გადაწყვეტილება №17687/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17687/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17687/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“ 2.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17687/2/2021).

 

დავის საგანი:

1. საცხოვრებელი კორპუსის ბინების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა;

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-1000 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

671 652 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 332 445

დღგ - 142 839

საშემოსავლო გადასახადი - 189 606

ჯარიმა - 166 223

საურავი - 172 984

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.09.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.12.2021 წლის №40795 ბრძანება და №006-1000 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საცხოვრებელი კორპუსის ბინების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება უძრავი ქონება -------ში, ---------- არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე (1500კვ.მ) მშენებარე შენობანაგებობები - საერთო ფართობით 8 899.1 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 5 569.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 966.9 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 780.4 კვ.მ., დამხმარე ფართობი 59.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1 523.2 კვ.მ. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება ან/და ახსნა-განმარტება.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ის ნაწილში საცხოვრებელი კორპუსის ბინების მიწოდების ოპერაცია. შესაბამისად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას დღგში. როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა აუდიტის დეპარტამენტთან შემოწმების პროცესში, აქედან გამომდინარე, ყველა გაანგარიშება შესრულებულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მისთვის უცნობია აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გაანგარიშებების სისწორე და მართლზომიერება.

2021 წლის 22 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში დამატებით დაბეგრილი დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 789 544 ლარს, არანაირი განმარტება არ არის დაფიქსირებული, თუ რომელი ოპერაციაა განხილული დასაბეგრ ბრუნვად ან რომელი ფართები რა პერიოდში იქნა განხილული მიწოდებად. ითხოვს ხელახალ შესწავლას დაექვემდებაროს ზემოაღნიშნული საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ნაღდი ფულის მოძრაობის და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ასევე, არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება ან/და ახსნა-განმარტება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, ელექტრონული და გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. არ არსებობს არანაირი კონკრეტიკა სალაროში არსებული ნაშთის გაანგარიშების შესახებ. აქედან გამომდინარე, არ არის ცნობილი სალაროში „დადგენილი“ ნაშთის სისწორე. თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ დამატებული ღირებულების გადასახადში „დადგენილი“ ბრუნვა ჩაითვალა მიღებულ თანხად, აიგროსა და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში „დადგენილი“ ციფრებსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში პოულობს გარკვეულ მსგავსებას, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი მთავარი გარემოება, კერძოდ: საგადასახადო შემოწმების აქტში, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშებისას სხვაობა არ გამოვლენილა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სრული გაანგარიშება ნაწარმოებია არაპირდაპირი მეთოდით, და სრული დასაბეგრი ბაზა გათანაბრებულია მიღებულ თანხებთან, მაშინ შეძენილი მომსახურებაც უნდა ჩათვლილიყო ანაზღაურებულად. მინიმუმ ამ გარემოების გათვალისწინებით უდნა შეცვლილიყო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და იგი უნდა განსაზღვრულიყო 785 411 ლარით, ნაცვლად 948 041 ლარისა. ამასთან კატეგორიულად არ ეთანხმება სალაროში განსაზღვრული თანხის ხელფასად განხილვას და სალაროში განსაზღვრული ნაშთი საკასო ხარჯების გათვალისწინებით განხილულ იქნეს საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.

 

3. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა ---------- შპს „---------------“ გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებისას დადგენილ ერთობლივ შემოსავალს, ვინაიდან მისთვის გაუგებარია შემოსავალში დაფიქსირებული ციფრების წარმომავლობა, რაზე დაყრდნობით გაიანგარიშეს ერთობლივი შემოსავლის ოდენობა 203 334 ლარი და ასევე გაურკვეველია აქტში დაფიქსირებული ბარტერის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობა 57 832 ლარი. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მითუმეტეს, როდესაც აღნიშნული საკითხი არ იყო გავლილი გადამხდელთან ერთად და გადამხდელს არ მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. უცნობია აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გაანგარიშება ფ/ზ ------------- მიმართ საზოგადოების მიერ განხორციელებული ბარტერის დაბეგვრის ნაწილში. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას უშუალო მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

 

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-1000 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 166 223 ლარი და საურავი - 172 984 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი განმარტავს, რომ გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. წინასწარ განზრახული არ ჰქონია გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება და ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი მონაწილეობის გარეშე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.