გადაწყვეტილება №20650/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.12.2023
№ დოკუმენტი 20650/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20650/2/2023

07 .12. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სპს „-----------“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სპს -------ს 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20650/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №067-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20000 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 73 519,33 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 172

დღგ - 11 623

საშემოსავლო გადასახადი - 21 549

ჯარიმა - 14 108

საურავი - 26 239,33

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 27.08.2020 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმდა 1.01.2017 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2020 წლის №067-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №298 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- დაგროვების ბარათის საშუალებით გაცემული თანხის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №2609 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებაზე და შესწავლის/ანალიზის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს და ანგარიშვალდებული პირის სარგებლად განხილული თანხის საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №298 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ განხილულ იქნა №2609 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაგროვების ბარათის საშუალებით ფიზიკურ პირებზე თანხის გაცემა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ფულადი სახსრების გაცემას და იბეგრება მოგების გადასახადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია. არასაკმარისი მტკიცებულებებიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება და დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №067-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2%-ის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და გამოვლენილი სხვაობის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები შემოწმების მიერ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემების მიხედვით ანალოგიურ პროდუქციაზე ფასნამატმა შეადგინა 16%. განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, დაკორექტირდა/შემცირდა შემოწმების პროცესში დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა. გარდა ამისა, ხელახლა გაანგარიშდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის არსებობა და აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც შემცირდა.

აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №067-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებისშედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში მითითებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები და ფასნამატმა შეადგინა 16%. შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, დაკორექტირებული/შემცირებული იქნა შემოწმების პროცესში დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა. გარდა ამისა, თავიდან გაანგარიშდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის არსებობა და აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, შემცირებას დაექვემდებარა დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები. ამასთან, მომჩივანს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასრულად მოხდა დარიცხული თანხების კორექტირება. გადაანგარიშების შედეგად აღმოჩნდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატი (ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოების) და დეკლარირებული ფასნამატი თითქმის იდენტურია (1%-იანი სხვაობა), არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერება საერთოდ არ არსებობს. არაპირდაპირი მეთოდი თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლოა მოხდეს უზუსტობაც. სწორედ ეს უზუსტობაა 1%-იანი სხვაობა. ამდენად კომპანიის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეესაბამებოდა რეალობას და არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერი საფუძველი. უნდა გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თნახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და გამოვლენილი სხვაობის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ანალოგიურ პროდუქციაზე ფასნამატმა შეადგინა 16%. შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, დაკორექტირებული/შემცირებული იქნა შემოწმების პროცესში დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა. გაანგარიშდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის არსებობა და აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები, რაც გათვალისწინებული იქნა და შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 27.08.2020 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმდა 1.01.2017 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2020 წლის №067-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №298 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.შემოსავლების სამსახურის №298 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ განხილულ იქნა №2609 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაგროვების ბარათის საშუალებით ფიზიკურ პირებზე თანხის გაცემა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ფულადი სახსრების გაცემას და იბეგრება მოგების გადასახადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №067-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №6095 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.შემოსავლების სამსახურის №6095 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები შემოწმების მიერ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №067-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №20000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №6095 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“,9 „ბ“); 101(1); 136(1,3) ; 154(1„ა“);