4) სხდომაზე განიხილა -------ს (პასპ. №-----) №223057/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №EL236777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის“ №69601096850 ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ არის მძღოლი და არ იცის ქართული ენა, რის გამოც არასწორი ინვოისი წარადგინა, სადაც მონაცემები (საქონლის საბაჟო ღირებულება) შეცდომით არის მითითებული. მიუთითებს, რომ პროფორმა ინვოისში არის სწორი მონაცემი, სადაც მითითებულია 4700.000 ლირა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სახ.ნომრით ------, რომელსაც მართავდა ------ს რესპუბლიკის მოქალაქე -------. უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მან უარი განაცხადა. გამოკითხვა განხორციელდა მისთვის გასაგებ ------ ენაზე, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში.

ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ------ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სალონში მძღოლის სავარძლის უკან და მისაბმელის სათავსოში აღმოჩენილ იქნა 10 ცალი უსაფრთხოების ქამარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“.

არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის შემდეგ, ------მ საბაჟო ორგანოს წარუდგინა ინვოისი, რომლის მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულება იყო 75 000 თურქული ლირა, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 6 877.50 ლარი.

ვინაიდან ------ს მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილი №EL236777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6877.50 ლარის ოდენობით.

სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებულ საქონელი დაილუქა №G6563747 საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ ადმინისტრაციულ შენობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601096850 ოქმი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლი ადგენს, რომ საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს. უზრუნველყოფის ღონისძიება ხორციელდება სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ამავე წესის მე-2 მუხლის მიხედვით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება: ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

დადგენილია, რომ არადეკლარირებული საქონელზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინვოისის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება იყო 75 000 თურქული ლირა (ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 6 877.50 ლარი).

დადგენილია, ასევე და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------ს (პასპ. №------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ.№11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №EL236777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

„საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის“ №69601096850 ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 27 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სალონში მძღოლის სავარძლის უკან და მისაბმელის სათავსოში აღმოჩენილ იქნა 10 ცალი უსაფრთხოების ქამარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“.

არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის შემდეგ, მომჩივანმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა ინვოისი, რომლის მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულება იყო 75 000 თურქული ლირა, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 6 877.50 ლარი. ვინაიდან მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილი №EL236777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6877.50 ლარის ოდენობით. სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებულ საქონელი დაილუქა №G6563747 საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601096850 ოქმი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13(2), 73, 168(1);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის N254 ბრძანება.