გადაწყვეტილება №23301/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 23301/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23301/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23301/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31885 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12610 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 225 330 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 87 641

დღგ - (- 72 428)

მოგების გადასახადი - 140 362

საშემოსავლო გადასახადი - 19 707

ჯარიმა - 96 007

საურავი - 41 682

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შეძენილი თავის მოვლის საშუალებების და პარფიუმერიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტის გზით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 16.04.2020 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე ----ში, რეექსპორტის გზით, მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისაგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის განაცემად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №9065 ბრძანება და №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 13.10.2023 წლის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 19.12.2023 წლის №31885 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №31885 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ -----ის რესპუბლიკაში განახორციელა საქონლის მიწოდება 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში. საქონლის მიწოდება განხორციელდა -----ში რეგისტრირებულ კომპანია -------ზე, რომელსაც კომპანიის მიმართ გაუჩნდა დავალიანება 238 130.21 აშშ დოლარის ექვივალენტი, რომელიც შემოწმების პერიოდში 733 298 ლარის შესაბამისი იყო. აღნიშნული თანხა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაკვალიფიცირდა, როგორც სესხის გაცემა არარეზიდენტ კომპანიაზე და ამასთან, დაერიცხა სესხის პროცენტი, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 19-ე ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად განმარტებულია, რომ პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის: ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიით და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები.

რაც შეეხება კვალიფიცირებას და სესხად აღიარებას საქონლის ღირებულების, არ ეთანხმება, რადგანაც ოპერაცია არც საქონლის უსასყიდლო მიწოდებაა და არც არარეზიდენტისათვის სესხის მიცემა. კომპანიის მიერ განხორციელდა საქონლის მიწოდება მოგების მიზნით. კომპანია პირველად შევიდა პროდუქციით -----ის ბაზარზე და ცდილობდა ბაზრის ათვისებას, თუმცა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეამციროს დავალიანება, ამიტომაც კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ, 2022 წლის დეკემბრის თვეში, -----ში მივლინებისას დაიდო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან -----, რომელიც წარმოდგენილი იყო აუდიტორებთანაც და გასაჩივრების პროცესში. გარდა ამისა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება -----დან საქართველოში დაებრუნებინა გაყიდული საქონლის ნაშთი. რადგან ვერ ახერხებდა დავალიანების ამოღებას, ამიტომ 2023 წლის 16 მაისს მოახდინა -----დან 89 120.06 აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება. რაც შეეხება უკან დაბრუნების ინვოისში საქონლის ფასებს, აღნიშნული საქონლის ფასები თითოეულ საქონელზე აღემატება რეალიზაციის ინვოისში დაფიქსირებულ საქონლის ფასებს, რადგან სხვანაირად ვერ მოხერხდა საქონლის უკან დაბრუნება. კომპანია აღნიშნულ სხვაობას, რომელიც 11 402 აშშ დოლარს შეადგენს, არც განიხილავს უკან დაბრუნების ღირებულებად, ანუ ------დან განხორციელდა 77 717.18 აშშ დოლარის ექვივალენტი საქონლის ღირებულების უკან დაბრუნება. კომპანიას ამ ქმედებით დავალიანება შეუმცირდა და დარჩა 238 130.21$ - 77 717.18$=160 413.03 $ ექვივალენტი ლარში. აგრეთვე, განხორციელდა დავალიანების დაფარვა, 38 000 აშშ დოლარის ექვივალენტი (საჩივარს თან ერთვის საგადასახადო დავალება და ბანკის ამონაწერი). შეთახმების საფუძველზე დავალიანების დაფარვა გაგრძელდება და ელოდება მომდევნო ტრანშს. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებზე მიწოდებული იქნა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბანკის ამონაწერი. აგრეთვე, მიაწოდა ინფორმაცია უკან დაბრუნებულ საქონლის შესახებ, სადაც ჩანს შტრიხკოდებით გაყიდული და უკან დაბრუნებული საქონლის იდენტურობა. თუმცა ყოველივე ამისა, დარიცხული თანხების შემცირება არ მოხდა.

ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას (ჯარიმა-საურავის ჩათვლით).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამასთან, საბჭოს 13.10.2023 წლის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 19.12.2023 წლის №31885 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2024 წლის 29 მარტის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სამმხრივი შეთანხმების აქტი, ექსპორტზე გატანილი საქონლის უკან დაბრუნების დოკუმენტაცია (ინვოისები), ასევე შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების საბანკო ამონაწერი და საგადახდო დავალება. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერი და საგადახდო დავალებები, რომლითაც -------ის მიერ თანხის ჩარიცხვა დასტურდებოდა, მითითებული იყო, რომ ამონაწერი შესაძლოა არ ყოფილიყო ავთენტური, ხოლო საგადახდო დავალებები არ იყო დამოწმებული ბანკის მიერ სველი ბეჭდით. რაც შეეხება საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციას, ------დან იმპორტის ოპერაცია განხორციელებულია არა --------ის, არამედ --------ის მიერ. სამმხრივი შეთანხმებით ირკვევა, რომ -------ში დაფუძნებულმა კომპანიამ --------მა, გადასახადის გადამხდელთან შეთანხმებით, ------ში არსებული საქონელი და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები გადასცა ------ს, რომელმაც საქონლის ნაწილი დააბრუნა საქართველოში. ამასთან, ინვოისებში ჩამოთვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებისგან. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას ------თან ჰქონდა რეალიზებული საქონელი, რაზეც განხორციელებული იყო რეექსპორტის ოპერაციები. შესაბამისად, ის ფაქტი რომ აღნიშნული იმპორტი იყო სწორედ --------ზე რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება არ გამოიკვეთა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ განხორციელებული ოპერაციისათვის შემოწმების მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია არის მცდარი, არასწორი, რადგან განხორციელებულია კომერციული ოპერაცია. სადავო ოპერაცია არც საქონლის უსასყიდლო მიწოდებაა და არც სესხის მიცემა, ამდენად ითხოვს სწორ შეფასებას წარდგენილი დოკუმენტების, შესაბამისი გაანგარიშებების საფუძველზე. არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას საქონლის შესაბამისობის დადგენის შეუძლებლობაზე, მიაჩნია, რომ სურვილის შემთხვევაში აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია. შემოწმებისათვის მიწოდებული იქნა დოკუმენტები, სამმხრივი შეთანხმება, ინვოისები, ინფორმაციები ცხრილის სახით, მაგრამ არც კვალიფიკაცია შეიცვალა და არც დარიცხვა. უკან დაბრუნების და მიწოდების დროს ფასებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კომპანიამ, რომელიც მათ ემსახურებოდა, მეორე, სხვა კომპანიას გადასცა და საქონლის უკანდაბრუნებისას გამოწველი იქნა აღნიშნული ფასთაშორის სხვაობა 11 000$ დოლარის ოდენობის, რასაც არ ითხოვს და არც განიხილავს უკან დაბრუნების ღირებულებად. დღევანდელი მდგომარეობით მნიშნელოვანი ოდენობის თანხაა ამოღებული და საქონელი დაბრუნებული, რომელიც დაბეგრილია.

საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12610 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №31885 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 16.04.2020 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე რეექსპორტის გზით, მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისაგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის განაცემად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9065 ბრძანება და №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და №31885 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №31885 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №12610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“,„გ“, 7) ;982(3 „ზ“) ; 983 (1);